კონტენტზე გადასვლა

სამეგრელო საქართველოს ისტორიული კუთხეა, უმშვენიერესი ადმინისტრაციული ცენტრი – ზუგდიდით. საუკუნეების განმავლობაში ოდიშის სამთავროდ წოდებული სამეგრელო მდიდარია კულტურითა და ტრადიციებით, უძველესი ნაქალაქარებით და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებით, ხელუხლებელი ლანდშაფტებითა და ეგზოტიკური მცენარეული საფარით.

სამეგრელოს ჩრდილოეთით ესაზღვრება აფხაზეთი და სვანეთი, აღმოსავლეთით იმერეთი, სამხრეთით გურია, დასავლეთით – შავი ზღვა. რეგიონში ორი ლანდშაფტური ქვეოლქი გამოიყოფა – მთიანი სამეგრელო და ოდიშის ბარი. მთიანი სამეგრელო მოიცავს ეგრისის ქედს და ასხის მასივებს. ოდიშის ბარში შედის: კოლხეთის დაბლობი და ოდიშის ვაკე-დაბლობი.

სამეგრელოში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა გავრცელებული. ვაკე-დაბლობი გამოირჩევა ნოტიო, თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. საშუალო და მაღალმთიანი ზოლისთვის დამახასიათებელია ზომიერად ცივი ჰავა თოვლიანი ზამთრითა და ხანმოკლე ზაფხულით.

სამეგრელო მდინარე რიონის, ცხენისწყლის, ენგურსა და შავ ზღვას შორისაა მოქცეული. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, სამეგრელოში შედის: აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები, ქალაქები – ზუგდიდი და ფოთი.

საქართველოს ეს რეგიონი გამორჩევა მრავალფეროვანი ლანდშაფტით – მთისა და ზღვის ჰავით, კურორტებით, დაბლობებითა და ალპური მდელოებით, კანიონებით და ვულკანური ტბებით.

საქართველოს მასშტაბით, სამეგრელო მეღვინეობის ერთ-ერთ ყველაზე არქაულ კულტურულ კერას წარმოადგენს. ოჯალეში სამეგრელოს მთავარი ჯიშია. საუკეთესო ოჯალეში სალხინოსა და თამაკონის ზონაში იკრიფება.

სამეგრელოს გამორჩეული ადგილი უჭირავს ქვეყნის გასტრონომიულ რუკაზე. მეგრული სულგუნი და ხაჭაპური, ხარჩო, ელარჯი, გებჟალია და სხვა უამრავი კერძი ქართული ტრადიციული სუფრის გამორჩეული წარმომადგენლებია.

შორეულ წარსულში, სამეგრელო “ოქრომრავალი კოლხეთის” შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს ტერიტორიაზე მცხოვრები მეგრელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი ანტიკურ წყაროებში მოხსენიებული კოლხების უშუალო მემკვიდრეები არიან. ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იასონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი უძველესი ქართული მონეტის – კოლხური თეთრის მოჭრა სწორედ აქ დაიწყეს ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან.

ისტორიულად, დღევანდელი სამეგრელო ოდიშის სამთავროდ იხსენიებოდა და ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. პირველი ცნობა ოდიშის ადმინისტრაციული სტატუსის შესახებ XII საუკუნის 80-იანი წლებით თარიღდება. თუმცა, ამ დროისათვის იგი, სულ ცოტა, ოთხი საუკუნე მაინც არსებობდა.

ოდიშის ერისთავები დადიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ. აღსანიშნავია, რომ ოდიშის საერისთავოს ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებდა საზღვაო ვაჭრობა. XIV-XV სს. ოდიშის საერისთავოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან, ტრაპიზონის იმპერიასთან, იტალიურ საზღვაო კოლონიებთან, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან. ოდიშის უმნიშვნელოვანესი ნავსადგური იყო ფოთი, კემხელი (ყულევი), სათამაშია (ტამიში), კელასური, ცხუმი (სოხუმი).

სამეგრელოში ეზო-კარმიდამოს მოვლას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ითვლებოდა, რომ ეზო ოჯახის სახე იყო, ამიტომ ყოველი ოჯახი მის მოვლასა და გალამაზებას დიდ ყურადღებას უთმობდა. ამ წესს დღესაც ზედმიწევნით იცავენ სამეგრელოში.

