ალავერდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი ტაძარია ქართულ ხუროთმოძღვრებაში. XI საუკუნიდან ტაძარი კახეთის საეპისკოპოსო ცენტრი, ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია და სამეფო სახლის საძვალე იყო. ალაზნის ველზე, თოვლიანი კავკასიონის ფონზე აღმართული მონასტერი კახეთის რეგიონის გამორჩეული სიმბოლოა.
ალავერდის საკათედრო ტაძარი თელავიდან 20 კილომეტრში, ალაზნის ვაკეზეა აღმართული. კომპლექსამდე მიდის სამანქანო გზა, საიდანაც ალაზნის ველისა და დათოვლილი კავკასიონის ხედები იშლება. თელავიდან ალავერდამდე დაახლოებით ნახევარი 20 წუთი დაგჭირდებათ.
როგორ მივიდეთ ალავერდში
თბილისიდან ალავერდამდე მანძილი 105 კილომეტრია. მანქანით დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ.
თუკი საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გსურთ სარგებლობა, თელავისკენ მიკროავტობუსები და ტაქსები ისნისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან გადიან. თელავიდან კი ალავერდამდე ტაქსით გააგრძელებთ გზას. თუმცა თუკი გსურთ კახეთის სხვა ღირსშესანიშნაობებიც მოინახულოთ, უმჯობესია საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდეთ.
მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 10₾
ტაქსის მომსახურება 15₾
ალაზნის მინდვრები განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა აქაური მდელოები ჭრელ-ჭრელი მინდვის ყვავილებით იფარება. შემოდგომით კახეთის ფოთლოვანი ტყეები წითელ-ყვითელ ფერებშია გახვეული, რაც აქაურ ღირსშესანიშნაობებს კიდევ უფრო საუცხოო პეიზაჟად აქცევს.
ალავერდის მონასტრის შესახებ
“ალავერდი” თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და “ღვთისგან ნაბოძებს” ნიშნავს. ალავერდის მონასტერი VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგან. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი. ალავერდის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისაგან შედგება: წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო.
თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ.
არქიტექტურა
წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი
ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარის სიმაღლე გუმბათიანად – 50 მ-ს აღემატება. ტაძრის გეგმას საფუძვლად ჯვარი უდევს. ფასადების მინიმალისტურადაა მორთული, ფართო კედლები მხოლოდ თაღებითა და ნიშებით არის გამოყოფილი.
ალავერდის ტაძრის გალავანი
XVIII საუკუნეში ალავერდის ტაძერს მტრისგან თავდასაცავად გალავანი შემოარტყეს. გალავანში ჩართულია 5 ცილინდრული კოშკი.
ლეგენდა
ალავერდის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ერთხელ ტაძრის სავანესთან ქართველი მონაზონი ქალი ღმერთს თურქების დამარცხებას სთხოვდა. მას თავს თურქი მხედართმთავარი წამოადგა. გაბრაზებულმა სარდალმა მონაზვნის თავზე მახვილი აღმართა და თქვა: ვნახოთ, როგორ გადაგარჩენს შენი ღმერთიო. ამ სიტყვების თქმაზე ხმალშემართული მხედართმთავარი გაშეშდა და შეშინებულმა მონაზვნისაგან დახმარება ითხოვა. მონაზონმა ილოცა და თურქსაც გაშეშებული ხელი კვლავ აუმოძრავდა. მხედართმთავარი და მისი ხელქვეითები გაქრისტიანდნენ. სუფრასთან სხდომისას ერთ ქართველს მისთვის ყანწი მიუწოდებია და თურქულად უთქვამს: “ალლა ვერდი!” (ღმერთმა მოგვცა).
გაქრისტიანებული მხედართმთავარი კახელების გაბნეულ ჯარს ჩაუდგა სათავეში და განდევნა მომხვდური. ის სავანე კი, სადაც მონაზონმა განკურნა, აღადგინა და მთელი ქონება შესწირა. მას შემდეგ ამ ტაძარს ალავერდი ეწოდებაო – ამბობენ.
ტურები
ალავერდის ტურის ფარგლებში შეგიძლიათ მოინახულოთ ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, ქალაქი თელავი და გრემი, ნეკრესი და ყვარლის ტბა. ერთ დღიანი ტურის ფარგლებში დაათვალიერებთ ერეკლე მეორის სასახლეს, ჭავჭავაძეების სახლმუზეუმსა და თელავის ისტორიულ მუზეუმს.
საინტერესო ფაქტები
2007 წლის 24 ოქტომბრიდან ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩნდა იოსებ ალავერდელის საფლავის ნამდვილი ადგილი.
ყოველწლიურად, 27 სექტემბერს, ტაძრის დღესასწაული “ალავერდობა” იმართება.
ჩვენი რჩევები
ტაძრების მონახულებისას, სადაც სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს, გაითვალისწინეთ, რომ შეიმოსოთ შესაბამისი ტანისამოსით. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ადგილზე მოითხოვოთ შემოსაცმელი შარფი.
ტურის დაგეგმვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ამინდის პროგნოზი, რათა მოგზაურობა უფრო სასიამოვნო იყოს და უამინდობამ ხელი არ შეგიშალოთ სხვადასხვა ადგილების მონახულებაში.