თუ ეგზოტიკური ბუნება გიზიდავთ, მაშინ მწვანე კონცხი ნამდვილად მოგეწონებათ. ეს უნიკალური ბუნების ძეგლი საუცხოო პეიზაჟებს და სრულიად სხვა სამყაროში მოგზაურობას გპირდებათ, შთამბეჭდავი სიმწვანით და ხედებით ულამაზეს შავ ზღვაზე.
მწვანე კონცხი ბათუმიდან 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ბათუმიდან მწვანე კონცხამდე ავტომობილით დაახლოებით 15 წუთი დაგჭირდებათ. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით მიმავალი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გაივლიან მწვანე კონცთან ახლოს.
მწვანე კონცხისა და ბოტანიკური ბაღის დასათვალიერებლად საუკეთესო დროა გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.
თუ ზღვაში ბანაობაც გსურთ, მაშინ აქაურ სანაპიროს ივნისი-სექტემბრის პერიოდში უნდა ესტუმროთ.
მწვანე კონცხის შესახებ
მწვანე კონცხი საქართველოს ბუნების გამორჩეული ბუნების ძეგლია თუმცა ბევრმა არ იცის რომ ის ასევე ქალაქ ბათუმის ერთ–ერთ დასახლებას წარმოადგენს. მწვანე კონცხის უბანი ბათუმთან შეერთებამდე წარმოადგენდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელს თუმცა დღეს ის ბათუმის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული უბანია გამომდინარე იქიდან რომ აქ გაშენებულია ულამაზესი მწვანე კონცხი და მასზე ბათუმის უმშვენიერესი ასწლოვანი ბოტანიკური ბაღი.
ადგილობრივები ხშირად მოიხსენიებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს როგორც მწვანე კონცხს, რადგან მათი ტერიტორიებით ერთმანეთს ნაწილობრივ მოიცავს, თუმცა ბათუმის მწვანე კონცხის ისტორია კიდევ უფრო ძველია. აჭარა ცნობილია თავისი უნიკალური ბუნებით თუმცა მწვანე კონცხის სილამაზე მოლოდინს აჭარბებს. ლურჯი და მომწვანო შეფერილობის შავი ზღვის თვალუწვდენელი პეიზაჟი და მწვანე, ეგზოტიკური მცენარეებით დაფარული კონცხი, ქვიან სანაპიროსთან ერთად იდეალურ ადგილს ქმნის როგორც ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის, ასევე მათთვის ვინც მყუდრო და ლამაზ სანაპიროებს ეძებს მზის აბაზანების მისაღებად და საცურაოდ.
რა ვნახოთ მწვანე კონცხზე
მწვანე კონცხი ცნობილია იმით რომ მასზე გაშენებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ეს ბაღი კი ნამდვილი სამოთხეა, სხვადასხვა იშვიათი და ეგზოტიკური მცენარეებით, უამრავი სხვადასხვა კულტურის წარმომჩენი ბაღით, ტურისტული სერვისებით, გასაოცარი გამოფენებით, და საუცხოო პეიზაჟებით. მწვანე კონცხი მოგზაურებში ცნობილია მისი ქვიანი სანაპიროებითაც რომლებიც სუფთა და კომფორტულია. შავი ზღვა აქ კამკამა და მისაღებად ღრმაა რაც ზაფხულში სანაპიროზე დასვენების მოყვარულებს ნამდვილად მოგეწონებათ. ეს ასევე იდეალური ადგილია შთამბეჭდავი ფოტოების გადასაღებად.
მწვანე კონცხის სანაპირო
მწვანე კონცხის სანაპიროზე გასეირნებისას ზღვის გასაოცარ ხედებსა და ამწვანებულ ფერდობებს შორის მოექცევით. კლდოვანი ფერდობები მთლიანად დაფარულია ლიანებითა და ველური ვაზის ფოთლებით. სანაპირო ზოლი ზოგიერთ ადგილას შედარებით განიერია, ზოგგან კი კლდოვანი ნაპირი პირდაპირ ზღვაშია შეჭრილი და მის შემოსავლელად წყლის გადაცურვა მოგიწევთ.
მწვანე კონცხზე ულამაზეს სიმწვანესთან ერთად ბევრ სხვა რამესაც აღმოაჩენთ. მაგალითად, მიტოვებულ დაჟანგულ და ბუნებასთან შერწყმულ საბაგირო გზას. საბაგირო მწვანე კონცხის სარკინიგზო სადგურს, ბოტანიკური ბაღის ზედა ნაწილთან აკავშირებდა და ტურისტებს ბაღში ასვლას უადვილებდა. სანაპირო შედარებით მშვიდი და მყუდროა. შემორჩენილია ზღვაში შეჭრილი პირსის ნაგებობები, რომლებსაც ახლა მეთევზეები ან სიმაღლიდან ხტომის მოყვარულები იყენებენ.
სანაპიროზე რამდენიმე კაფე-ბარია, სადაც ცივი სასმელებისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ მზის ქოლგები და დასაწოლები. მწვანე კონცხის სანაპიროზე მოწყობილია ფასიანი სანაპირო ზოლი. 08:00 – 19:00 საათის მონაკვეთში პლაჟზე შესვლის ღირებულებაა 10 ლარი. ღირებულებაში შედის შეზლონგი, ქოლგა, wc, შხაპი, გამოსაცვლელი, wi-fi, ერთი ნალექიანი ყავა ან წყალი, დასუფთავებული სანაპირო და გემოვნებიანი მუსიკა. შესვლა უფასოა დღის ნებისმიერ მონაკვეთში მათთვის, ვინც აქაური კაფის კერძებსა და სასმელებს დააგემოვნებს.
ხშირად დასმული კითხვები
რა სამკურნალო ფაქტორებით გამოირჩევა მწვანე კონცხის კლიმატი?
ზღვაზე მკურნალობის საუკეთესო ფაქტორად ჰელიოთერაპია ითვლება. მზის სხივებისა და ტროპიკული მცენარეების არომატით გაჯერებული ჰაერი დადებითად მოქმედებს დამსვენებლების ჯანმრთელობაზე, სასუნთქ სისტემებზე და D ვიტამინით ორგანიზმის მომარაგებაზე.