სახლების ექსტერიერში ხშირად გამოყენებულია სხვადასხვა ორნამენტები და ჩუქურთმები. ასევე ხშირად შეხვდებით ორნამენტიან დაბალ ღობეებს, რომლის მიღმაც კარგად მოჩანს მოსწორებული, ვაკე ეზო. სახლის გვერდით ცალკე ჰქონდათ სამზარეულო, სადაც დროის ძირითად ნაწილს ატარებდნენ.

სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობა მეგრულ ენაზე საუბრობს. მრავალხმიანობით გამოირჩევა მეგრული ხახლური მუსიკა, რომლის სიტყვებიც მეგრულ ენაზე ჟღერდება. მელანქოლიური ტემპი და სევდა ამ სიმღერებს უფრო სასიამოვნო მოსასმენს ხდის. მეგრულ რომანტიკულ სიმღერებს ხშირად ჩონგურის აკომპანიმენტით ასრულებენ. ყველაზე ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა იავნანა ანუ “მეგრული ნანა”.

სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს “კალანდა”ეწოდება. ამ დღისთვის მზადდება ჩიჩილაკი, რომელსაც სადღესასწაულო დანიშნულება აქვს. ახალი წლის სუფრა სამეგრელოში წარმოუდგენელია მეგრული ტრადიციული კერძების გარეშე – საცივი, ხარჩო, ელარჯი, გებჟალია, მეგრული აჯიკა, კუპატი, ასევე მეგრული ხაჭაპური, ჭადი და მრავალი სხვა.

სამეგრელოში მოგზაურობა და მისი ღირსშესანიშნაობების მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. თუმცა მისი საზღვაო კურორტებისა და სამთო ტურების მოწყობა უმჯობესია წელიწადის თბილ სეზონებზე.

როგორია სამეგრელოს ჰავა?

სამეგრელოში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა გავრცელებული. ვაკე-დაბლობი გამოირჩევა ნოტიო, თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. საშუალო და მაღალმთიანი ზოლისთვის დამახასიათებელია ზომიერად ცივი ჰავა თოვლიანი ზამთრითა და ხანმოკლე ზაფხულით.

სამეგრელოს ღირსშესანიშნაობები

ბუნების ძეგლები

ანაკლია

ანაკლია ზღვისპირა კურორტია სამეგრელოში, ქვიშიანი სანაპიროებით და პალმების ხეივნებით. ზაფხულში ანაკლიაში გახსნილია აკვაპარკი წყლის ატრაქციონებით, სანაპიროზე ჩამწკრივებული ბარებითა და კომფორტული სასტუმროებით.

ანაკლია - Anaklia.

ფოთი

ფოთი საინტერესო არქიტექტურის მქონე ქალაქია შავი ზღვის სანაპიროზე. აქ დღემდე შემორჩენილია საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობები. ფოთის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლებია: ღვთიმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი, კოლხური კულტურის მუზეუმი და სხვა.

ფოთის საკათედრო ტაძარი - Poti St. Virgin Cathedral.

ლებარდე

ლებარდე მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია მარტვილის მუნიციპალიტეტში. კურორტის სამკურნალო ფაქტორებია მინერალური წყლები და მთის კლიმატი. ტყის პირას მოწყობილია პატარა კოტეჯები ტურისტებისთვის. იდეალურია ლაშქრობის მოყვარულთათვის.

ლებარდე - Lebarde.

სენაკი

სენაკი სამეგრელოს შუაგულში მდებარეობს, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირზე. ქალაქს შუაში კვეთს პატარა მდინარე ფიცუ. სენაკის მთავარი ღირსშესანიშნაობებია ნოქალაქევი, ნოსირის აბანო, ციხეგოჯი, გოგირდოვანი წყლები და სხვა.

სენაკი - Senaki.

ხობი

ქალაქი ხობი კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის ნაპირზეა გაშენებული. ხობში მდებარეობს ულამაზესი ტბა, პაპანწყვილი. ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლია - ხეთის ციხე-სიიმაგრე, ხობის საეკლესიო კომპლექსი და სამების ეკლესია.

ხობი - Khobi.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი მხარეები ესაზღვრება სამეგრელოს?

სამეგრელოს ჩრდილოეთით ესაზღვრება აფხაზეთი და სვანეთი, აღმოსავლეთით იმერეთი, ხოლო სამხრეთით – გურია.

როგორია სამეგრელოს ჰავა?

სამეგრელოში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა გავრცელებული. ვაკე-დაბლობი გამოირჩევა ნოტიო, თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. საშუალო და მაღალმთიანი ზოლისთვის დამახასიათებელია ზომიერად ცივი ჰავა თოვლიანი ზამთრითა და ხანმოკლე ზაფხულით.