კონტენტზე გადასვლა

ენგურჰესი საქართველოს ახალი ღირსშესანიშნაობაა, ცნობილი როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც პოპულარული ტურისტული ზონაა. ულამაზესი ბუნება, ფერად ტყეში მოქცეული წყალსაცავი და გადასახედი მოედნები განსხვავებულ თავგადასავალს ქმნის, ნებისმიერი მნახველისთვის. საქართველოს ყველაზე ღრმა წყალსაცავში ტურები უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.

ენგურჰესი ქალაქ ჯვართან ახლოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თბილისიდან ენგურჰესი 366 კილომეტრითაა დაშორებული და მანქანით მგზავრობისთვის, დაახლოებით 6 საათი დაგჭირდებათ.

ამიერკავკასიის უდიდესი ჰესი, მდინარე ენგურზეა აშენებული და მოიცავს ხუთი სადგურის კასკადს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აგებული ჰიდროელექტროსადგური ქალაქ ჯვართან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. წყალსაცავის საერთო სიგრძე 30 კილომეტრია და მისი სიღრმე, დაახლოებით 226 მეტრია.

ენგურჰესზე ტურებით სარგებლობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ მუშაობის საათები, რომლებიც სეზონებზე განსხვავებულია. მიღების საათები ასევე განსხვავდება ტურების მიხედვითაც.

საფეხმავლო ტური

სამუშაო დღეები მუშაობის საათები
1 აპრილიდან – 15 ოქტომბრამდე ორშაბათი – შაბათი 09:00 – 19:00
15 ოქტომბრიდან – 1 აპრილამდე კვირა 10:00 – 17:00

მოკლე ტური (30 წუთი)

სამუშაო დღეები მუშაობის საათები
1 აპრილიდან – 15 ოქტომბრამდე ორშაბათი – შაბათი 10:00 – 18:00
15 ოქტომბრიდან – 1 აპრილამდე ორშაბათი – შაბათი 10:30 – 16:30

გრძელი ტური (2 საათი)

სამუშაო დღეები მუშაობის საათები
1 აპრილიდან – 15 ოქტომბრამდე ორშაბათი – შაბათი 10:00 – 17:00
15 ოქტომბრიდან – 1 აპრილამდე ორშაბათი – შაბათი 10:30 – 15:00

ვიზიტის ფასები, არჩეული ტურის ტიპისა და ვიზიტორის ასაკის მიხედვით განსხვავებულია. კონკრეტული ჯგუფებისთვის მოქმედებს შეღავათები. ბილეთის საფასურში შედის ტურის შესაბამისი ყველა აქტივობა, მათ შორის ავტობუსით გადაადგილება და გიდის სერვისით სარგებლობა. გაითვალისწინეთ, რომ გრძელი ტურის არჩევის შემთხვევაში, 6 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოკლე ტურის შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ 4 ბილეთის ყიდვა, რათა ჯგუფი შედგეს, ხოლო გრძელი ტურისთვის მინიმუმ 5 ბილეთის.

ბილეთის კატეგორია ბილეთის საფასური
საფეხმავლო ტური 2 ლარი
საფეხმავლო ტური: შშმპ, პენსიონერები, მოსწავლეები, სტუდენტები 1 ლარი
მოკლე ტური 10 ლარი
გრძელი ტური 20 ლარი
გრძელი ტური: შშმპ, პენსიონერები, მოსწავლები, სტუდენტები 10 ლარი
6 წლამდე ბავშვები და ომის ვეტერანები უფასო

ენგურჰესის მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, მაგრამ თუ ტურით სარგებლობას აპირებთ, უმჯობესია ამინდი თბილი და მზიანი იყოს. ასე ბევრად სასიამოვნო იქნება გადასახედი აივნებით სარგებლობაც და ჰესის დეტალური დათვალიერება. ამ მიზეზების გათვალისწინებით, საუკეთესო პერიოდი ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად მაისი-ოქტომბერია.

