შატილი საქართველოს უნიკალური სოფელია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. გამორჩეული არქიტექტურის მქონე სოფელი, ტურისტებს გასაოცარი ბუნებითაც იზიდავს. თუშეთ–ხევსურეთის მთა–გორიანი ხედები, უძველეს ისტორიასთან ერთად, შატილს კიდევ უფრო ბრწყინვალე ძელგად აქცევს.
თბილისიდან შატილი 147 კილომეტრში მდებარეობს და კერძო მანქანით მგზავრობისთვის დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ. თბილისის ავტოსადგურებიდან შატილის მიმართულებით, კერძო მიკროავტობუსები არარეგულარული გრაფიკით ინიშნება. დიდუბის ისევე როგორც ნავთლუღის ავტოსადგურიდან შატილის მიმართულებით კვირაში საშუალოდ 2–ჯერ ინიშნება სამარშრუტო ტაქსები და მგზავრობის დრო დაახლოებთ 3 საათია.
ქართული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლი, სოფელი შატილი, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე არღუნის ნაპირებზე გაშენებული სოფელი, სავარაუდოდ შუა საუკუნეებით თარიღდება. ტერასული განლაგების სოფელში აქტიური ცხოვრება სავარაუდოდ მე–18 საუკუნემდე მიმდინარეობდა, თუმცა დღეს სოფელი დაცარიელებულია, და ტურისტებისთვის ერთ–ერთ პოპულარულ დანიშნულებას წარმოადგენს.
შატილის ციხე–სოფლის მთავარი ხიბლი, მის ისტორიულ დანიშნულებასა და არქიტექტურულ ელემენტებშია, რომლებიც მთა–გორიან ბუნებასთან და პირიქითა ხევსურეთის მწვერვალებთან ერთად, კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას ანიჭებს შატილს. სოფელი შატილი არა მარტო ციხე–კოშკების გამოა ცნობილი, არამედ მასთან მდებარე გასაოცარი ბუნებისა და ისტორიული ძეგლებით. წლიურად, შატილი უფრო და უფრო მეტ ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორს იზიდავს. სოფლის უნიკალურობის გამო, მისი რესტავრაცია 1970–იან წლებში დაიწყო და დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შატილის სოფელზე ზუსტი ისტორიული ცნობები საკმაოდ მცირეა და აშენების ზუსტი თარიღი დაუდგენელია, თუმცა ნავარაუდებია, რომ შუა საუკუნეებში აიგო. მიუვალ კლდეზე აშენებულ სოფელს, უდიდესი ისტორიული დანიშნულება ჰქონდა. საუკუნეთა განმავლობაში, სოფელი მთავარი სადარაჯო ადგილი იყო ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს შორის და ითვლებოდა შატილის თემის ცენტრად.
დღეს შემორჩენილი საცხოვრებელი სახლები სავარაუდოდ, მე–17 და მე–18 საუკუნით თარიღდება. უნიკალური არქიტექტურული მახასიათებლების გამო, შატილის აქტიური რესტავრაცია 1970–იან წლებში დაიწყო და 2007 წლიდან, ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.
პირიქითა ხევსურეთში, არღუნის ხეობაში გაშენებული სოფელი, ტერასული განლაგებისაა და მოიცავს, როგორც საყოფაცხოვრებო შენობებს, ასევე ისტორიული დანიშნულების ნაგებობებსაც. მთავარი სამშენებლო მასალა ნატეხი ქვა, ფიქალი და რიყის ქვაა. თითოეული შენობა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და მათი განლაგება ტერასულია.
სახურავები ბანის ტიპისაა. სოფელი ასევე მოიცავს კოშკურ სახლებს. ტერასები ერთმანეთს ვიწრო ბილიკებითა და კიბეებით უკაშირდება. სოფელში მრავლადაა ღია და დახურული აივნები. შატილის არქიტექტურის უნიკალურობა, მის გასაოცარ განლაგებაშია, რომელიც იმ პერიოდისთვის უჩვეულოთ გეგმაზომიერია. შატილის შენობების ნაწილი, ბევრად ადრეული პერიოდით თარიღდება, ხოლო ნაწილი, მე–18 საუკუნით. სოფელში ასევე იყო სპეციალური ქუჩა პირუტყვის გადაადგილებისთვის, სანიაღვრე ვიწრო ქუჩები და ქვითკირის გალავანი.
რაც შეეხება შატილის საცხოვრებელ სახლებს, ქვითკირის ოთხ და ხუთ სართულიანი სახლები მოიცავდა გომურებს, საცხვარებს, საცხოვრებლებს და თავდაცვითი დანიშნულების კოშკურებს. შატილში ასევე შეხვდებით კალოიან სახლებს და საფეხვნო ნაგებობებს, სპეციალურ შენობებს საქონლისთვის, სალუდე ნაგებობებს და სამრეველო ოთახებს, რომლებიც მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი.
შატილი მთიან რეგიონში მდებარეობს. იმისთვის, რომ იმოგზაუროთ კომფორტულად, ისიამოვნოთ შატილის ღირსშესანიშნაობებით და ულამაზესი ბუნებით, საუკეთესო პერიოდი მოსანაუხლებლად ზაფხულია.
შატილის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ შატილში?
შატილი უნიკალური სოფელია არა მარტო გასაოცარი განლაგების არქიტექტურული ძეგლების გამო, არამედ უძველესი ისტორიული ძეგლებითა და გამორჩეული ბუნების ღირსშესანიშნაობებით.
