თუშეთი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონია, უიშვიათესი და უნიკალური ბუნებით, ტრადიციაებით, არქიტექტურითა და სულისკვეთებით. თუშეთის უძველესი სოფლები, ქვის სახლები და კოშკები თქვენს მოლოდინებს გადააჭარბებს. ხელუხლებელი, ველური პეიზაჟები, ცაში გამოკიდებული მთები და მინდვრები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
თუშეთი მთლიანად კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. თუშეთს საზღვარი ფშავთან, ხევსურეთთან და კახეთთან აქვს.
რეგიონისთვის, ზოგადად, დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი კლიმატი შედარებით მშრალი და ცივი ზამთრით და მოკლე ზაფხულით. კონტინენტური კლიმატი, განსაკუთრებით, დამახასიათებელია თუშეთის აღმოსავლეთი ნაწილისათვის. თუმცა ლოკალური კლიმატური პირობები (განსაკუთრებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა) მნიშვნელოვნად ცვალებადობს რელიეფისა და სიმაღლის მიხედვით.
თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო და ექსტრემალური გზების ტოპ ათეულში შედის. თუშეთში რომ მოხვდეთ, საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელი – აბანოს უღელტეხილი უნდა გადაიაროთ, რომელიც ზღვის დონიდან 2826 მეტრზე მდებარეობს. მისი ტერიტორია მთლიანად დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული და ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიად ითვლება ევროპაში.
ისტორია
ისტორიულ ხანაში თუშეთი პირველად იხსნიება გეოგრაფ პტოლემაიოსის თხზულებაში, მეორე საუკუნეში. თავის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში მას კავკასიის ტომებს შორის მოხსენიებული ჰყავს თუშებიც. გვიან შუასაუკუნეებამდე თუშეთისა და თუშების შესახებ არცთუ ბევრი ისტორიული ცნობა გვხვდება. თუმცა თუშეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნივთები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII-XI საუკუნეებითაა დათარიღებული, გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ადამიანს თუშეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია.
ქართულ მატიანეში თუშეთი პირველად იხსენიება წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევაში, როდესაც მირიან მეფემ (323 წ.) მთიელების გასაქრისტიანებლად გაგზავნა წმ. ნინო ერისთავის თანხლებით.
XV საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს დაცემისა და სამ სამეფოდ გაყოფის ხანაში, კახეთის მეფემ გიორგი I-მა საერისთავოები გააუქმა მოურაობა დააწესა. ამ ცვლილებებს, ეტყობა, თუშეთში უკმაყოფილება გამოუწვევია და გიორგი მეფისაგან ისინი გამდგარან.
მაგრამ ეს განდგომა დიდხანს არ გაგრძელებულა და კახეთის მეფეს ლევან II-ს თუშეთი ისევ შემომუმტკიცებია.
XX საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან თუშებმა კახეთში, ალვანის ველზე დაიწყეს ჩამოსახლება. გაჩნდა ორი დიდი სოფელი – ზემო და ქვემო ალვანი. XX საუკუნის 50-იან წლებში საბჭოთა მთავრობამ საქართველოს მთიანი რეგიონების იძულებითი დაცლა დაიწყო, ამ პერიოდში მრავალი მაღალმთიანი სოფელი დაცარიელდა.
მოსახლეობა მხოლოდ რამდენიმე სოფელს: ომალოს შენაქოს, დიკლოს, კვავლოს და დართლოს შემორჩა.წლის მნიშვნელოვან პერიოდს სამანქანო გზის არარსებობისა და რთული საცხოვრებელი პირობების გამო, თუშეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კახეთში ატარებს, ზაფხულობით კი კვლავ მთაში ბრუნდებიან.
თუშები განსაკუთრებულად აღნიშნავენ ადგილობრივ დღესასწაულებს. მათი აღნიშვნა ადგილობრივი ლუდის, დოღის, კერძებისა და ტრადიციული რეწვის ნიმუშების გარეშე არასოდეს ჩაივლის.