ენგურჰესის შესახებ

ენგურის ჰიდროელექტროსადგური, საქართველოს გამორჩეული ინდუსტრიული ძეგლია, რომელიც მდინარე ენგურზეა აგებული. ის დასავლეთ საქართველოს მთავარ წყალსაცავს წარმოადგენს, თუმცა მისი ფუნქციონალური მნიშვნელობის გარდა, ცნობილია როგორც ერთ-ერთი ტურისტულად აქტიური ადგილი, წყალსაცავის და მის ირგვლივ მდებარე ლამაზი ბუნებიდან გამომდინარე. მოგზაურებს აქ შეუძლიათ ისიამოვნონ სხვადასხვა სახის ტურებით, დაათვალიერონ ჰესის შიდა სტრუქტურა და ისიამოვნონ ულამაზესი ხედებით. ჰესს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

გამომდინარე იქიდან, რომ ჰესი აგებულია მთის მდინარეზე, ენგურზე, ჰიდროელექტროსადგური კომპლექსურია და ჰესების კასკადს მოიცავს. ჯამში, ენგურჰესი ხუთ ჰესს: პარის, ტობარის, ხუდონის, ენგურის და გალის ჰესებს აერთიანებს. სადგური უდიდეს როლს თამაშობს დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგებაში.

ავტობუსი ენგურჰესთან - Bus in Enguri dam.
ავტობუსი ენგურჰესთან

ტურები ენგურჰესის ატრაქციაზე

დღეს, ენგურჰესი არა მარტო ინდუსტრიული მნიშვნელობის უდიდესი ობიექტი, არამედ ტურისტული დანიშნულებაა, მათთვის ვისაც იზიდავს მთიანი ბუნება და ორიგინალური სამოგზაურო თავგადასავლები. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, ენგურჰესის ატრაქციის პროექტი, რომლის მიზანია ეს ჰესი ტურისტებისთვის საინტერესო მარშრუტად აქციოს. შესაბამისად, დღეს ვიზიტისას, შესაძლებლობა გაქვთ დეტალურად დაათვალიეროთ ჰესი და მასში შემავალი ობიექტები, მოისმინოთ ინფორმაცია მისი ისტორიისა და როლის შესახებ და ისიამოვნოთ სხვადასხვა ხელმისაწვდომი ტურით.

კონკრეტულად, ენგურჰესზე შეგიძლიათ აირჩიოთ საფეხმავლო, მოკლე და გრძელი ტური.

საფეხმავლო ტურის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მოინახულებთ მთავარ გადასახედ მოედანს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. მოკლე ტურის ფარგლებში კი უფრო დეტალურად გაეცნობით ჰესში შემავალ ისეთ სტრუქტურებს, როგორიცაა წყლის ცირკულირების ეტაპები, წყალმიმღები შენობების დათვალიერება და სხვა. ტური დაახლოებით 30 წუთი გრძელდება.

თუ უფრო მეტი გაინტერესებთ ენგურჰესის შესახებ, მაშინ შეგიძლიათ გრძელი ტური აირჩიოთ, რომელიც 2 საათის მანძილზე გრძელდება და დეტალურად გაცნობთ, ჰესში შემავალ ყველა საინჟინრო კვანძს. აქვე დაათვალიერებთ გვირაბებს, კაშხლის ფარების განყოფილებას და ბევრ საინტერესო სტრუქტურულ ნაწილს.

ენგურის კაშხლის მექანიზმი - Enguri dam mechanism.
ენგურის კაშხლის მექანიზმი

ისტორია

ენგურჰესის მშენებლობის იდეის ისტორია ცნობილ ქართველ მოღვაწეს, ნიკო ნიკოლაძეს უკავშირდება, რომლის სურვილიც იყო საქართველოს ჰიდროელექტრორესურსების ეფექტურად გამოყენება. სწორედ მისი ინიციატივით ჩამოვიდნენ საქართველოში ცნობილი რუსი ინჟინრები, რომლებმაც ჰესისთვის სათანადო მდინარედ ენგური აირჩიეს. იდეა ვერ განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო. პროექტის დაწყება ბევრჯერ სცადეს, როგორც უცხოელმა, ასევე ქართველმა ინჟინრებმა, თუმცა რიგი მიზეზების გამო, 1960 წლამდე ვერ მოხერხდა. 1960 წელს, ენგურჰესის ენერგეტიკული რესურსების სქემის დამუშავება, ხოლო 1961–ში ჰესის მშენებლობა დაიწყო.. იმ დროისთვის, ამ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თან ახლდა უდიდესი სირთულე, გამოწვეული ენგურის რელიეფიდან და ჰესის სიდიდან. ჯვრიდან შავ ზღვამდე გადაჭიმული ჰესის ობიექტის მშენებლობა, 1987 წელს დასრულდა.

ენგურის მდინარე - Enguri river.
მდინარე ენგური

მდინარე ენგური

მდინარე ენგური დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მდინარეა, რომელიც სათავეს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან იღებს და კოლხეთის ბარში, შავ ზღვაში ჩაედინება. მისი აუზის ფართობი 4060 კმ კვადრატია და მოიცავს რამდენიმე შენაკადს, მათ შორის ისეთ ცნობილ მდინარეებს, როგორიცაა ლასილი, ნენსკრა და დოლრაჭალა. ქალაქ ჯვართან, წალენჯიხაში, მდინარე ენგური, სათავიდან განსხვავებით ფართო ხეობას ქმნის და სწორედ ამავე ტერიტორიაზე ის გადის ამიერკავკასიის უდიდეს სადგურს – ენგურჰესს. მდინარე, რომელიც თოვლის, მყინვარის წყლისა და წვიმისგან საზრდოობს, დღეს გამოიყენება, როგორც დასავლეთ საქართველოს მთავარი ჰიდროელექტრო წყარო, რომელიც საათში დაახლოებით, 4430 კვტ.ს ენერგიას გამოიმუშავებს.

საინტერესო ფაქტები

  • ენგურჰესი ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია.

  • ჰესი ხუთი კაშხლის კასკადს წარმოადგენს, რომელთა შემადგენლობაშია: პარის, ტობარის, ხუდონის, ენგურის და გალის ჰესები.

  • ენგურჰესის წლიური საშუალო გამომუშავება 9700 მილიონი კვტ.ს-ია.

  • ენგურჰესმა 1987 წლიდან (ოფიციალური ექსპულატაციის თარიღი) 2008 წლამდე გამოიმუშავა 81.5 მილიარდი კვტ.სთ ენერგია.

  • ენგურჰესის ატრაქციის პროექტის ფარგლებში, იგეგმება ზაფხულობით სანაოსნო ტურები და ვირტუალური ტური გალის კაშხალზე.

  • ენგურჰესის მთავარი კაშხალი, რომელსაც ცის თაღის ფორმა აქვს და ორთაღოვან მრუდს იწოდებენ, მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო თაღოვანი კაშხალი, რომელიც უცხოელი ექსპერტების გაოცებას დღემდე იწვევს.

ჩვენი რჩევები

თუ გსურთ რომ თქვენი ვიზიტი ენგურჰესზე კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახადოთ, აირჩიეთ ზაფხულის პერიოდი და ისარგებლეთ სანაოსნო ტურებით, საიდანაც ულამაზესი ტყიანი მთის ხედებით ისიამოვნებთ.

არ დაგავიწყდეთ ჩაიცვათ კომფორტულად, რადგან ჰესზე ტურები ფიზიკურად აქტიურია და ჰესის სტრუქტურული ნაწილების მონახულება ბევრად მარტივი იქნება, თუ ჩაიცვამთ სპორტულად.