strings.skip_to_content

მარტვილი ცნობილია თავისი უმშვენიერესი პეიზაჟებითა და ლანდშაფტით. ქალაქი დამთვალიერებლებს ბუნების არაერთ სანახაობასა და ტურისტულ აქტივობას სთავაზობს. მარტვილში სტუმრობისას ოკაცესა და მარტვილის ცნობილი კანიონები უნდა აღმოაჩინოთ, კრისტალურად სუფთა წყლებითა და ჩანჩქერებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამეგრელოს მთავრების ცნობილი საზაფხულო რეზიდენცია მდებარეობს – სალხინო, რომლის თვალწარმტაცი ბუნება ნამდვილად ამართლებს სახელს.

მარტვილი თბილისიდან 278 კილომეტრითაა დაშორებული. მანქანით მარტვილამდე ჩასასვლელად დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ.

დიდუბის ავტოსადგურიდან მარტვილის მიმართულებით გადის სამარშრუტო ტაქსი დილის 08:30 საათზე. მგზავრობის ღირებულებაა 18 ₾.

მატარებლის სადგური მარტვილში არ არის. უახლოესი სადგური აბაშაში მდებარეობს, საიდანაც მარტვილამდე 36 კილომეტრის გავლა მოგიწევთ.

მარტვილი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს და მარტვილის მუნიციპალილეტის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი ოდიშის ვაკეზე, მდინარეების, ნოღელასა და აბაშას შორისაა მოქცეული.

ძველად ქალაქი ცნობილი იყო მისი საგანმანათლებლო, სასულიერო და კულტურული დანიშნულების ძეგლებით, რომელთა ნაწილი დღესაც შემორჩენილია და ვიზიტორთა შორის დიდი ინტერესით სარგებლობს.

თანამედროვე მარტვილის ტურისტული პოტენციალი მისი უნიკალური ბუნების ძეგლებითა და სანახაობებითაა განპირობებული. სწორედ აქ მდებარეობს საქართველოს ცნობილი კანიონები და უმაღლესი ჩანჩქერები, რომელთა მსგავსსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.

მარტვილის ისტორია პირველი საუკუნიდან იწყება, როცა ანდრია პირველწოდებულმა აქ იქადაგა ქრისტიანობა. ამის შემდეგ ისტორიაში მარტვილი მოხსენიებულია მეთორმეტე საუკუნეში, ეს პერიოდი მარტვილისთვის ზეობის და განათლების ხანად მიიჩნევა, რადგანაც ამ პერიოდისთვის აქ დიდი სასულიერო მოღვაწე გიორგი ჭყონდიდელი ცხოვრობდა. აქვე აღიზარდა დავით აღმაშენებელი. ამ საუკუნეებში მარტვილი წარმოადგენდა სრულიად საქართველოს სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრს.

ქალაქის ძველი სახელწოდებაა ჭყონდიდი, რაც კოლხურ “დიდ მუხას” ნიშნავს. 1930 წლიდან გახდა რაიონული ცენტრი. 1936 წლის 19 მარტს ალექსი გეგეჭკორის პატივსაცემად ეწოდა გეგეჭკორი. 1964 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. 1991 წელს კვლავ დაუბრუნდა სახელწოდება მარტვილი.

მარტვილის ღირსშესანიშნაობები წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს დამთვალიერებელს. თუმცა მისი კანიონები და ჩანჩქერები ყველაზე საოცარი სანახავია გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომით.

მარტვილის მოსანახულებლად ეცადეთ შეარჩიოთ მშრალი ამინდი. წვიმიან ამინდში შესაძლოა ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა ვერ მოინახულოთ, მაგალითად ოკაცეს კანიონი.

მარტვილის მუნიციპალიტეტი ოდიშის ვაკეზე მდებარეობს. ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი დაბლობებს უჭირავს. სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული მღვიმეებითა და ჩანჩქერებით. ლებარდეს, ჩექოლასა და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.

მარტვილის მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში ზღვის სუბტროპიკული, საკმაოდ ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. მის დაბლობ ნაწილში იცის რბილი, შედარებით თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული.

რა ვნახოთ მარტვილში?

მარტვილის მუნიციპალიტეტში მრავლადაა ბუნების, ისტორიული და კულტურული ძეგლები. აქაური ჩანჩქერები, მღვიმეები და ტბები არაერთ მოგზაურსა და თავგადასავლების მოყვარულს იზიდავს. ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბალდის, მარტვილისა და ოკაცეს კანიონები, ტობის, ონიორეს, კინჩხასა და კაღუს ჩანჩქერები და სხვა.

ისტორიულად, მარტვილი შუა საუკუნეებში საეპისკოპოსო ცენტრი იყო და საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, აქ არაერთ საინტერესო არქიტექტურის მქონე ტაძარსა და ციხე-სიმაგრეს შეხვდებით. მარტვილის მონასტერი მათგან გამორჩეულია. ასევე ნოჯიხევის ნაეკლესიარი, რომელიც ერთადერთი რვა აფსიდიანი ეკლესიაა საქართველოში.

მარტვილში 1957 წელს გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელშიც ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის ექსპონატებია დაცული. ასევე წარმოდგენილია მდიდარი ნუმიზმატიკური მასალა, ოქროსა და ვერცხლის მონეტები და კოლხური თეთრი.

ჭყონდიდის საყდარი (მარტვილის მონასტერი)

ჭყონდიდის საყდარი, (მარტვილის მონასტერი) მარტვილის ცენტრში, მთის თხემზე მდებარეობს. აქედან იმერეთისა და სამეგრელოს მინდვრების თვალუწვდენელი ხედები იშლება. ტაძარი VII საუკუნეში აშენდა, X საუკუნეში კი გიორგი მეორემ საფუძვლიანად შეაკეთებინა.

მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მარტვილის მხარეთმქცოდნეობის მუზეუმში დაცულია ადრეული ქვისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის მდიდარი არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური მასალა. მუზეუმს აქვს უნიკალური კოლხური ვაზის საკოლექციო ნაკვეთი და ეთნოგრაფიული კუთხე.

აბჰესის ჩანჩქერი

აბჰესის ჩანჩქერი მარტვილის კანიონთან ახლოს, გზის პირას ხელოვნურად მოწყობილი ჩანჩქერია. ჩანჩქერის წყალი მდინარე აბაშას უერთდება. წყალი საკმაოდ ცივია, მაგრამ ზაფხულის დღეებში მასში გაგრილება მაინც სასიამოვნოა.

ბალდის კანიონი

ბალდის კანიონი მდინარე აბაშამ ასხის მასივში გაჭრა. კანიონის სიგრძე 1400 მეტრია. მდინარის გასწვრივ უზარმაზარი ქვები ხავსითაა დაფარული და ულამაზესი სანახავია. მარტვილიდან კანიონამდე მისასვლელად დაახლოებით 20 წუთი დაგჭირდებათ მანქანით.

კაღუს ჩანჩქერი

კაღუს ჩანჩქერი სოფელ პირველ ბალდასთან მდებარეობს მდინარე აბაშის ხეობაში. ხავსმოდებული კლდეებიდან დაშვებული ჩანჩქერი ულამაზესი სანახავია. ჩანჩქერამდე მიდის სამანქანო გზა. ფეხით გასავლელი 300 მეტრიანი მონაკვეთი რჩება, რომელიც საფეხმავლო ხიდსა და ბზის ტყეს მიუყვება.

ონიორეს ჩანჩქერი

ონიორეს ჩანჩქერს მღვიმიდან გამოსული მდინარე ქმნის, რომელიც 67 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. სოფელ მეორე ბალდადან ჩანჩქერამდე 7 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის გავლა მოგიწევთ.

ტობის ჩანჩქერი

ტობის ჩანჩქერი საქართველოს უმაღლესი ჩანჩქერია - 234 მ. ჩანჩქერს კარსტული მღვიმეებიდან გამომავალი მდინარეები ქმნის, რომელიც კასკადურად ეშვება ხავსმოდებულ ქარაფებზე. ჩანჩქერამდე მისასვლელად 4 კილომეტრიანი საფეხმავლო გზის გავლა მოგიწევთ.

ოკაცეს (კინჩხას) დიდი ჩანჩქერი

ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი ასხის მასივის ქარაფებიდან ეშვება და ულამაზეს სანახაობას ქმნის. ჩანჩქერი სამი საფეხურისგან შედგება, ყველაზე მაღალი კასკადის სიმაღლე 70 მეტრია.

სალხინოს დადიანების რეზიდენცია

სალხინოს სასახლე სამეგრელოს მთავრების საზაფხულო რეზიდენცია იყო. კომპლექსი მოიცავს უმშვენიერეს ბაღსა და ხეივნებს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასა და თავად სასახლეს, რომელიც XIX საუკუნეში ააგეს.

ლებარდე

ლებარდე მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. მთის კლიმატი და ნახშირმჟავა მინერალური წყალი კურორტის მთავარი სამკურნალო ფაქტორებია. საკურორტო სეზონი ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს მარტვილი?

“მარტვირი”; “მარტვილი” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “წამებულს”. სხვადასხვა პერიოდის წყაროებში ამ ტერიტორიას სხვადასხვა სახელით იხსენიებენ. მათ შორისაა ასევე “ჭყონდიდი”, რაც კოლხურ “დიდ მუხას” ნიშნავს.