strings.skip_to_content

გონიოს ციხე საქართველოს უძველესი და ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღირსშესანიშნაობაა. თანამედროვეობაში იდეალურადაა წარმოჩენილი, ათასწლეულების ისტორია. ციხე დღემდე აქტიურად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს. ის სრულიად რესტავრირებულია და იდეალურად აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი სახე.

გონიოს ციხე ბათუმიდან დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული. ბათუმის ავტოსადგურებიდან ყოველ 30 წუთში ინიშნება მიკროავტობუსები და ავტობუსები გონიოს ციხის მიმართულებით. კონკრეტულად, შეგიძლიათ ისარგებლოთ N16, N33, N88 სამარშრუტო ტაქსებით.

გონიოს უძველესი ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმიდან 12 კმ-ის დაშორებით, გონიოს კურორტზე მდებარეობს. გეოგრაფიულად, ის აშენებულია ჭოროხის დამშრალ ნაპირთან ახლოს და ზღვის ნაპირიდან 800 მეტრის მანძილზე. სწორედ მდებარეობით და შავი ზღვის სანაპიროს ხშირი ცვლილებით ნავარაუდებია, რომ თავდაპირველად, ციხე სწორედ რომ ზღვის სანაპიროზე იყო აშენებული.

ისტორიული მდებარეობით გონიოს ციხის ტერიტორია ლაზეთის ჩრდილოეთ ნაწილში შედის, რომელიც დღეს, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, კურორტ გონიოს ტერიტორიას განეკუთვნება.

ვიზიტორებს გონიოს ციხის მონახულება ნებისმიერ სეზონსა თუ ამინდში შეუძლიათ. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. გონიოს ციხის ადმინისტრაცია მნახველებს ყოველდღიურად იღებს.

კვირის დღეები მუშაობის საათები
ორშაბათი-კვირა 10:00-18:00

გონიოს ციხესიმაგრეში ვიზიტორებს შეუძლიათ განსხვავებული სერვისებით ისარგებლონ. ხელმისაწვდომია, როგორც ქართულენოვანი, ასევე უცხოენოვანი გიდის მომსახურება. გონიოში ხშირად იმართება საქორწინო ცერემონიები და ექსკურსიები. ბილეთების შეძენა ციხესიმაგრის ტერიტორიაზე შეგიძლიათ.

ბილეთის კატეგორია ბილეთის ფასი
ექსკურსია 15 ლარი
აუდიოგიდი 10 ლარი
საქორწინო მაყრიონის დაშვება 60 ლარი
ხელმოწერის ცერემონია 100 ლარი
სტანდარტული ბილეთი 3 ლარი
მოსწავლეები/სტუდენტები 1 ლარი
3 წლამდე ბავშვები უფასო

დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის განყოფილებას, ნომერზე +995 577 591 901 ან მიწეროთ მეილზე [email protected].

გონიოს ციხის შესახებ

გონიოს ციხის ისტორია ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს უკავშირდება. ისტორიული ციხესიმაგრე გონიოში პირველ საუკუნეში აიგო და მისი მათავარი დანიშნულება მდინარეების, ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელების დაცვა იყო. გონიოს ციხეს ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა იმისთვის, რომ მტერს მანამდე შებრძოლებოდა, სანამ ის დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ რეგიონებში შევიდოდა. შესაბამისად, გონიოს ციხემ ბევრჯერ ითამაშა გადამწყვეტი როლი, როდესაც ქვეყანაში ბიზანტიელთა და ოსმალთა ჯარი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ გონიოს ციხის აშენებისას, კურორტ გონიოს სრულიად სხვა სახელწოდება ჰქონდა. გონიომ, ისევე როგორც ისტორიულმა ციხესიმაგრემ სახელწოდება შუა საუკუნეებში, დაახლოებით მე-12 საუკუნეში შეიცვალა, მანამდე კი ის იწოდებოდა, როგორც აფსარი. აფსარის სახელის ეტიმოლოგიის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა. მათ შორის პოპულარულია სახელის კავშირი არგონავტებისა და მედეას ისტორიასთან და კავშირი ქართულ დიალექტურ სახესხვაობასთან, სადაც აფსარი ან აფსარეა, წყლის ადგილსამყოფელს ანუ იმ ადგილს ნიშნავს, რომელიც წყლით მდიდარია. ეს მოსაზრება საკმაოდ რეალურია, რადგან გონიო საკმაოდ ჭაობიანი ადგილია.

გონიოს ციხე - gonios tsikhe.

საინტერესო ფაქტები

  • გონიოს გალავანი 18 კოშკს მოიცავს და ციხესიმაგრე სწორკუთხა ფორმისაა.

  • გონიოს ციხესიმაგრე რამდენჯერმეა რესტავრირებული. ვიზიტისას მარტივად შეამჩნევთ მშენებლობის რამდენიმე ფენას, რომელთაგან უძველესი პირველი საუკუნით თარიღდება, ხოლო უახლესი მე-16 საუკუნით. ისტორიული ცნობების მიხედვით, ბოლო რესტავრაცია ოსმალების მიერ იყო ჩატარებული.

  • თავდაპირველი გონიოს ციხის შენობა თლილი ლოდებით არის ნაშენი, რომელთა ზომა სიმაღლეში დაახლოებით 1 მეტრი იყო.

  • თქმულების მიხედვით, გონიოს კედლების ასაშენებლად გამოყენებულ ქვებს კვარიათიდან გონიომდე ხალხის ჯაჭვი ხელიდან ხელში გადასცემდა ერთმანეთს.

  • გონიოს ციხის ერთ-ერთი რესტავრაცია გენუელების მიერ ჩატარდა დაახლოებით მე-12 საუკუნეში. ნავარაუდებია, რომ სწორედ მათ უკავშირდებათ სახელწოდება გონიოს ჩამოყალიბება, რომელმაც აფსარი ჩაანაცვლა.

  • გონიო რომაელთა ლეგიონებისათვის პლაცდარმის როლს ასრულებდა, რომელსაც იტალიაში არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად ნაპოვნი წარწერა მოწმობს.

  • გონიოს ციხესიმაგრეში დაკრძალულია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული მატათა.

ჩვენი რჩევები

გონიოს ციხის მონახულებისას გირჩევთ იქვე ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არსებულ მცირე მუზეუმს ეწვიოთ, სადაც საინტერესო არქეოლოგიურ აღმოჩენებს ნახავთ დ გაიგებთ ბევრ უცნობ ინფორმაციას. თუ კომფორტულად ჩაიცვამთ, შეძლებთ უძველესი ციხესიმაგრის კოშკებზეც ახვიდეთ.

ასევე გირჩევთ რომ უფრო მეტი საინტერესო თავგადასავლისთვის, გონიოს ციხესთან ახლოს მდებარე ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტითა თუ კერძო ავტომობილით მოკლე დროში შეძლებთ ბევრი გასაოცარი ადგილის მონახულებას.

ხშირად დასმული კითხვები

როდის აშენდა გონიოს ციხე?

გონიოს ციხე პირველ საუკუნეში აშენდა, თუმცა მისი რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად მოხდა.