ძველად, თუშეთში მისული სტუმარი სოფლის სიახლოვეს ცხენიდან ჩამოქვეითდებოდა და ვიდრე არ გასცდებოდა სოფელს, ცხენზე არ შეჯდებოდა. ეს წესი დღესაც ცოცხალია და მას გულდასმით იცავენ. სოფელზე ამხედრებული გავლა ტრადიციულ საზოგადოებაში მოძალადე მტერთან იყო ასოცირებული და სოფლის შეურაცხყოფას ნიშნავდა. დღეს ეს ჟესტი სოფლის მიმართ კეთილგანწყობის უსიტყვო გამოხატულებაა.
თუშეთში საშემოდგომო სამუშაოებს წინ უძღვის ზაფხულის საკულტო დღეობების ციკლი – ათნიგენობები, რომელიც იწყება აღდგომიდან მეასე დღეს და ორი კვირა გრძელდება. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ სალოცავში (ჯვარში) გარკვეული თანმიმდევრობით ტარდება კულტმსახურება.
ყოველწლიურად ომალოში “მეცხვარის დღე”, იგივე “თუშეთობა” იმართება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ “ალუდი”, სპეციალურად მოხარშული თუშური ლუდი და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური კერძების მომზადებაში. მოწვეული მომღერლებისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი იმართება და მწყემსებს აჯილდოვებენ.
თუშეთი თავისი მდებარეობის გამო ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტობრივად იზოლირებულია დანარჩენი რეგიონებისგან. თუშეთამდე მისასვლელი გზა, აბანოს უღელტეხილი, გვიანი გაზაფხულიდან ოქტომბრამდე თავისუფალია. სწორედ ამ პერიოდში შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი თუშური მოგზაურობა.
სოფლები და კურორტები თუშეთში
თუშეთის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ თუშეთში?
თუშეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მხარეა, გამორჩეული ბუნებით, იშვიათი ფლორითა და ფაუნით, არქიტექტურითა და პეიზაჟებით. აქ ნახავთ ხელუხლებელ ტყეებს, აყვავილებულ მინდვრებსა და ფერდობებს, ულამაზეს ხეობებს, საიდანაც მთის გრილი და სასიამოვნო ნიავი უბერავს.
თუშეთის სოფლებიდან აუცილებლად მოინახულეთ ომალო, დართლო, დოჭუ და დიკლო. ყოველი მათგანი დამახასიათებელია თავისი სილამაზით, ხედებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.
თუშეთის გამორჩეული კურორტია, თორღვას აბანო, სადაც მინერალური წყლის აბაზანების მიღებასთან ერთად, საუცხოო ხედებითაც დატკბებით.
ისტორიული ძეგლებიდან კესელოსა და დიკლოს ციხეებია შემორჩენილი. ასევე ფიქლით ნაგები უძველესი სახლები და სხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.
კესელოს ციხე
კესელოს ციხე-სოფელი XVIII საუკუნეში აშენდა. კომპლექსი 12 კოშკისგან შედგებოდა. გადმოცემის მიხედვით, შამილისა და ლეკიანობის დროს სოფელი ამ ციხეში იხიზნებოდა და იბრძოდა. ამჟამად შემორჩენილია 6 ციხე-სახლი.
შენაქოს ეკლესია
შენაქოს ეკლესია XIX საუკუნის ძეგლია. იგი “თავისუფალი ჯვრის” ტიპის ნაგებობაა. ნაშენებია ფიქლითა და კირის დუღაბით. ტაძარი სოფელ შენაქოს განაპირას დგას. კარიბჭის დასავლეთ კედელზე დაშენებული ყოფილა გეგმით კვადრატული სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ საფუძველი შემორჩა.
დართლოს ეკლესია
დართლოს დარბაზული ეკლესია ნაგებია ქვიშაქვით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი.
