მტირალას ეროვნული პარკი ეკო-ტურიზმით გატაცებული ადამიანებისთვის თავგადასავლებისა და სანახაობების ნამდვილი ატრაქციონია. ეგზოტიკური ბუნება, იშვიათი ფლორა და ფაუნა, ჩანჩქერები, ტბები და სხვადასხვა გასართობები მტირალას პარკში მოგზაურობისას შთაბეჭფილებებით აგავსებს.
თბილისიდან მტირალას ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 377 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 5-6 საათი.
ბათუმიდან ჩაქვამდე 10 კმ (15 წთ ავტომობილით); ჩაქვიდან ვიზიტორთა ცენტრამდე 15 კმ (45 წთ ავტომობილით).
ტურისტულ ზონაში არის ორი კერძო სასტუმრო და ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ერთდროულად რვა ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. ცენტრშივეა კაფეტერია, ვერანდა და საგამოფენო დარბაზი. პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილ კონკრეტულ საკარვე ადგილებში განთავსება ფასიანია.
სერვისები | ღირებულება |
---|---|
საკარვე ადგილი | 5 ლარი (დღე) |
საპიკნიკე ადგილი – ხუთ ადგილიანი | 10 ლარი |
საპიკნიკე ადგილი – ათ ადგილიანი | 15 ლარი |
კარავი და საძილე ტომარა | 15 ლარი |
მტირალას ეროვნული პარკის შესახებ
მტირალას ეროვნული პარკი აჭარაში, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. ადმინისტრაციული შენობა განთავსებულია დაბა ჩაქვში.
მტირალას მთა შავი ზღვიდან წამოსულ ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. ეს ადგილი ქვეყნის ყველაზე ნალექიანი ზონაა. სახელწოდება “მტირალაც“ სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა.
15 ჰექტარზე გაშენებული პარკი სამ ზონადაა დაყოფილი: მკაცრი დაცვის ზონა, სადაც ადამიანების ჩარევა აკრძალულია (გარდა მეცნიერული დაკვირვებებისა, ისიც მხოლოდ შეთანხმებით); ვიზიტორთა ზონა, სადაც ვიზიტორს შეუძლია ბილიკზე გასვლა, ცეცხლის დანთება გამოყოფილ ადგილებში, კარვის გაშლა და პიკნიკის მოწყობა, გასეირნება ველურ ბუნებაში; ტრადიციული გამოყენების ზონა – აქ 12 ოჯახი ცხოვრობს და ეწევა სოფლის მეურნეობას.
ტურები
მტირალას ეროვნული პარკში ფუნქციონირებს 1 და 2 დღიანი ტურები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. გამოყოფილია საპიკნიკე, საკემპინგე და კოცონის დასანთები ადგილები. ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეგიძლიათ დაგეგმოთ სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურები.
სანახაობები
ჩვენი რჩევა
გასვლაზე საჭირო აუცილებელი აღჭურვილობა:
• საძილე ტომარა;
• საგებელი;
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• სამსეზონიანი სალაშქრო კარავი;
• სალაშქრო ზურგჩანთა;
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;
სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• სალაშქრო გაზქურა;
კვება:
თან უნდა იქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 2.0 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.
პარკის ბიომრავალფეროვნება
პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია მცენარეების 284 სახეობა. მასში თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები.
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია კოლხური ტიპის შერეული ტყის საფარი, მარადმწვანე შქერის ბუჩქები, წიფელი, ცაცხვი, წაბლი, კოლხური ჭყორი, კოლხური ბზა და სხვადასხვა ტიპის ლიანები.
მტირალას ეროვნული პარკისთვის დამახასიათებელია ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, რომელიც წარმოდგენილია 95 სახეობით. აღსანიშნავია, რომ პარკში გავრცელებული ცხოველების 23 სახეობა შეტანილია საქართველოს “წითელ ნუსხაში“, ხოლო 9 გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები IUCN-ის “წითელ ნუსხაში“.
ეროვნული პარკში ბინადრობს მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა, შველი, უფრო იშვიათად – გარეული ღორი. ამფიბიებიდან პარკში კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები გვხვდება. აქ სამი სახის ხვლიკი და გველის რამდენიმე სახეობა: ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა ბინადრობს.
მტაცებელი ფრინველებიდან პარკში ბინადრობს ჩია არწივი, ქორი, მიმინო. სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი და სხვა.
ისტორია
მტირალას ეროვნული პარკი დაარსდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2006 წელს.
მტირალას ეროვნული პარკის შექმნის მიზანი იყო კოლხური ტყე-პარკის ხელუხლებლად შენარჩუნება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკო-ტურიზმის განვითარება.