თრუსოს იგივე მდინარე თერგის ხეობა თქვენი მორიგი მოგზაურობისთვის იდეალური ადგილია. კავკასიონის ქედის მწვერვალები, სიმწვანით დაფარული მთები და მათ შორის მიმავალი მდინარე, გასაოცარ სანახაობას ქმნის. ლაშქრობისთვის უნიკალური მარშრუტები და ულამაზესი დასაბანაკებელი ადგილები, ხეობას ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.
თრუსოს ხეობა თბილისიდან 151 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მანქანით გასავლელად, დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ.
თრუსოს ხეობა მცხეთა–მთიანეთის ისტორიულ მხარეში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის მდებარეობს. ხეობა გადაჭიმულია 25 კილომეტრზე და მოიცავს ტერიტორიას უღელტეხილი თრუსოდან სოფელ კობამდე.
რაც შეეხება თერგის ხეობის აგებულებასა და გეოგრაფიულ მახასიათებლებს, ადგილისთვის დამახასიათებელია ალპური მცენარეული საფარი და მთა–გორიანი რელიეფი. მთისა და მყინვარის წარმონაქმნები კი უძველეს პერიოდს, კერძოდ კი ძველი გამყინვარების პერიოდს განეკუთვნება. აქ შეხვდებით ჯერ კიდევ შემორჩენილ ლავურ ღვარებს ჩამქრალი ვულკანური კონუსებიდან, ტრავერტინებს, ძველ და თანამედროვე მყინვარებს. ალპური ბალახეულობით მდიდარი ხეობა, ასევე გამოირჩევა მინერალური წყლებით, და ისეთი ცნობილი წყაროებით, როგორიცაა აბანო და ქეთერისი.
საუკეთესო პერიოდი თრუსოს მონახულებისთვის ზაფხულია. ამ დროს ერთდროულად შეძლებთ თოვლიანი მწვერვალებისა და ალპური ბალახეულით დაფარული მწვანე მთების მონახულებას. ასევე უფრო მეტად ისიამოვნებთ, ხეობის ღირსშესანიშნაობებით და დაბანაკებაც ბევრად უფრო კომფორტული იქნება.
თრუსოს ხეობის შესახებ
თრუსოს ხეობა საქართველოს გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ერთდროულად აერთიანებს გასაოცარ მთის ბუნებასა და უძველეს ისტორიულ ძეგლებს, მისკენ მიმავალ გზაზე. შესაბამისად, თუ ერთდროულად გსურთ ისიამოვნოთ უძველესი ისტორიული ძეგლების დიდებულებითა და უნიკალური ბუნების ძეგლებით, მაშინ თრუსოს ხეობას აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
ბუნების ძეგლს ასევე მდინარე თერგის ხეობასაც უწოდებენ. აქ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ისიამოვნოთ ალპური ბუნების მახასიათებლებით, მათ შორის მყინვარებით, ტრავერტინებით, ვულკანური კონუსებით და ბევრი სხვა საინტერესო წარმონაქმნებით, რაც ძველი გამყინვარების შედეგადაა დღემდე შემორჩენილი. ასე რომ, თუ უნიკალურ მთის თავგადასავალს ეძებთ, მას თრუსოს ხეობაში ნამდვილად იპოვით!
ლაშქრობა თრუსოს ხეობაზე
ლაშქრობა თრუსოს ხეობაზე უნიკალურ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ხეობა მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად არის დაცლილი, რაც მთაში დასვენებისას კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. ლაშქრობის მანძილზე, გეძლევათ საშუალება ბევრი განსხვავებული სახის ღირსშესანიშნაობა მოინახულოთ, რომლებიც თერგის ხეობას კიდევ უფრო მეტად უნიკალურს ხდის. მდინარე თერგის სათავიდან სოფელ ალმასიანამდე ხეობა მეტ წილად სწორ რელიეფს მოიცავს, რაც ფეხით გადაადგილებას საკმაოდ მარტივს ხდის.
