კონტენტზე გადასვლა

იდუმალი მთებით გარშემორტყმული ცაგერი მდინარე ცხენისწყლის ნაპირებზეა გაშენებული. აქაურობას არაერთი მითი და თქმულება უკავშირდება. ცაგერის ტერიტორიაზე მრავლად შეხვდებით ეგზოტიკურ ბუნებრივ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.

ცაგერი - თბილისის გზის მონაკვეთი 318 კმ-ია. ავტომობილით მანძილის დასაფარად 4 საათ-ნახევარი დაგჭირდებათ.

თბილისის დიდუბის ავტოსადგურიდან ცაგერის მმართულებით გადის მიკროავტობუსები.

მიმართულება გასვლის დრო ღირებულება
ცაგერი 09:30 30 ₾

ცაგერის მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, მდინარეების რიონის და ცხენისწყლის აუზებში მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ცაგერი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ლენტეხის, აღმოსავლეთიდან ამბროლაურის, სამხრეთიდან წყალტუბოს, დასავლეთიდან ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.

ახლანდელი ცაგერის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. არქეოლოგიური მასალები, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთები ცაგერის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.

ცაგერი რთული და საინტერესო რელიეფით ხასიათდება. მუნიციპალიტეტი გარშემორტყმულია მთებით, სადაც არაერთ საინტერესო ბუნების ძეგლს გადააწყდებით, მათ შორის გამოქვაბულებსა და მღვიმეებს.

შემორჩენილია 40-ზე მეტი ციხე-სიმაგრისა და ეკლესიის ნაშთები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდით თარიღდება.

ცაგერის ისტორია ანტიკური ხანიდან იწყება, რასაც აქაურ სოფლებში, ნაკურალეში, ზუბში და ზედა ტვიშში აღმოჩენილი ადამიანის ცხოვრების კვალი ადასტურებს. აქ მდებარეობდა ამ მხარის მმართველთა რეზიდენცია და საგვარეულო ციხე-სიმაგრე.

უძველესი დროიდან ამ ტერიტორიაზე გადიოდა საერთაშორისო საქარავნო გზა, რომელიც შავი ზღვისპირა ქალაქებს ჩრდილო კავკასიის ხალხებთან აკავშირებდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი და უიშვიათესი ქართული, კოლხური და სხვა ქვეყნების ნუმიზმატიკური ნიმუშები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მხარის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო ვაჭრობასა და მიმოსვლაში.

1882 წელს უმაღლესი მთავრობის განკარგულებით, გაუქმდა ლაილაშის ქალაქის სტატუსი მის ნაცვლად ქალაქად დამტკიცდა ცაგერი.

80-იან წლებში ცაგერში გაიყვანეს გზატკეცილები, გააშენეს ბაღი, რომელიც დღესაც ამშვენებს ცაგერს და შემორჩენილი აქვს სახელად “ენკელის ბაღი“.

ზამთარი ცაგერში საკმაოდ უხვნალექიანი და მკაცრია. ამიტომ, თუკი კომფორტულად მოგზაურობა გირჩევნიათ, შედარებით თბილი სეზონი აირჩიეთ. იდეალური პერიოდია აპრილი-სექტემბერი. ამ დროს ბუნება გამწვანებულია, ტყეები შემოსილი, ჰაერის ტემპერატურა სასიამოვნო.

რა ვნახოთ ცაგერში ?

ცაგერის ცენტრში და მის შემოგარენგში მნიშვნელოვანი რეკრეაციული, ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ხვამლის მთა, ცაგერის ისტორიული მუზეუმი, მწვანე ტბა, გონის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი, მწვანე თეატრი და ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი.

ცაგერის ულამაზესი ხედებია საირმის სვეტები, ქულბაქის ტბები, რაჩხისა და ჩქუმის ჩანჩქერები.

მწვანე ტბა

შერეული ტყეებით გარშემორტყმულმა მწვანე ტბამ სახელწოდება მისი შეფერილობის გამო მიიღო. ტბის წყალში არეკლილი ტყის პეიზაჟები უსასრულობის შთაბეჭდილებას გიტოვებთ. ტბის გარშემო რამდენიმე ფაცხა დგას, მოწყობილია საცურაო აუზებიც.

წყლის ველოსიპედი, მწვანე ტბა - Pedalo on Green Lake.

გონის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი

X საუკუნით დათარიღებული ეკლესია დარბაზული ტიპისაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩუქურთმებითა და რელიეფებით შემკული ხუთთაღიანი კანკელი, სადაც წმინდანთა სკულპტურული გამოსახულებებია.

გონის წმინდა გიორგის ეკლესია - Gonis Saint George Church.

მწვანე თეატრი

საზაფხულო თეატრი ღია ცის ქვეშ ცაგერის ცენტრში მდებარეობს. თეატრში მოწყობილია ბუხარი. გვერდით ულამაზესი ჩანჩქერი მოედინება, რომელიც ზაფხულობით იქაურობას სასიამოვნოდ აგრილებს.

მწვანე თეატრი - Green Theatre.

ცაგერის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმში დაცულია ადრეული და გვიანი ბრინჯაოს პერიოდის განძი, აღმოსავლური და კოლხური ცულები, ქვის ხანის იარაღები, ნუმიზმატიკის ნიმუშები, XVII-XIX სს-ის საეკლესიო ნივთები და უნიკალური ფოტომასალა ლეჩხუმზე. <

ცაგერის ისტორიული მუზეუმი - Tsageri historical museum.

ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი

ცაგერის ულამაზეს სოფელ ბარდნალაში მდებარეობს გამორჩეული ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი, რომელიც 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამ საუკუნოვან, ხის რიკულებიან ოდაში მწერლის პირადი და მემორიალური ნივთებია დაცული. კედელზე გამოფენილია ლადოსა და მისი ოჯახის ფოტოები, ხელნაწერები, საყვარელი ნივთები და სამუშაო მაგიდა.

ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი - Lado Asatiani House-museum.

კურორტები

ცაგერიდან 20 კმ-ში კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლაშიჭალა მდებარეობს. გარშემორტყმულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით. ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი კოტეჯები და სანატორიუმები.

თუ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში მშვიდად დასვენება გსურთ, კურორტ ახალჭალას ეწვიეთ. აქვე ტყეში ჩაფლული პატარა კოტეჯებია, სადაც სრულად მოწყდებით ქალაქის ხმაურს და სუფთა ჰაერზე, შესანიშნავ გარემოში დაისვენებთ.

აღვის კემპინგი

თუ გსურთ ბოლომდე შეიგრძნოთ ადგილობრივი ატმოსფეროს ხიბლი, შუაგულ ბუნებაში აღვის კემპინგი გთავაზობთ კარვებს და კოტეჯებს მდინარე ცხენისწლის ხედებით, რომლებსაც ელექტრო ენერგია მზის ბატარეებით მიეწოდება. შეგიძლიათ იჯირითოთ ცენებზე მდინარის პირას, დაესწროთ თონის პურის ცხობის მასტერკლასებს და დააგემოვნოთ ნატურალური საკვები: რძე, ყველი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული და ადგილობრივების მიერ დამზადებული ღვინო.

კემპინგს ერთდროულად 50 ვიზიტორის მიღება და გამასპინძლება შეუძლია. შეგიძლიათ თან იქონიოთ საკუთარი კარავი, ან ადგილზე დაიქირაოთ.