strings.skip_to_content

რაჭის სოფელი ნიკორწმინდა, ამავე სახელწოდების მქონე ტაძრით, ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი სოფელი ულამაზეს ბუნების და ისტორიულ ძეგლებს აერთიანებს, რომლებიც იდეალურია, როგორც ექსტრემალისტი ტურისტებისთვის, ასევე მშვიდი დასვენებისთვის.

თბილისიდან სოფელ ნიკორწმინდამდე მანძილი 257 კილომეტრია და გზის გასავლელად, დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ. ყველაზე მოსახერხებელი მარშრუტია, ჯერ ჩახვიდეთ ამბროლაურში, რომელიც ნიკორწმინდიდან 14 კილომეტრითაა დაშორებული. ამბროლაურიდან ნიკორწმინდის მიმართულებით ყოველდღიურად მოძრაობს კერძო სამარშრუტო ტაქსები.

Რაც შეეხება თბილისი-ამბროლაურის მიმართულებით მგზავრობას, ამისთვის დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ და შეგიძლაით ისარგებლოთ თბილისის ავტოსადგურებიდან გამავალი კერძო მიკროავტობუსებით. ასევე შეგიძლაით იმგზავროთ ნატახტარის აეროპორტიდან, პირდაპირი ფრენით ამბროლაურში, რომელიც კვირაში საშუალოდ ორჯერ, შუადღის პერიოდში ინიშნება და მგზავრობას 30 წუთი სჭირდება.

ნიკორწმინდა, რაჭა-ლეჩხუმში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პატარა სოფელი უნიკალური, მთა-გორიანი ბუნებითა და საინტერესო ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევა. სოფელი რაჭის ქედის კალთაზეა გაშენებული და ამბროლაურიდან დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს.

ნიკორწმინდა საკმაოდ დასახლებული სოფელია, რაც მეტ წილად უნიკალური ბუნებითა და მზარდი ტურისტული ინტერესითაა გამოწვეული. ამასთან, შუა საუკუნეებიდან დღემდე, სოფელი აქტიურად ჩართულია სამეურნეო საქმიანობაში, მათ შორის მევენახეობაში.

ნიკორწმინდა განსაკუთრებით ლამაზი მაისი-ოქტომბრის პერიოდშია. შერეული ტყეები ფერადია, ხოლო ამინდები ლაშქრობისთვის თუ ნიკორწმინდის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად კომფორტული და თბილი.

ნიკორწმინდის ტაძარი

ნიკორწმინდის ტაძარი საქართველოს გამორჩეული ისტორიული ძეგლია. უნიკალური არქიტექტურული ელემენტები, ორიგინალური ჩუქურთმები და უძველესი ფრესკები, ნიკორწმინდას კიდევ უფრო მეტად დიდებულს ხდის.

ისტორია

ნიკორწმინდის ტაძარი 1010-1014 წლებში შენდებოდა. ტაძარს, ბაგრატ მესამის ბრძანებით ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ფეოდალური საქართველოს სამეფოს პირველი მეფე იყო. ნიკორწმინდის ტაძარს იმ პერიოდისთვის რაჭისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამით, რაჭის საერისთავო კულტურული ცენტრი გახდებოდა.

XVI საუკუნეში ტაძრის განახლება მოხდა, რომელსაც 1534 წლის ტაძრისთვის ბოძებული სიგელიც მოწმობს. საუკუნეების მანძილზე, ნიკორწმინდა ბევრი მოგზაურის გამორჩეული ღირსშესანიშნაობა იყო და მის შესახებ ჩანაწერები ბევრი უცხოელი მოგზაურის ხელნაწერებში გვხვდება. დღეს, ნიკორწმინდა ტურისტულად აქტიური ადგილია და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

არქიტექტურა

მასიური ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი, უნიკალური გარე ფასადითა და დეკორაციებით გამოირჩევა. ხუთფასადიანი ეკლესიის კედლებზე, სხვადასხვა რელიგიურად მნიშვნელოვანი ფაქტებია გამოკვეთილი, მათ შორის, ჯვრის ამაღლებისა და მეორედ მოსვლის კომპოზიციები. ჩუქურთმები გათლილი ქვითაა შესრულებული. გუმბათიც ასევე ჩუქურთმებითა და გამოსახულებებით დატვირთულია და 12 სარკმელს მოიცავს. რაც შეეხება ტაძრის კარიბჭეებს, ეს მოგვიანებით დამატებული მიშენებაა, სამრეკლოს მსგავსად, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება.