ხეობაში რამდენიმე ისტორიულ ნასოფლარს შეხვდებით, რომელთა თავდაცვითი ნაგებობებისა და ტრადიციული კოშკების ნაწილი, ჯერ კიდევ შემორჩენილია. აღსანიშნავია, რომ ხეობის ნასოფლარები საკმაოდ მასშტაბურია. ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს მნას და ქეთერისის ნასოფლარები. აქვეა რესის ნასოფლარი, რომელიც საქართველოში ზღვის დონიდან ერთ–ერთი ყველაზე მაღლა მდებარე სოფელია. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სოფელი გაუკაცრიელებულია, ის რეიტინგში მოხსენიებული არ არის.
ხეობაში ასევე შეხვდებით უნიკალური წყაროების წარმონაქმნებს – ტრავერტინებს. წითელი და მოვარდისფრო შეფერილობის ტრავერტინები განსხვავებულ რელიეფს წარმოქმნის, რომელიც მწვანე მთების ფონზე, კიდევ უფრო უნიკალურ სანახაობად გარდაიქმნება.
ხეობაში ლაშქრობისას ასევე შეხვდებით კავკასიონის წყალგამყოფი მთავარი ქედის ცნობილ მწვერვალებს. მათ შორისაა საქართველოს რიგით მეოთხე, ყველაზე მაღალი მწვერვალი ჯიმარა და ცნობილი ყაზბეგის მთის განსხვავებული რაკურსი.
ტურები თრუსოს ხეობაზე
ლაშქრობის მოყვარულებში თრუსოს ხეობა განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა. შესაბამისად, მოთხოვნა დიდია და ტურებიც აქტიური სიხშირით იმართება. მათი დიდი ნაწილი თბილისიდან ინიშნება და 2–3 დღიან პერიოდს მოიცავს. ტურები თრუსოზე ძირითადად საფეხმავლოა, რადგან სწორედ ასე შეიძლება ხეობის ულამაზესი ბუნების უფრო დეტალურად გაცნობა.
გადაადგილებისთვის რელიეფი საკმაოდ მარტივია. შესაბამისად, როგორც მოყვარულებს, ასევე გამოცდილ მოლაშქრეებსაც შეგიძლიათ აირჩიოთ ტურები თრუსოს ხეობაში. ტურის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ ხეობაში და მასთან ახლოს მდებარე ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობების მონახულება, როგორიცაა სოფელ აბანოსა და ზაქაგორის ციხეები, ძველი ნასოფლარი, ქასარას ხეობა და სხვადასხვა ბუნების ძეგლები, რომლებიც ამ გასაოცარ ხეობას, კიდევ უფრო უნიკალურ ადგილად აქცევენ.
საინტერესო ფაქტები თრუსოს ხეობაზე
თრუსოს ხეობას თერგის ხეობასაც უწოდებენ.
ხეობის მყინვარული წარმონაქმნების ნაწილი, ძველი გამყინვარების პერიოდს განეკუთვნება.
თრუსოს ხეობის გზაზე ბევრი ნასოფლარია, მათ შორის ზაქაგორის, კარათყაუს, ტეფის, რესის და სხვა ნასოფლარები.
ჩვენი რჩევები
თუ თრუსოს ხეობის მონახულებას გადაწყვეტთ, გირჩევთ ზაფუხლის პერიოდი შეარჩიოთ და ჩაიცვათ კომფორტულად. ფეხით გასავლელი მანძილი 10 კილომეტრს აღემატება. ასევე მოიმარაგეთ სასმელი წყალი და საკვები, რადგან ეს ინდივიდუალურად უნდა უზრუნველყოთ. ხეობასთან ახლოს, არც სასტუმრო და არც საკვები ობიექტებია.
ასევე გირჩევთ ხეობის გზაზე მდებარე უძველესი ძეგლები და გამორჩეული ბუნების ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ, მლაშე ტბა, ტრავერტინები და ნასოფლარები, თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.