strings.skip_to_content

თუ უნიკალურ თავგადასავლებს ეძებთ და ამასთან გიყვართ მთაში დასვენება, მაშინ აბუდელაურის ტბები თქვენი მარშრუტის შემდეგი გაჩერება უნდა იყოს. კავკასიონის კლდოვან მწვერვალებს შორის მოქცეული სარკისებული ეფექტის მქონე ტბები, გასაოცარ სანახაობას ქმნის და თავს სრულიად სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ. ტბების მისტიურობას კიდევ უფრო ზრდის, მასთან დაკავშირებული მითი, რომელიც თქვენს მოგზაურობას მეტად საინტერესოს გახდის.

თბილისიდან ტბები დაახლოებით 110 კილომეტრითაა დაშორებული. ტბებთან უახლოესი დასახლებული სოფელი როშკა, დედაქალაქიდან 106 კილომეტრში მდებარეობს და მანქანით მგზავრობისთვის ეს დაახლოებით 2 საათის სავალი მანძილია, ხოლო როშკადან ტბები საშუალოდ 7 კილომეტრითაა დაშორებული.

ტბების უნიკალურობა სწორედ მის მდებარეობასა და რელიეფურ მახასიათებლებშია. აბუდელაურის ტბები ისტორიულ მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კონკრეტულად, კი თუშეთ–ხევსურეთის კავკასიონის ერთ–ერთ სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადში, ანუ მყინვარი აბუდელაურის სათავეში. ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარე ტბების საშუალო სიღრმე 3.8 მეტრია. გამომდინარე იქედან, რომ ტბები ნალექებიდან და მყინვარებისგან მდნარი თოვლით იკვებება, მაქსიმალური სიღრმის დონეს ზაფხულში აღწევს, ხოლო მინიმალურს ზამთარში. გეოგრაფიულად, ტბები მყინვარული ანუ მორენული ტბებია და უფრო მეტიც, ზამთარში, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, ტბები ყინულითაა დაფარული. საშუალოდ, ტბებზე ყინულოვანი საფარი მაისის თვეში დნება. თევზაობის მოყვარულებმა კი გაითვალისწინეთ, რომ ტბებში თევზი არ ბინადრობენ.

აბუდელაურის ტბების სანახავად საუკეთესო დრო მაისი–სექტემბრის პერიოდია. ამ დროს ტბების სალაშქრო ბილიკზე ფეხით გადაადგილება ბევრად მარტივია, ამინდები მეტ წილად მზიანი და თბილი, ხოლო ტბებზე ყინულოვანი საფარი გამდნარი. ამავე დროს ამ პერიოდში ერთდროულად შეგიძლიათ ისიამოვნოთ მწვანე და თოვლიანი საფარით, რაც თითქოს ორი სეზონით ერთდროულად ნახვის საშუალებას გაძლევთ.

აბუდელაურის ტბების შესახებ

აბუდელაურის ტბები მოლაშქრეების და არა მარტო მოლაშქრეების პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა საქართველოში, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს, თავისი უნიკალური მდებარეობითა და სილამაზით. ტბებთან იდეალურად ერწყმის ერთმანეთს კლდოვანი რელიეფი და ალპური ბალახეულის საფარი. აბუდელაურის ტბები სულ სამ ტბას მოიცავს და მათი სახელებია: ლურჯი, თეთრი და მწვანე ტბა.

მათგან ორი ერთმანეთის გვერდით მდებარეობს, ხოლო მესამე – თეთრი, ოდნავ მოშორებით. ტბებს ირგვლივ კავკასიონის მწვერვალები გალავანის მსგავსად გარს აკრავს და გასაოცარ სანახაობას ქმნის. განსაკუთრებით ლამაზი სანახავია თოვლისა და მწვანე ბალახეულის ერთდროულად ხილვა, რასაც თან ემატება ტბების სარკისებული ეფექტი, რომელშიც მწვერვალები კიდევ უფრო დიდებულად ჩანს. მათ ვისაც მთის ახლო ხედებით სიამოვნება სურთ, აბუდელაურის ტბები იდეალური ადგილია.