თორღვას აბანო
თორღვას აბანო თუშეთის ტერიტორიაზე მდებარე კურორტია. აქაური მინერალური წყლები, ბუნება, ტყეები და მთის ჰავა სამკურნალოდ და დასასვენებლად საუკეთესო კომბინაციაა. აქაური წყლის სამკურნალო თვისებების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია.
აბანოს უღელტეხილი
აბანოს უღელტეხილი ყველაზე მაღალი სამანქანო გზაა საქართველოში. გზა წლის მხოლოდ ერთ ნახევარშია გახსნილი. მდებარეობიდან გამომდინარე საკმაოდ რთული გასავლელია, თუმცა მოგზაურობისას საოცარ ხედებს, ხეობებსა და დანისლულ მთებს შეხვდებით.
დიკლოს ციხე-სიმაგრე
დიკლოს ციხე-სახლი გვიანი შუა საუკუნეების ძეგლია. სახლი სამ სართულიანია. ნაშნებია და გადახურულია ფიქლით. კედლის ფასადზე ამოკვეთილია სამი ჯვარი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლებში ჩაყოლებულია ორ-ორი თეთრი სამკუთხა ქვა.
თუშეთის ეროვნული პარკი
თუშეთის ეროვნული პარკი სხვადასხვა სირთულის 11 ტურისტული მარშრუტს მოიცავს. ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე და ნიამორებზე დაკვირვების ტურები.
აწუნთას უღელტეხილი
აწუნთის უღელტეხილზე თუშეთიდან ხევსურეთში გადასასვლელი საფეხმავლო გზა გადის. უღელტეხილის მიდამო დაფარულია ალპური მდელოებით. გზად თქვენს თვალწინ იშლება ულამაზესი ხეობები, მთები და ალპური მცენარეული საფარი.
თებულოსმთა
თებულოსმთა აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი წერტილია. ფერდობები დაფარულია მყინვარებით. სიმაღლე 4498 მ. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. შევერცხლილი მთის სურათი საოცარი სანახავია ცისფერი ცისა და კლდოვანი მთების კონტრასტულ ფონზე.
დიკლოსმთა
დიკლოსმთის ფერდობებზე მყინვარი ეშვება. აქვს რელიეფის მყინვარული და ეროზიულფორმებიანი ციცაბო კალთები. ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე თანამედროვე მყინვარებია. განვითარებულია სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.
ხშირად დასმული კითხვები
როგორია თუშეთის გზა?
თუშეთამდე მისასვლელი სამანქანო გზა საკმაოდ რთული გასავლელია. ამისათვის აუცილებლად მაღალი გამავლობის მანქანა და გამოცდილი მძღოლი დაგჭირდებათ. აბანოს უღელტეხილის მონაკვეთი დაახლოებით 72 კილომეტრია და მის გასავლელად საშუალოდ 4 სააათი დაგჭირდებათ.
მაღაზიები თუშეთში
ომალოში რამდენიმე მაღაზიაა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სურსათი, ისე სუვენირები. თუმცა არჩევანი არც თუ ისე დიდია. ამიტომ უმჯობესია, რომ სასურველი პროდუქტები გზად მოიმარაგოთ. გაითვალისწინეთ, რომ თანხა თან იქონიოთ, რადგან მაღაზიებში ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება.
რა დროა საჭირო თუშეთის სანახავად?
თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა სირთულის 1, 2, 3, 4 და 6 დღიან ბილიკებს მოიცავს. გაითვალისწინეთ, რომ თბილისიდან თუშეთამდე 7-8 საათიანი გზა გელოდებათ. ამიტომ ერთი სრული დღე მგზავრობისთვის უნდა გათვალოთ.
რამდენად უსაფრთხოა თუშეთი?
თუშეთში მოგზაურობისთვის აუცილებელია შეარჩიოთ წლის სწორი მონაკვეთი, მაშინ, როდესაც მისასვლელი გზა გაწმენდილი და უსაფრთხოა. ასევე გაითვალისწინეთ ამინდი, რათა აბანოს უღელტეხილზე გართულებები თავიდან აიცილოთ.