strings.skip_to_content

გონიო შავი ზღვის სანაპიროს გამორჩეული კურორტია. კრიალა ზღვა, სანაპიროსთან ახლოს მდებარე მთები, ისტორიული ღირსშესანიშნაობები და მზიანი სანაპიროები საუკეთესოა მათთვის, ვისაც მშვიდი დასვენება და ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნასურს.

გონიოში ბუნების სიმწვანე და შავი ზღვის სილურჯე ერთად განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. კურორტი ბათუმიდან 12 კილომეტრში, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ზაფხულობით აქაური ჰაერი ევკალიპტისა და სუბტროპიკული მცენარეების სურნელითაა გაჯერებული, რაც ბუნებრივ არომათერაპიასა და უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის.

გონიოს პლაჟი ორი ნაწილად იყოფა – ჩრდილოეთ სანაპირო “ველური პლაჟის” სახელითაა ცნობილი, ხოლო სამხრეთით კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობილი სანაპიროებია.

გონიო საკუთარ ისტორიულ წარსულში გამოგზაურებთ თუკი მის მთავარ ღირსშესანიშნაობას, გონიოს ციხეს ეწვევით. ამ ციხეს სხვანაირად აფსაროსის სიმაგრესაც უწოდებენ. ციხის შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტსა და ლეგენდას უფრო დაწვრილებით ქვემოთ გაგაცნობთ.

გონიოდან 2 კილომეტრში კვარიათისა და სარფის მონახულებას შეძლებთ, სადაც მთა კიდევ უფრო უახლოვდება ზღვას. აქ გაშლილ პლაჟებთან ერთად ზღვაში შეჭრილ კლდოვანი ნაპირებსაც შეხვდებით.

თბილისიდან გონიომდე მანქანით დაახლოებით 6-6.5 საათი დაგჭირდებათ. მოგზაურობა შეგიძლიათ დაგეგმოთ მატარებლით.

  • თბილისიდან ბათუმის სადგურამდე დაახლოებით 6 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით. თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის. საღამოს – 17:05 საათზე.

  • ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს. სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე.

  • მესამე ალტერნატივა თვითმფრინავია. ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმამდე სულ რაღაც ერთი საათი დაგჭირდებათ. ფრენის განრიგებისა და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ – https://ticket.vanillasky.ge/ge ბათუმიდან გონიოს მიმართულებით ყოველ ნახევარ საათში გადის მიკრო ავტობუსი ავტო სადგურიდან. ბილეთის ღირებულება 2₾-ია.

საუკეთესო დრო გონიოში დასასვენებლად ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდეა. ივლისსა და აგვისტოში აქ სეზონი პიკს აღწევს.

სექტემბერში გონიოს ზღვა საოცრად წყნარი, სუფთა და სასიამოვნოა. ამ დროს ტურისტების რაოდენობა იკლებს, ამიტომ თუ მშვიდი დასვენების მოყვარული ხართ, ეს პერიოდი იდეალურია.

რა ვნახოთ გონიოში?

გონიო დამსვენებლებს სამი მთავარი უპირატესობის გამო იზიდავს – მზიანი და მოწესრიგებული სანაპირო ზოლი, სუფთა, კამკამა წყალი და მთებთან სიახლოვე. ზღვაზე დასვენებისა და გართობის პარალელურად გონიოში და მის ირგვლივ მრავალფეროვან ტურისტულ სანახაობებს აღმოაჩენთ.

გონიოს სანაპირო

გონიოს სანაპირო ერთ-ერთი საუკეთესოა შავი ზღვის სანაპიროებს შორის. ფართოდ გაშლილი პლაჟიდან თვალისმომჭრელი ხედი იშლება აჭარის ამწვანებულ მთებზე და მასზე შეფენილ სოფლებზე.

სანაპირო მუდმივად მოვლილი, სუფთა და კეთილმოწყობილია. გონიოს პლაჟი აღჭურვილია გამოსაცვლელი და საშხაპე კაბინებით. სანაპიროზე მზის საწოლებისა და ქოლგების დაქირავება შეგიძლიათ. წყლის ატრაქციონების მოყვარულთათვის აქ არის სკუტერები, წყლის ბანანი, ველოსიპედები და პარაშუტით ფრენა. სანაპიროს გასწვრივ მოწყობილია ბულვარი, სადაც შეგიძლიათ ისეირნოთ, ესტუმროთ ღია ბარებსა და კაფეებს, ბავშვებისთვის მოწყობილ გასართობ კუთხეებს, სანაყინეებსა და მრავალ სხვა გასართობს.

მზის ჩასვლის შემდეგ სანაპიროზე გონიოს ღამის ცხოვრება იწყება. სასტუმროებისა და კაფე-რესტორნების უმეტესობა სანაპირო ზოლთან ახლოს მდებარეობს. მუსიკის თანხლებით შეგიძლიათ გაერთოთ და ისიამოვნოთ გემრიელი კოქტეილებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი.

გონიოს სანაპირო.

გონიოს ციხე

გონიოს ციხე გონიო-კვარიათის მთავარ გზაზე, ზღვიდან 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ვიზიტორებს ისტორიული ციხის დათვალიერება და აქ არსებული უძველესი არტეფაქტების მონახულება შეუძლიათ.

გონიოს ციხის ტერიტორიაზე შესაძლებელია საქორწინო ცერემონიების ორგანიზებაც. ამისათვის ისტორიული ძეგლის ადმინისტრაციას შეგიძლიათ შეუთანხმდეთ.

გონიოს ციხის კედლები.
ლორემ იპსუმ დოლორ სიტ ამეტ

გონიოს ჯვარი

გონიოს ჯვარი გონიოდან 5 კილომეტრში, ერთ-ერთი მთის წვერზეა აღმართული. აქედან აჭარის სოფლების, ჭოროხის ხეობისა და ბათუმის საოცარი პანორამული ხედები იშლება. ჯვრამდე მიდის სამანქანო გზა.

გონიოს ჯვარი.

ანდრიას ჩანჩქერი

ანდრიას ჩანჩქერი გონიოდან 6 კილომეტრში, სარფში მდებარეობს. ლეგენდის თანახმად, მთის კალთებს შორის ანკარა, ცივმა წყალმა მაშინ გადმოხეთქა, როდესაც ქრისტეს ერთი-ერთი მოციქული, ანდრია დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დასასვენებლად გაჩერდა.

ჩანჩქერთან წმიდა ანდრიას ქანდაკება და ტახტი დგას, სადაც ტურისტებს ფოტოების გადაღება შეუძლიათ.

ანდრიას ჩანჩქერი.

კვარიათის სანაპირო

კვარიათის სანაპიროდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება როგორც ზღვის, ისე მთის მიმართულებით. სანაპიროზე შეგიძლიათ იქირაოთ საზღვაო აღჭურვილობა, გაერთოთ წყლის ატრაქციონებით და დაკავდეთ დაივინგით ჩაძირული გემების სანახავად.

კვარიათის სანაპირო.

მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი უნიკალური კოლხური ტყეებისა და სახეობების დასაცავად შეიქმნა. პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობები აერთიანებს ისეთ ბუნების, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, როგორიცაა: ტყუპი ჩანჩქერი, მირვეთის ჩანჩქერი, გვარას ციხე და მირვეთის ხიდი.

დამთვალიერებლებისთვის მოწყობილია სამი სამანქანო და საფეხმავლო ბილიკი.

ვიზიტორთა ცენტრი ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში მდებარეობს.

მაჭახელას ეროვნული პარკი.

პარაგლიდინგი გონიოში

გონიო ერთ-ერთი საუკეთესო საფრენი ლოკაციაა პარაგლიდინგის მოყვარულთათვის. მთის ფერდობებიდან ზღვის სანაპიროსაკენ დაშვების დროს საოცარი ხედები გადაგეშლებათ თვალწინ.

ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 10-20 წუთია, ღირებულება 150₾-დან იწყება. დაჯავშნა შეგიძლიათ დისტანციურად.

პარაგლაიდინგი.