strings.skip_to_content

დადიანების სასახლე სამეგრელოს უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა. საქართველოში შემორჩენილი მცირე რაოდენობის სასახლეებიდან, ოდიშის მთავრების რეზიდენცია ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი სანახაობაა თავისი მრავალფეროვანი ექსპონატებით, უძველესი ნივთებითა და არქიტექტურით.

სასახლეში დაცულია უიშვიათესი ნივთები: ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ბრინჯაოს ნიღაბი, უნიკალური ავეჯი, მემორიალური ნივთები, ჭურჭელი და სხვა.

ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.

საგამოფენო სივრცე “დადიანები”

ვიზიტორი ბილეთის ფასი
სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები 1 ₾
უფროსები 2 ₾

საგამოფენო სივცრე “საგანძური”

ვიზიტორი ბილეთის ფასი
სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები 1 ₾
უფროსები 5 ₾
გიდის მომსახურება 10 ₾

როგორ მივიდეთ ზუგდიდში?

ავტომობილი

თბილისიდან ზუგდიდამდე საკუთარი ავტომობილით დაახლოებით ხუთი საათი დაგჭირდებათ.

მატარებელი

თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით ყოველდღიურად გადის #870 მატარებელი რკინიგზის სადგურიდან.

მატარებლის # გასვლის დრო ჩასვლის დრო ვაგონის კლასი თანხა
870 08:40 14:40 I კლასი 28 ₾
870 08:40 14:40 II კლასი 16 ₾
870 08:40 14:40 ბიზნესკლასი 43 ₾

დადიანების სასახლის შესახებ

დადიანების სასახლე დედოფლისა და ნიკოსეული სასახლეებისგან, კარის ეკლესიისა და უნიკალური ბოტანიკური ბაღისგან შედგება.

სასახლეში მრავალი იშვიათი ექსპონატია დაცული. წარმოდგენილია კოლხური და ძველბერძნული კულტურის ამსახველი არტეფაქტები, ოქროს უნიკალური ნაკეთობები, დადიანების ოჯახის რელიკვიები და ევროპელი მხატვრების ნამუშევრები.

კოლექციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დადიანის ბიბლიოთეკა, სადაც ათასობით ხელნაწერი, იშვიათი წიგნი და ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი ბიბლიოთეკიდან წამოღებული ტომებიც ინახება.

მუზეუმში მრავალი სხვა საინტერესო ექსპონატია, რომლებიც დადიანების ოჯახმა წლების მანძილზე შეაგროვა. ესაა ნივთები, რომლებიც ჩინეთისა და იაპონიის საიმპერატორო ოჯახებს ეკუთვნოდა; ნივთები რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების არისტოკრატიული ოჯახებიდან; და, ასევე, დავით დადიანის მონეტების კოლექცია, რომელშიც შედის იშვიათი მონეტები ანტიკური რომიდან და საბერძნეთიდან.

ისტორია

დადიანების სასახლის ისტორია XVII საუუნიდან იწყება და ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანის სახელს უკავშირდება. დადიანებს სამეგრელოში რამდენიმე რეზიდენცია ჰქონდათ, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული ზუგდიდისა იყო. კომპლექსი მოიცავს დედოფლისა და ნიკოსეულ სასახლეებს, მთავრისეული ტაძარსა და სასახლის გარშემო გაშენებულ ბაღს. დედოფლისეულ სასახლეს რეკონსტრუქცია XIX საუკუნის 60-იან წლებში გერმანელმა არქიტექტორმა რაისმა ჩაუტარა, ხოლო ნიკო დადიანის ორსართულიანი სასახლე XIX საუკუნის 80-იან წლებში რუსმა არქიტექტორმა ვასილევმა ააშენა. სასახლის გარშემო გაშენებული ბაღი ამიერკავკასიაში საუკეთესო ყვავილნარებით, გაზონებით, ხელოვნური პეიზაჟებითა და ჭადრების ხეივნებით, ფრანგული სიმეტრიული სტილითა და იტალიური განაშენიანების პრინციპით მოეწყო. თესლეული და ნერგები საფრანგეთის ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს. სამწუხაროდ, 1856 წელს ოსმალი სარდლის ბრძანებით ისკანდერ ფაშამ აჩეხა და გააჩანაგა ბაღი, თუმცა ეკატერინე დედოფალს ფარხმალი არ დაუყრია, ბაღი აღადგინა და ძველებური ხიბლიც დაუბრუნა.

არქიტექტურა

ზუგდიდის დედოფლისეული რეზიდენციის მთავარი ფასადი ტიუდორების სტილის თავისებური ინტერპრეტაციაა. შიდა ეზო ქართულისა და ოსმალურის ბრწყინვალე ნაზავია, სადაც ცენტრალური ადგილი ლაზურ აივანს უკავია. სასახლეს ამშვენებს აივანი, რომელსაც უნიკალური ხის ჭერი აქვს, მის შესაქმენლად ათიათასამდე ხის პატარა დეტალია ხელით დამუშავებული და ასეა შექმნილი დაახლოებით ხუთ მეტრიანი მოზაიკა, სადა ცენტრალური ადგილი შვიდკუთხა გეომეტრიულ ფიგურას უჭირავს, მთლიანად აივნის მოზაიკურ გაფორმებაში დაახლოებით 50 ათასამდე ხის პატარა ორნამენტია გამოყენებული, ზუსტად არ არის ცნობილი ვინ არის აივნის არქიტექტორი, თუმცა გადმოცემის მიხედვით, სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს აივნის გასაკეთებლად ლაზეთიდან საუკეთესო ოსტატები მოუწვევია და მათთვის მანამდე არნახული არქიტექტურული ნიმუშის შექმნა დაუვალებია, ყოველი დეტალი თაფლში სხვადასხვა ტემეპრატურაზეა მოხარშული, რითაც მათ სხვადასხვა ფერადოვნება აქვთ მიღებული და ამიტომაც აივნის მოზაიკა უმშვენიერესია სანახავად.

საინტერესო ფაქტები

ზუგდიდში, 15 ივლისს სახალხო დღესასწაული, ვლაქერნობა იმართება. ამ დროს მართლმადიდებელი მომლოცველები, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ზუგდიდში იკრიბებიან. ყოველწლიურად, ამ დღესასწაულზე ღვთისმშობლის სამოსს გამოაბრძანებენ; დანარჩენ დროს იგი ე.წ. ქალწულის კოშკში ინახება.