მტკვრისა და არაგვის შესართავთან გაშენებული უძველესი ქალაქი მცხეთა განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დატვირთვას ატარებს ქართველებისთვის. ძველად იგი ქართველ მეფეთა სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. თავისი სიწმინდეებითა და მონუმენტებით მცხეთა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული და რელიგიური ცენტრია.მცხეთის საკულტო ნაგებობებიდან გამორჩეულია სვეტიცხოველი, რომელიც შუა საუკუნეების ქრისტიანული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.
თბილისიდან მცხეთაში საკუთარი ავტომობილით დაახლოებით 20 წუთში იქნებით.
დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მცხეთის მიმართულებით გადაადგილდება სამარშრუტო ტაქსები. ბილეთის ღირებულება 2 ლარია.
მესამე ვარიანტი მატარებელია. თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან #12 და #18 მატარებელი გადის. ბილეთის ღირებულება 2 ლარია.
მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი ზღვის დონიდან 480 მეტრზე, თბილისის ჩრდილოეთით, 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
1994 წლიდან მცხეთა ქალაქ-მუზეუმად გამოცხადდა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მცხეთას მეორე იერუსალიმს უწოდებენ, რადგან აქ, სვეტიცხოვლის ტაძარში, დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართი.
ქალაქის მთავარი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა, იგივე მცხეთობა, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს ქალაქში მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან მომლოცველები, ტაძრებში ლოცვა აღევლინება, იმართება გასართობი ღონისძიებები, ქართული ტრადიციული კერძების ფესტივალი და მუსიკალური კონცერტი.
ქალაქსა და მის შემოგარენში არაერთი ციხე-სიმაგრე, ტაძარი და ბუნების ძეგლია, რომლის ნახვაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ ბუნებისა და ისტორიული სანახაობების მოყვარულებს.
მცხეთის ტერიტორია ჯერ კიდევ ძვ.წ III-II ათასწლეულებში ყოფილა დასახლებული. ქალაქი ცნობილ აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა, ამიტომ იგი რეგიონის კულტურული და სავაჭრო ცენტრიც იყო.
ლეგენდის მიხედვით ქალაქი დააარსა ერთნარქმა მცხეთოსმა ძვ.წ. აღ-ის I ათასწლეულში. ძვ.წ. IV საუკუნეში მეფე ფარნავაზმა მცხეთა დედაქალად გამოაცხადა. 8 საუკუნის განმავლობაში იგი სატახტო ქალაქის სტატუსს ინარჩუნებდა. დედაქალაქის თბილისში გადასვლის შემდეგ კი კულტურულ და რელიგიურ ცენტრად ყალიბდება.
ჩვენი წ. აღ-ის IV საუკუნის დასაწყისში, მცხეთაში ქრისტიანობა იქადაგა წმ. ნინომ. მეფე მირიან III და დედოფალი ნანა გაქრისტიანდნენ და შესაბამისად, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ გარემოებითაა განპირობებული ის ფაქტი, რომ ქალაქში მრავლადაა საეკლესიო ნაგებობები.
VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსული 13 ასურელი მამათაგან სამნი – იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და იასე წილკნელი მცხეთის სიახლოვეს დამკვიდრნენ. მათი დამსახურებაა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამი დიდი სამონასტრო კომპლექსი, სადაც VI საუკუნიდან მოყოლებული არასდროს განელებულა სამონასტრო ცხოვრება.
მცხეთა მდინარეების, მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.
მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით საგარეჯოს, დასავლეთით – კასპის, ჩრდილოეთით – დუშეთისა და თიანეთის, სამხრეთით გარდაბნისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტები და ქალაქი თბილისი ესაზღვრება.
მცხეთა მოქცეულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში. მუხრან-საგურამოს ვაკეზე ჰავა ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. მთის ქედებზე კი ჰავა შედარებით გრილია. საშუალო მთის ზონაში კლიმატი ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული.
მცხეთის ღირსშესანიშნაობების მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. აქაური ბუნება განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა მთები ამწვანებულია. შემოდგომით ქალაქი წითელ-ყვითელ ფოთლებში ეხვევა. ადრეულ შემოდგომაზე ქალაქში თბილა და ფეხით სასიარულოდ იდეალური ტემპერატურაა.
მცხეთის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ მცხეთაში?
მცხეთის ისტორიული ნაწილი და სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტთა მთავარი თავშეყრის ადგილია. ქალაქის განახლება და რეაბილიტაცია 2008 წელს დაიწყო. მოწესრიგდა შენობების არქიტექტურული სახე, ქუჩები ქვაფენილით დაიფარა, ხოლო ღობეები ქვის, აგურისა და ხის მასალით ხელახლა აშენდა. განახლებული ქალაქის იერსახე ხაზს უსვამს მცხეთის სიძველესა და ისტორიულ წარსულს. ამით დამთვალიერებლებს მისი ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო უმძაფრებს. მცხეთას ისე ვერ ჩაუვლით, ჯვრის მონასტრისა და სვეტიცხოვლის ტაძრებს რომ არ მოჰკრათ თვალი. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვან მთაზე აგებულ ჯვრის მონასტერს ჯვრის ფორმა აქვს, რაც იშვიათობაა ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში.
სვეტიცხოველი ისტორიულ ტაძართაგან ყველაზე დიდი ნაგებობაა საქართველოში. ხოხბის ყელისფერი სვეტიცხოველი ქალაქის ნამდვილი სამშვენისია.
მცხეთაში და მის შემოგარენში აუცილებლად სანახავი ადგილების ჩამონათვალში შედის შიომღვიმისა და სამთავროს მონასტრები, ქსნის, ნიჩბისის, არმაზისა და ბებრისციხე, ზედაზენი და პომპეუსის ხიდი.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
სვეტიცხოველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლი და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარია. ტაძრის სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას, რის მიხედვითაც, ქრისტეს კვართის დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილას ამოსულა კვიპაროსი, იგი მოუჭრიათ და მისი სვეტებისაგან აუგიათ ტაძარი.
ჯვრის მონასტერი
მცხეთას აღმოსავლეთიდან დაჰყურებს ჯვრის მონასტერი. იგი VI საუკუნით თარიღდება. მის კედლებზე არსებული ასომთავრული წარწერები, ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერების შემდეგ, ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშია.
სამთავროს მონასტერი
სამთავროს მონასტერი და მის გარშემო გაშენებული ბაღი ნამდვილ წალკოტს მოგაგონებთ. ძველად აქ სამეფო ბაღი ყოფილა და მონასტრის დედები დღემდე განსაკუთრებულად უვლიან ეზოს.
ტაძარში დაკრძალულნი არიან ქართველთა პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა.
ბებრისციხე
ბებრისციხე შუა საუკუნეებით თარიღდება. აქედან ხელისგულივით მოსჩანს მტკვარი და არაგვი, მცხეთა, ჯვარი და სვეტიცხოველი. შემორჩენილია ციხის ციტადელი და მის კუთხეებში აშენებული კოშკები.
ამ ციხეში გარდაცვლილა დავით აღმაშენებლის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე დემეტრე I, რომელიც შემდეგ გელათში გადაასვენეს.
პომპეუსის ხიდი
მცხეთაში რომაელების მიერ მდინარე მტკვარზე აგებული პომპეუსის ხიდი დღემდე შენარჩუნებულია. ხიდის ისტორია 2 300 წლის წინ იწყება. ხიდს ახლა კაშხალში დაგუბებული წყალი ფარავს. იშვიათად, როდესაც წყლის დონე საცავში მცირდება, ხიდი ზედაპირზე რჩება და მისი დანახვა შესაძლებელია.
მცხეთის ანტიოქია
მცხეთის ანტიოქია IV-V საუკუნეებშია აგებული ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ძეგლია საქართველოში. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს პირველმოწამე სტეფანეს სახელობის დედათა მონასტერი, რომლის მსახურებიც სიამოვნებით გაგაცნობენ ტაძრის ისტორიას.
ამჟამად „ანტიოქია“ აღდგენილი და ახლად მოხატულია.
შიომღვიმის მონასტერი
შიომღვიმის მონასტრის სახელი ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, შიოს უკავშირდება. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა შიოს 12 მ სიღრმის მღვიმეში გაუტარებია და სწორედ აქედან მომდინარეობს მონასტრის სახელი - „შიოს მღვიმე“. იგი დაკრძალულია მონასტრის ტერიტორიაზე. შიოს სასაფლაო-ეკლესია წმინდა ადგილადაა შერაცხული.
ზედაზნის მონასტერი
ზედაზნის მონასტერი იოანე ზედაზნელს დაუარსებია VI საუკუნეში. მანამდე აქ ზადენის კერპი მდგარა და სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს მთის სახელიც. დღეს აქ სამონასტრო კომპლექსია - ბაზილიკა, კარიბჭე-სამრეკლო და გალავანი. მათგან ყველაზე ძველში, VIII საუკუნის ნათლისმცემლის სამნავიან ბაზილიკაში დაკრძალულია იოანე ზედაზნელი.
არმაზის ციხე
არმაზის ციხე XIII-XV საუკუნეებით თარიღდება. ციხე გალავნისა და კოშკისაგან შედგება. მისი სიმაღლიდან არმაზის ხეობის, მთებისა და მცხეთის მიმდებარე ტერიტორიის თვალუწვდენელი ხედი იშლება.
არმაზის მონასტერი
არმაზის ღვთისმშობლის მონასტერი მთებს შორის აუგიათ XII საუკუნის მეორე ნახევარში. კომპლექსი ეკლესიას, საძვალესა და სამრეკლოს მოიცავს. ეკლესიის თავდაპირველი მოხატულობის კვალი შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე.
ნიჩბისის ციხე
ნიჩბისის ციხე XVII საუკუნის ციხე-დარბაზია სოფელ ქვემო ნიჩბისში. დარბაზი ციციშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა. კომპლექსი შედგება სასახლის, საცხოვრებელი კოშკის, აბანოსა და გალავნისაგან.
ქსნის ციხე
ქსნის ციხე სარკინეთის მთაზე, მდინარე ქსნისა და მტკვრის შესართავთან XVI საუკუნეში ააგეს. მისი ტერიტორიიდან ხელისგულივით მოსჩანს ამ ორი მდინარის ხეობა. ერთ-ერთი კოშკის ძირში შემორჩენილია წყალსაცავი და მარანი, 15 ქვევრით.
ხშირად დასმული კითხვები
როდის დაარსდა მცხეთა?
ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება “მცხეთა” წარმოდგება მესხთა (მოსხები – მუშქები) ტომის სახელიდან. მათი სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო.
რომელი მდინარეები უერთდება მცხეთას?
მცხეთა მდინარეების, მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობს. ქალაქი მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული.