strings.skip_to_content

ციხისძირი ალტერნატიული დასვენების მოყვარულთათვის ნამდვილი აღმოჩენაა აჭარის რეგიონში. ეს პატარა, მყუდრო დასახლება შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 17 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ზაფხულობით აქ მეტად სასიამოვნო სიგრილეა, ვიდრე ბათუმსა და ქობულეთში, ზამთარი კი თბილია.

ციხისძირის მთავარი ღირსშესანიშნაობაა უძველესი პეტრას ციხე-სიმაგრე, ისევე როგორც აქაური ბუნება და ეგზოტიკური პლაჟები.

ზღვისა და მთის უნიკალური ჰავის შერწყმა ციხისძირში დასვენებას განსაკუთრებულს ხდის.

თბილისიდან ციხისძირის მიმართულებით შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლით ან მიკროავტუბუსით.

მიკროავტობუსები დიდუბის ავტო სადგურიდან ყოველ ერთ საათში გადის ბათუმისა და ქობულეთის მიმართულებით. მგზავრობის ღირებულება 35₾-ია.

დაახლოებით 5 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქაროსნული მატარებლით. თბილისიდან გასული მატარებელი ქობულეთის რკინიგზის სადგურზე შეჩერდება.

  • თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის.

  • საღამოს – 17:05 საათზე.

  • ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს.

  • სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე.

რა ვნახოთ ციხისძირში?

ციხისძირი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სუბტროპიკული ტყეები, ველური სანაპიროები და პლაჟები იზიდავს.

ციხისძირის მთავარი ღირსშესანიშნაობა პეტრას ციხეა – ისტორიული ნაგებობა, რომელიც კლდოვან ბორცვზე მდებარეობს.

აქაური პლაჟების აღმოჩენა შეგიძლიათ ნამდვილ თავგადასავლად აქციოთ.

პეტრას ციხე

პეტრას ციხე მისი უძველესი ნანგრევებით, მწვანე ტერასებით, კლდოვანი ფერდობებით და ზღვის ხედებით იზიდავს ტურისტებს. მუზეუმ-ნაკრძალი 7 ჰექტარზეა გაშენებული.

დამალული პლაჟები

ციხისძირში სამი მთავარი პლაჟია – უკიდურესი სამხრეთით, ჩრდილოეთითა და მათ შორის მოქცეული ბამბუკების ცნობილი სანაპიროთი. პლაჟები ერთმანეთს სარკინიგზო ლიანდაგის გასწვრივ არსებული საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება.

ციხისძირის ბამბუკების პლაჟი ყველაზე ცნობილი და სანახაობრივია. ესაა კლდოვანი სანაპირო, შემოსაზღვრული ბანანის მცირე ზომის ბაღითა და ბამბუკის ხეებს შორის მიმავალი ლაბირინთებით. ზღვის პირას მოწყობილია ხის ნაგებობა, რომელზეც შეგიძლიათ დღის მანძილზე ინებივროთ და მზის აბაზანებით ისიამოვნოთ. საღამოობით აქაურობა პატარა ბარად გადაიქცევა, სადაც მუსიკის თანხლებით მრავალფეროვანი კოქტეილებით გაგიმასპინძლდებიან.

პლაჟზე მოხვედრა ყველაზე მარტივად რესტორან “შუქურადან” შეგიძლიათ. რესტორნამდე მისვლა მანქანით შეგიძლიათ, შემდეგ კი კიბეებით დაეშვებით სანაპიროსაკენ.

სამხრეთის პლაჟი სასტუმრო “კასტელო მარე”-დან ბუკნარამდეა გადაჭიმული. სანაპირო ქვიანია. თუკი გყავთ საკუთარი ავტომობილი, უმჯობესია ბუკნარამდე მანქანით გადაადგილდეთ, იქიდან კი მარტივად აღმოჩნდებით პლაჟზე.

ჩრდილოეთით მდებარე კლდოვან სანაპიროზე პეტრას ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიიდან შეგიძლიათ მოხვდეთ. უკეთესი ნავიგაციისთვის უმჯობესია გამოიყენოთ რუკა, რადგან შესაძლოა აქაურმა ვიწრო და დაქსელილმა გზებმა დაგაბნიოთ.

რესტორნები ციხისძირში