ტურისტებისთვის საყვარელი ღირსშესანიშნაობაა კოშკები და ციხე–სახლები, თუმცა სოფელთან ახლოს მდებარეობს ქაჩუს ციხე და კისტანის ციხე, რომლებიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ. მათ, ვისაც ლაშქრობა და საქართველოს მთიანი ბუნების აღმოჩენა გსურთ, უნდა მოინახულოთ ფშავ–ხევსურეთის ეროვნული პარკი და ლურჯი მთები, რომლებიც დაუვიწყარ თავგადასავლებს გაჩუქებთ.
ციხე–სახლები
შატილის ციხე–სახლები სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. შატილი ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით, რომელიც ყველა ვიზიტორს იდეალურად აჩვენებს ძველ ყოფასა და მთის ტრადიციებს. ქვისგან ნაგები, ბანიანი სახლები, სოფელში ერთმანეთთან ახლოს, ტერასული განლაგებითაა აშენებული და 4–5 სართულს მოიცავს.
კოშკები
შატილის საცხოვრებელი შენობების ნაწილი კოშკის ტიპისაა. განსხვავებით სხვა ტიპის საცხოვრებლებისგან, აქ მეტი სართული და ოთახი იყო. კოშკები ძირითადად სამეთვალყურეო დანიშნულების იყო და სახლების მსგავსად, ნათალი ქვით იყო აშენებული.
ქაჩუს ციხე
შატილთან ახლოს, 1.5 კილომეტრში მდებარეობს ქაჩუს ციხე, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება. მიუვალი კლდის თავზე აშენებული ციხე, ოთხი ნაწილისგან შედგება და მას უდიდესი თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა მთის სოფლებისთვის. ციხე ფიქალითაა აშენებული.
დათვისჯვრის უღელტეხილი
შატილთან ახლოს, კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე მდებარე დათვიჯვრის უღელტეხილი განსაკუთრებით მოლაშქრეებს იზიდავს. უღელტეხილი გასაოცარი, გაშლილი ხედებითა და უნიკალური სუბალპური მცენარეული საფარით გამოირჩევა.
ლებაისკარის თამარისძეთ კვითკირი
შატილის გზაზე მდებარე ეს კოშკი შუა საუკუნეებშია აგებული და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა. ხუთსართულიან კოშკს კონუსისებრი სახურავი – კამარა და ოთხი, პატარა აივანი ამშვენებს. ცნობების თანახმად, კოშკი საცხოვრებელ ციხე–სახლს წარმოადგენდა.
კისტანის ციხე
კისტანის ციხე, სოფელ კისტანში მდებარეობს, რომელიც შატილის თემში შემავალი ერთ–ერთი სოფელია. მდინარე არღუნის სანაპიროზე გაშენებული ციხე, შატილისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა. ფიქალით ნაგები ციხე რამდენიმე კოშკსა და უბანს მოიცავს. ციხე ფიქალით და ქვითკირითაა აგებული.
ფშავ–ხევსურეთის ეროვნული პარკი
ვისაც მთა და სუბალპური ბუნება იზიდავთ, მათთვის ფშავ–ხევსურეთის ეროვნული პარკი იდეალური არჩევანია. აქ ვიზიტორები არა მარტო ულამაზეს ბუნების ძეგლებს, არამედ ბევრი ისტორიულ–კულტურულ ძეგლებს მოინახულებენ. პარკში ხელმისაწვდომია ავტოტურები, საფეხმავლო, საცხენოსნო და კულტურული ტურები.
ლურჯი მთები
მდინარე არღუნის სანაპიროზე მდებარე ლურჯი მთები შატილის გამორჩეული ბუნების ძეგლია. კლდოვანი რელიეფის და არაერთგვაროვანი მწვერვალების მქონე მთები, შემადგენელი ქანების გამო მოლურჯო ფერისაა და განსაკუთრებული სილამაზის მქონეა. მთის ქანები სვეტების ფორმას იმეორებს, რაც ლურჯ მთებს კიდევ უფრო გასაოცარს ხდის.
ანატორი
ანატორის ნასოფლარი შატილთან ახლოს მდებარეობს. კლდოვან მთაზე აღმოჩენილი არქეოლოგიურ–არქიტექტურული ძეგლი XI-XV საუკუნეებით თარიღდება. ანატორი მეტ წილად ფიქლითა და ტალახითაა ნაგები. ნასოფლარი მოიცავს მიწისქვეშა სამარხებსაც, სადაც სამარხები, გარეულ ცხოველთა ძვლები და ლითონის სამკაულები იქნა აღმოჩენილი.
მუცოს ციხის კომპლექსი
მუცოს ციხე–სოფელი შატილთან ახლოს, არდოტის წყლის ხეობაში მდებარეობს. სოფელი დიდი ხანია გაუკაცრიელდა. დღეს, აქ შემორჩენილია 40–მდე საცხოვრებელი ნაგებობა, საბრძოლო ციხე–კოშკები და სხვადასხვა დანიშნულების ოთახები. შატილის მსგავსად, მუცოს სოფელიც ტერასული განლაგებისაა.
ხშირად დასმული კითხვები
ზღვის დონიდან, რა სიმაღლეზე მდებარეობს შატილი?
შატილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.