მოხატულობა

ფასადზე გამოსახული ჩუქურთმების მსგავსად, ნიკორწმინდა უნიკალური ხატწერის ნიმუშებითაც გამოირჩევა. ტაძრის მხატვრობა ორ ფენას მოიცავს. პირველი შესრულებული ტაძრის აგების პერიოდშ, მე-11 საუკუნეში, ხოლო მეორე ფენა, ტაძრის განახლების პერიოდში, მე-16 და მე-17 საუკუნეებში. აქ ნახავთ როგორც რელიგიურ სცენებს, ასევე საერო პირთა პორტრეტებს და სხვადასხვა შინაარსის მქონე წარწერებს. ერთ-ერთი ცნობილი წარწერაა ბაგრატ მესამის მიმართ მიძღვნილი სამადლობელი ტექსტი, სადაც ავტორი მეფესა მის შთამომავლობას ლოცავს.

რა ვნახოთ ნიკორწმინდაში?

ნიკორწმინდაში შეგიძლიათ მოინახულოთ, როგორც გამორჩეული ისტორიული ძეგლები ასევე გასაოცარი, უნიკალური ადგილები ლაშქრობისთვის ან უბრალოდ მშვიდი დასვენებისთვის. სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობა ნიკორწმინდის ტაძარია, რომელიც ქართული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლია. თუ უფრო გასაოცარი შეგრძნებები გინდათ გამოსცადოთ, ამისთვის იდეალურია ეწვიოთ საყინულის მღვიმესა და თხმორის ჩანჩქერს, რომლებიც უნიკალური სილამაზითა ნამდვილად გაგაოცებთ.

ნიკორწმინდის სოფელთან ახლოს, ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ რაჭის ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ცხრაჯვარი, საიდანაც უნიკალური ხედებით ისიამოვნებთ. ამასთან შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი შაორის ტბასთან ან გაეცნოთ რაჭის უძველეს ისტორიას, ხოტევის ციხე-სიმაგრესთან ერთად.

საყინულის მღვიმე

ნიკორწმინდაში მდებარე მღვიმე უნიკალური კლდეში შეჭრილი გამოქვაბულია, სადაც ნახავთ უამრავ სტალაქტიტსა და სტალაგმიტს, რომელთა სიამღლე 8 მეტრს აღწევს. მღვიმეს სახელი მასში არსებული მუდმივი ტემპერატურის გამო დაერქვა. მღვიმეში უცვლელად 0 ცელსიუსია და ის, ასევე მოიცავს ყინულის სტალაქტიტებს და ბუნებრივ ჭას.

მდინარე შარეულას სათავე

მათ ვისაც თავგადასავლები და სუბალპური ბუნება იზიდავთ, მდინარე შარეულა და რაჭის ქედთან არსებული მისი სათავე, გამორჩეული მარშრუტია. მდინარე წყალმცენარეების გამო მწვანე და ყვითელი შეფერილობისაა და მიედინება ულამაზესი, ფოთლოვანი ტყის ხეობაში.

თხმორის ჩანჩქერი

ნიკორწმინდაში, შარეულას ხეობაში მოედინება თხმორის ჩანჩქერი. აქ იდეალურად ერთიანდება ტროპიკული და სუბალპური ფლორა, რომელიც გასაოცარ სილამაზეს ქმნის. სუროსებრი მცენარეებით დაფარული კლდიდან გამომავალი ჩანჩქერი და მისი აუზი, დასვენებისთვის და პიკნიკისთვის იდეალური არჩევანია.

ხოტევის ციხე-კოშკი

ნიკორწმინდასთან ახლოს, ხოტევში აგებული ციხე-კოშკი მე-17 საუკუნით თარიღდება. ციხის სახელს ლეგენდა უკავშირდება, თავადი წულუკიძეების შესახებ. თავდაპირველად, ციხეს თან ჰქონდა გალავანი და შედგებოდა ორი სართულისგან. ის მტრისთვის საკმაოდ რთულად ასაღები იყო. დღეს, კი მხოლოდ ხოტევის ნანგრევებია შემორჩენილი.

პოპულარული სანახაობები