მათთვის, ვისაც მთაში დასვენება უყვარს, შხარას ძირას მდებარე უშგული, უნიკალური ადგილია. თოვლიან მწვერვალებს შორის მოქცეული თემური დასახლება, ყოველწლიურად აქტიურად იზიდავს, როგორც მოლაშქრეებს, ასევე მთამსვლელებს და ზამთრის სპორტის მოყვარულებს. პანორამულ ხედებს, თოვლიან მწვერვალებზე, სვანური კოშკები და უშგულის ულამაზესი ბუნება, კიდევ უფრო მეტ მაგიურობას ანიჭებს.
თბილისიდან უშუალოდ უშგულის მიმართულებით არ ინიშნება მიკროავტობუსები. საუკეთესო გზა თბილისიდან მესტიის მიმართულებით, ხოლო შემდეგ, მესტიიდან უშგულის მიმართულებით მგზავრობაა. თბილისიდან უშგულამდე მანძილი 390 კილომეტრია. მესტიიდან უშგულამდე კი 47 კილომეტრი. საერთო ჯამში, მგზავრობისთვის დაახლოებით 8 საათი დაგჭირდებათ.
უშგული სვანეთის ისტორიულ მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს თემის ტიპის დასახლებაა, რომელიც აერთიანებს ხუთ სოფელს: ჩვიბიანს, მურყმელს, ლამჯურიშის, ჟიბიანს და ჩაჟაშს, რომელიც თემის ცენტრად ითვლება. აღსანიშნავია, ისიც რომ უშგულის ეს სოფელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
უშგულის მთავარი ხიბლი, უნიკალური რელიეფი და მდებარეობაა. გამომდინარე იქიდან, რომ უშგული შხარას მწვერვალთან მდებარეობს, მისი რელიეფი კლდოვანი ზედაპირებით და სუბალპური ფლორით გამოირჩევა. უშგული ცნობილია მთის ულამაზესი პანორამული ხედებით. სანახაობა კიდევ უფრო გასაოცარი ხდება უძველესი სვანური კოშკებისა და ეკლესიების ფონზე. ისტორიული დასახლება იდეალური ადგილია არა მარტო მათთვის, ვისაც სვანეთის უძველესი ისტორია და მთაში, მშვიდი დასვენება იზიდავთ, არამედ მათთვისაც ვისაც უყვარს ლაშქრობა და უნიკალური ბუნების ძეგლების აღმოჩენა.
უშგული უძველესი დროიდანაა დასახლებული, თუმცა მათი თემური ტიპის ყოფა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სვანეთის დანარჩენი რეგიონებისგან. ეს ყოველივე კი მდებარეობის გამო იყო. ძველ დროში, უშგულში მისვლა რთული იყო, რის გამოც რწმენებით თუ შეხედულებებით, უშგულის თემი სპეფიციური მახასიათებლების მქონე იყო. ამავე მიზეზით, უშგულს ბევრი ლეგენდა უკავშირდება, რომელთა შორისაა ლეგენდა დევის ნაშენზე. ეს არის კლდე, რომელსაც ენგურის ხეობა ჩაუკეტავს, რაც სოფლის დატბორვას იწვევდა. უშგულიდან დაძრულმა ვერძებმა კი კლდე გაანგრიეს და სოფელი გადაარჩინეს.
ლეგენდების სიმრავლის ფონზე, ისტორიული ცნობები უშგულზე შედარებით მცირეა. გავრცელებული თეორიის მიხედვით, უშგული უბატონო თემი იყო. ვინც ბატონობას ისურვებდა, მას აჯანყებული მოსახლეობა კლავდა. ცნობების მიხედვით, ამ მიზეზით, უშგულის მოსახლეობამ 7 თავადი მოკლა. 1810 წლამდე უშგული, სვანეთის თავისუფალ ნაწილს წარმოადგენდა. რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, კი ის იმერეთის სამეფოს ტერიტორიას შეურთდა.
უშგულში ტურისტული სეზონია ზაფხული, რადგან ამ დროს ამინდები ლაშქრობისთვის ხელსაყრელი და თბილია. შესაბამისად, უშგულში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი მაისი–სექტემბერია.
უშგულის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ უშგულში?
უშგული აერთიანებს რამდენიმე ბუნების ძეგლსა და უნიკალურ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. აქ, ერთდროულად შეგიძლიათ მოინახულოთ საუკუნოვანი ეკლესიები, უძველესი ფრესკები, გაეცნოთ უნიკალურ სვანურ კულტურას და ამასთან, ისიამოვნოთ ულამაზესი ხედებით, თოვლიან მწვერვალებზე. უშგული ტურისტულად პოპულარული ადგილია მოლაშქრეებისთვის და უცხოელი მოგზაურებისთვის. მათში დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი ბუნების ძეგლები, როგორიცაა ლატფარისა და ზაგაროს უღელტეხილები. შხარას დალაშქვრა, კი მთამსველელებისთვის უშგულში ვიზიტის მთავარი მიზეზია.
უნიკალურ ბუნების ძეგლებთან ერთად, უშგულში შეგიძლიათ სვანეთის და სვანური თემების უძველეს ისტორიასა და ყოფით ტრადიციებს გაეცნოთ. უშგულის ცნობილი ისტორიული ძეგლია ლამარია, ბაზილიკური ტიპის ეკლესია, სვანურ კოშკთან ერთად. უშგულში მოგზაურობისას, კი აუცილებლად უნდა ეწვიოთ უშგულის მუზეუმს, სადაც უნიკალურ ნივთებსა და ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენთ.
შხარა
შხარა საქართველოს უმაღლესი მწვერვალია, რომლის საუკეთესო ხედით ხილვა სწორედ რომ უშგულში შეგიძლიათ. შხარას ძირას მდებარე დასახლებიდან, გასაოცარი ხედები იშლება მწვერვალზე, რომლის სახელიც სვანური ენიდან გამომდინარეობს და ცხრას ნიშნავს. სწორედ ცხრა სხვადასხვა სიმაღლის მწვერვალს აერთიანებს შხარა, რომელთაგანაც ყველაზე მაღალი მყინვარი, 5201 მეტრის სიმაღლისაა.
კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარე შხარას მყინვარი მთამსველელებისთვის ნამდვილი გამოწვევაა. შხარაზე ასვლა პირველად 1888 წელს, შვეიცარელმა ალპინისტებმა განახორციელეს, ხოლო ბოლო 2018 წელს, ქართველმა მთამსვლელებმა, რომლებიც ე.წ ახალი გზის მარშრუტით ავიდნენ შხარაზე.
ენგური
მდინარე ენგური კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან იღებს სათავეს და შავ ზღვაში ჩაედინება. მდინარის სიგრძე 213 კილომეტრია. მდინარეზე ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდროელექტოსადგური - ენგურჰესია აშენებული. წყალსაცავი რამდენიმე სადგურის კასკადს წარმოადგენს და ის, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
ლამარია და მამათა მონასტერი
ლამარია უშგულში მდებარე შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა. ბაზილიკის ტიპის ეკლესიას გარშემორტყმული აქვს გალავანი, რომლის დასავლეთ ნაწილში აგებულია სვანური კოშკი და მცირე დამხმარე შენობები. უშგულის ლამარიაში, ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ეზოში დადგმული ქვის სკამია, რომელზეც გადმოცემის თანახმად უშგულის დაპყრობის მსურველი ფუთა დადეშქელიანი მოსახლეობამ მოკლა.
უღელტეხილი ზაგარო
ზაგაროს არა მარტო გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ გზას, არამედ წარმოადგენს ულამაზეს ბუნების ძეგლს, რომელიც ერთდროულად აერთიანებს მწვანე მდელოებსა და თოვლიანი მწვერვალების პანორამულ ხედებს.
უშგულის მუზეუმი
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი იდეალური ადგილია, იმისთვის, რომ გაეცნოთ სვანეთისა და უშგულის უძველეს ისტორიას და გაიგოთ ბევრი საინტერესო დეტალი. მუზეუმი მეცამეტე საუკუნის საცხოვრებელ ნაგებობაში მდებარეობს და აერთიანებს სამეურნეო, საბრძოლო თუ საკულტო დანიშნულების ნივთებს. აქვე ნახავთ ტრადიციულ სვანურ ავეჯსა და ბევრ სხვა საინტერესო ნივთს.
თამარ მეფის ზამთრის ციხე-სიმაგრე
ლეგენდის თანახმად, თამარ მეფე უშგულს ხშირად სტუმრობდა და აქ ცხენებს აჩერებდა. ხშირი ვიზიტის მიზეზით, კი აიგო თამარის ზამთრის ციხე-სიმაგრე, რომელიც სამი კოშკისგან და გალავნისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი რესტავრაციას საჭიროებს, ნაგებობის დიდი ნაწილი შენარჩუნებულია.
უღელტეხილი ლატფარი
უშგულში, სვანეთის ქედზე მდებარე ლატფარის უღელტეხილის სიმაღლე 2830 მეტრია. ტერიტორია მდინარეების, ვალეეშის და ლამუშურისწყლის სათავეებს მოიცავს. უღელტეხილი აგებულია ქვიშაქვებით და მოლაშქრეების პოპულარულ დანიშნულებას წარმოადგენს. უღელტეხილზე, თოვლიანი მთის ხედებთან ერთად, ერთიანდება უნიკალური სუბალპური ფლორა.