ლაშქრობა აბუდელაურის ტბებზე

აბუდელაურის ტბები მოლაშქრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მასთან უახლესი დასახლებული ადგილი სოფელი როშკაა, რომელიც ტბებიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. მოლაშქრეებში სოფელი როშკადან გამავალი საფეხმავლო ბილიკი ყველაზე პოპულარულია, გამომდინარე იქედან, რომ რელიეფი მარტივია და მოყვარულ მოლაშქრეებს მარშრუტის გავლა დაბრკოლებების გარეშე შეუძლიათ.

თუმცა მოლაშქრეებში ასევე პოპულარობით სარგებლობს სამარშრუტო ბილიკი ჯუთა–აბუდელაურის ტბები, რომელიც იწყება ჯუთაში და სრულდება სოფელ როშკაში. სოფლიდან მომდევნო გაჩერება ჭაუხებია, რომელსაც ჯერ მწვანე ტბასთან მიყავხართ. იქვე ახლოს მდებარეობს ლურჯი ტბა. რაც შეეხება როშკაში მოხვედრას, გზის სირთულიდან გამომდინარე, მოხვედრა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი.

ტურები აბუდელაურის ტბებზე

აბუდელაურის ტბებზე, განსაკუთრებით ზაფხულში, ტურები ხშირად ინიშნება, მაღალი მოთხოვნის გამო. საშუალოდ ეს ტურები ერთი ან ორი დღე გრძელდება. მარშრუტები სამივე ტბის მონახულებას და ასევე სოფელი როშკას დათვალიერებას მოიცავს. საშუალოდ ფეხით გასავლელი მანძილი კი 18 კილომეტრია. საფეხმავლო მარშრუტის სირთულე დაბალია, თუმცა მეტი სიმარტივისთვის, რეკომენდებულია სალაშქრო ჯოხის თან წაღება.

აბუდელაურის ტბების ლეგენდა

როგორც ცნობილია, მთებში მითიურ არსებებთან დაკავშირებული ისტორიები ბევრია. მათ შორისაა ერთ–ერთი აბუდელაურის ტბებზე, რომლის ლეგენდა ფშავი ადგილობრივებიდან გამომდინარეობს. როგორც ამბობენ, იახსარის ლახტს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა თავი ტბას მისცა. იახსარი დევს ტბაში ჩაჰყვა და იქვე განგმირა. თუმცა ტბა დევის სისხლმა შეკრა და იახსარი ტბიდან ვეღარ ამოვიდა, მანამ სანამ დამხმარეებმა ცხვრის სისხლი არ ასხურეს.

საინტერესო ფაქტები

  • აბუდელაურის ტბები მორენული წარმოშობის ტბებია.

  • ტბები წელიწადის მანძილზე, 6 თვე ყინულითაა დაფარული.

  • ტბებს უკავშირდება ლეგენდა დევის შესახებ.

  • ტბებში თევზები არ ბინადრობენ.

ჩვენი რჩევები

თუ აბუდელაურის ტბებზე ლაშქრობას ფიქრობთ, გაითვალისწინეთ, რომ საფეხმავლო ბილიკი საკმაოდ გრძელია და აუცილებელია ჩაიცვათ კომფორტულად, თან წაიღოთ სალაშქრო ჯოხი და საწვიმარი, რადგან მთაში ამინდი მოულოდნელად იცვლება და აუცილებელია თავი დაიზღვიოთ.

ამასთან გირჩევთ, არ დაიზაროთ და მწვანე და ლურჯ ტბასთან ერთად, ესტუმროთ თეთრ ტბასაც, რომელიც ტბებიდან დაახლოებით 1 საათის ფეხით სავალზე მდებარეობს. ლურჯი და მწვანე ტბების მსგავსად, თეთრი ტბის ბუნებაც გამორჩეულად ლამაზია და თქვენს თავგადასავალს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

ხშირად დასმული კითხვები

ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს აბუდელაურის ტბები?

აბუდელაურის ტბები ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარეობს.