ქობულეთი აჭარაში შავი ზღვის სანაპიროს გამორჩეული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქი ქობულეთი მდებარეობს ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე. მის შემდგანლობაში შედის ქობულეთის ეროვნული პარკი, რომელიც უიშვიათესი ბიომრავალფეროვნების დასაცავად შეიქმნა. ქალაქის ისტორიულ წარსულს ციხესიმაგრე პეტრა ინახავს.
ქობულეთის სანაპირო ზოლი ფიჭვნარითაა დაფარული და მაგნიტურ ქვიშიან პლაჟებთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატსა და დასვენების შესაძლებლობას ქმნის.
თბილისი ქობულეთი მატარებელი
თბილისიდან ქობულეთამდე დაახლოებით 5 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით. თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი მატარებელი ქობულეთის რკინიგზის სადგურზე შეჩერდება.
თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის. საღამოს – 17:05 საათზე.
ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს. სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე.
ქობულეთი ბათუმი ავტობუსი
ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან გადის. მგზავრობის ღირებულება 80 თეთრია.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სამარშრუტო ტაქსებით. მგზავრობის ღირებულება – 3₾
გასვლა – ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან: 09:00 /13:00 /17:00
გასვლა – ბათუმის რკინიგზის სადგურიდან: 11:30 / 15:00 / 18:30 (საბაგირო)
ქობულეთი სასიამოვნოდ გაგაოცებთ, თუკი მის აღმოჩენას გადაწყვეტთ. კურორტი ერთნაირად უმასპინძლებს როგორც შავ ზღვაზე დასვენებისა და გარუჯვის მოყვარულებს, ისე ლაშქრობებითა და ექსპედიციებით გატაცებულ ტურისტებს. ქვიშიანი სანაპიროებიდან თავს პირდაპირ კოლხურ სუბტროპიკულ ტყეებსა და მინდვრებში ამოყოფთ. მოინახულებთ პეტრას ციხის ისტორულ ნაშთებს, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება შავ ზღვაზე.
ქობულეთის სანაპირო ზოლს გასდევს კეთილმოწყობილი ბულვარი, გამწვანებული პარკებით, სათამაშო და გასართობი მოედნებით, საზაფხულო კაფე-ბარებითა და რესტორნებით.
სასტუმროები ძირითადად განლაგებულია ქალაქის ორ მთავარ ქუჩაზე, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად მდებარეობს და ზღვიდან 2-3 წუთის მანძილზეა.
ქობულეთში ზღვაზე დასვენების სეზონი გვიანი ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ზაფხულში ტემპერატურა საშუალოდ +25-დან +30 გრადუსამდე მერყეობს.
სანაპიროს გასწვრივ არსებული მრავალწლოვანი ფიჭვნარი განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის. სწორედ ამიტომ, ქობულეთს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი აქვს. ქობულეთის ჰავა განსაკუთრებით უხდება გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და სასუნთქ სისტემებს.
ქობულეთის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ ქობულეთში?
ქობულეთი ჩასულ სტუმრებს მრავალფეროვან სანახაობებს სთავაზობს. ტურისტებს უმეტესად შავი ზღვის სანაპიროები, ზღვა, გართობა დასვენება და გარუჯვა იზიდავს.
ქობულეთი სამეცნიერო ექსპედიციებითა და ბიომრავალფეროვნების კვლევით დაინტერესებული ტურისტებისთვის ქალაქის სიღრმეში უნიკალურ ლანდშაფტს ინახავს. კინტრიშის ნაკრძალი და ქობულეთის ეროვნული პარკი ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის უიშვიათეს სახეობებს აერთიანებს.
თუკი ისტორიული თავგადასავლები გიზიდავთ აუცილებლად ეწვიეთ ქობულეთის მუზეუმს ქალაქის ცენტრში. არ დაგავიწყეთ პეტრას ციხეს ესტუმროთ. კომპლექსი მოიცავს ციტადელს, გარექალაქსა და ნასახლარს.
ქალაქიდან 15-20 წუთის სავალზე გასართობი და თემატური პარკების მონახულება შეგიძლიათ.
დღისით თავს აქაური ღირსშესანიშნაობებით შეიქცევთ, საღამოს კი შეგიძლიათ ბულვარიდან ან სანაპიროდან მზის ჩასვლის ყურებით ისიამოვნოთ. . ქალაქში მრავლადაა კაფეები, რესტორნები და კლუბები მათთვის, ვისაც აქტიური დასვენების სტილი და ღამის ცხოვრება იზიდავს. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით დაწყებული, საოჯახო ტიპის ჰოსტელებით დამთავრებული – ქობულეთი ნებისმიერ დამსვენებელს უმასპინძლებს.
ქობულეთის ეროვნული პარკი
ქობულეთის ეროვნული პარკი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. პარკი განსაკუთრებით იზიდავს გადამფრენი და წყლის ფრინველების შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს, ვინაიდან აპრილისა და ოქტომბრის თვეებში ეს მიდამოები მათი მნიშვნელოვანი ჰაბიტატია.
კინტრიშის ნაკრძალი
კინტრიშის ნაკრძალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს. აქ არსებული უნიკალური სახეობების დაცვის მიზნით ნაკრძალი სამ ზონად იყოფა: მკაცრი დაცვის, ვიზიტორთა და ტრადიციული გამოყენების ზონებად. გადაადგილება შეიძლება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ბილიკებზე.
პეტრას ციხე
პეტრას ციხე ქობულეთის ცენტრიდან მანქანით 10 წუთის სავალზეა. კლდოვან ბორცვზე აგებულ ციხესიმაგრეს ტერასული რელიეფი აკრავს. ციხესიმაგრიდან საოცარი ხედი იშლება შავი ზღვის სანაპიროზე.
ქობულეთის პლიაჟი
ქობულეთის სანაპირო ზოლის სიგრძე 10 კილომეტრია და საკმაოდ ფართოდაა გაშლილი. პლაჟზე მოწყობილია ქვიშის ფრენბურთის სათამაშო მოედნები. უხვადაა წყლის ატრაქციონები, სკუტერები და წყლის პარაშუტები.
გარუჯვისა და ბანაობის შემდეგ ფიჭვნარ ბულვარში ჩამალულ კაფეებს შეგიძლიათ ესტუმროთ და აქაური სასმელებით გაგრილდეთ.
ციცინათელა
ციცინათელას პარკი განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებში, მაგრამ აქ ყველა ასაკის სტუმრისათვის მოიძებნება გასართობი ატრაქციონი. პარკის ტერიტორიაზე შეგიძლიათ ესტუმროთ იქ განთავსებულ კაფეებსა და საკვებ ობიექტებსაც.
მინიატურების პარკი
მინიატურების პარკი სულ რაღაც 1 საათში საქართველოს ყველა კუთხეში გამოგზაურებთ. აქ თავმოყრილია ქართული ისტორიული ძეგლების საუკეთესო ნიმუშების მინიატურული ანალოგები. პარკის ყოველი ექსპონატი აღფრთოვანებით აგავსებთ.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ცნობილია მისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით. პარკში სტუმრობა ყველა მსურველისთვის უფასოა. აქ შეხვდებით მცენარეთა ენდემურ ჯიშებს და ცხოველთა და ფრინველთა ეგზოტიკურ სახეობებს. აქ გაშენებული ბამბუკების ცნობილი ხეივანი უკვე იქცა ფოტოგრაფიის მოყვარულთა საყვარელ ლოკაციად.
ციხისძირი
ციხისძირის კლდოვანი სანაპირო, მწვანეში ჩაფხული ფერდობები, ლაჟვარდისფერი ზღვის უსასრულო ჰორიზონტი დამსვენებლებს მეტად ეგზოტიკურ გამოცდილებას სთავაზობს. აქ მრავლადაა კომფორტული სასტუმროები და რესტორნები. ციხისძირში სტუმრობისას აუცილებლად მოინახულეთ პეტრას ციხე სიმაგრე და დატკბით შავი ზღვის სანაპიროს თვალუწვდენელი ხედებით.
მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთიდან მანქანით 5 წუთის სავალზეა. სახელი „მტირალა“ მისი უხვნალექიანობისა და მიკროკლიმატის გამო დაერქვა. წლის განმავლობაში აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ წერტილად აქცევს. პარკის სალაშქრო მარშრუტები აღჭურვილია შესაბამისი მანიშნებლებით. აქვეა საპიკნიკე მაგიდები და სივრცეები კემპინგისათვის. მსურველებისთვის ეწყობა საცხენოსნო და ეკო ტურები.