კონტენტზე გადასვლა

შეკვეთილის მზიანი პლაჟები, მაგნიტური ქვიშა და ფიჭვნარით დაფარული სანაპირო ზოლი ზღვაზე დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. კურორტზე დაგხვდებათ მშვიდი ატმოსფერო, კომფორტული სასტუმროები და მრავალფეროვანი ტურისტული ადგილები.

შეკვეთილს გასართობ-დასასვენებელი კურორტის გარდა, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პოტენციალიც გააჩნია.

თბილისიდან შეკვეთილამდე მანქანით დაახლოებით 5 საათი დაგჭირდებათ.

მოგზაურობა შეგიძლიათ დაგეგმოთ მატარებლით. თბილისიდან ქობულეთის სადგურამდე დაახლოებით 5.5 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით.

  • თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის. საღამოს – 17:05 საათზე.

ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს. სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე.

შეკვეთილი ცნობილია თავისი სამკურნალო პლაჟებითა და გამწვანებული სანაპირო ზოლით. კურორტი გურიის გამორჩეული ტურისტული ლოკაციაა. შეკვეთილი ოზურგეთიდან 21 კილომეტრში, ხოლო ბათუმიდან 50 კმ-ში მდებარეობს. შეკვეთილის სანაპირო ზოლი 5 კმ სიგრძისაა. პლაჟი დაფარული შავი მაგნიტური ქვიშით და მის გასწვრივ გაშენებული ფიჭვნარით.

კურორტის ტერიტორიაზე თავმოყრილია გასართობი და თემატური პარკები, წყლის ატრაქციონები, საკონცერტო დარბაზი და კომფორტული სასტუმროები.

შეკვეთილის ატმოსფერო იდეალურია მშვიდი, ოჯახური დასვენებისთვის. კურორტი იზიდავს მათაც, ვისაც სურს სასიამოვნო და სასარგებლო დასვენება ერთმანეთს შეუთავსოს.

საუკეთესო სეზონი შეკვეთილში დასასვენებლად ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდეა. ივლისსა და აგვისტოში აქ სეზონი პიკს აღწევს.

სექტემბერში შეკვეთილში ტურისტების რაოდენობა იკლებს, ამიტომ თუ მშვიდი დასვენების მოყვარული ხართ, ეს პერიოდი იდეალურია.

რა ვნახოთ შეკვეთილში?

შეკვეთილში დასვენება ზღვასთან, მზის აბაზანებთან და ქვიშიან პლაჟებთან ასოცირდება. ამის გარდა კურორტი ვიზიტორებს სხვადასხვა ტიპის ღირსშესანიშნაობებს სთავაზობს – ატრაქციონების პარკი ციცინათელა, Black sea arena, მუსიკოსთა პარკი, მინიატურების მუზეუმი და დენდროლოგიური პარკი კურორტის ტერიტორიაზეა თავმოყრილი.შეკვეთილის პარკებში შეგიძლიათ დაისვენოთ და განიტვირთოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აქ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ვიზიტორისთვის მოიძებნება გასართობი სივრცე.

შეკვეთილის სანაპირო თოვლიანი მთებით - Shekvetili beach with snowy mountains.

სამკურნალო კურორტი

შეკვეთილი ცნობილია მისი სამკურნალო პოტენციალის გამო. აქაური პლაჟები დაფარულია მუქი შეფერილობის ქვიშით. ქვიშის ფერს მასში მაგნიტური რკინის შემცველობა განაპირობებს, რომელსაც მაგნეტიტს ეძახიან.

მაგნიტური თერაპია აქტიურად გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების სამკურნალოდ. ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ელემენტების მიღება ქვიშის აბაზანებით შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა სხეული სრულად დაიფაროთ ქვიშით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. მზის სხივების სითბო მაგნიტურ ქვიშაში შემავალი მინერალების სამკურნალო ეფექტს ზრდის და საუკეთესო შედეგს იძლევა.

შეკვეთილის გამაჯანსაღებელი პოტენციალის კიდევ ერთი წყარო ბუნებრივი არომათერაპიაა. ევკალიპტისა და ფიჭვის სურნელით გაჯერებული მთის სუფთა ჰაერისა და ბუნებრივი იონიზაციის გამო აქაური მიკროკლიმატი დადებითად მოქმედებს რესპირატორულ სისტემაზე.

ზღვის სუბტროპიკული ჰავის, მაგნიტური პლაჟების, წიწვოვანი ტყეებისა და მზის აბაზანების კომბინაცია შეკვეთილში დასვენებას სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოს ხდის.

შეკვეთილის სანაპირო

შეკვეთილის სანაპირო ზოლის გასწვრივ ფიჭვნარია გაშენებული. იდეალურია პიკნიკებისა და კემპინგისთვის. პლაჟები სუფთა და კეთილმოწყობილია. სანაპირო სუსტად არის დახრილი, რის გამოც ზღვაში საკმაო მანძილი უნდა გაიაროთ, რათა ღრმა წყლებამდე მიხვიდეთ.

პლაჟზე ფეხით გადაადგილება ქვიშიანი საფარის გამო მარტივი და კომფორტულია. მზის ჩასვლისას სანაპიროზე გასეირნება ზღვის გრილი ბრიზისა და გამთბარი ქვიშის თანხლებით მეტად სასიამოვნოა.

შეკვეთილის სანაპირო საღამოს - Shekvetili beach in the evening.

ციცინათელა

ციცინათელას პარკში ყველა ასაკის ვიზიტორისთვის მოიძებნება გასართობი. აქ 40-მდე სხვადასხვა ატრაქციონია, მათ შორის საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალური. პარკი საღამოს 6 საათიდან შუა ღამემდე ღიაა. ღამით აქაურობა ფერად-ფერადი განათებებით ციმციმებს.

პარკის ტერიტორიაზე შეგიძლიათ დაისვენოთ კაფეებში, ესტუმროთ საანაყინეებსა და სათამაშოების მაღაზიებს.

ციცინათელა - Tsitsinatela.

ურეკის სანაპირო

ურეკის სანაპიროზე შეკვეთილიდან სულ რაღაც 10 წუთში მოხვდებით მანქანით. აქაური პლაჟი მაგნიტური ქვიშით ყველაზე მდიდარია. სანაპიროს გასწვრივ საზაფხულო კაფეებსა და რესტორნებს შეხვდებით.

ურეკის სანაპირო ხეებით გაზაფხულზე - Ureki beach with trees in summer.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი მთელს კავკასიაში უნიკალურია. თვალუწვდენელი ხეები, ბამბუკების ტყე, ეგზოტიკური ფრინველები და ცხოველები - პარკის ტერიტორიის ყოველი კუთხე გასაოცარია. ვიზიტორებისთვის პარკში სტუმრობა უფასოა.

ვარდისფერი ფლამინგოები დენდროლოგიურ პარკში - Flamingos in Shekvetili Dendrological Park.

მინიატურების პარკი

მინიატურების პარკში საქართველოს ყველა კუთხიდან თავმოყრილია არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების მინიატურული მოდელები. ამჟამად 50-მდე ექსპონატია. მინიატურული შენობები საღამოობით განათებულია. დღისით თუ საღამოს, აქ გასაოცარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.

პარკი ფუნქციონირებს ყოველდღე, 10.00-დან 23.30 საათამდე. პარკში ვიზიტის ღირებულებაა 6 ლარი. 6 წლამდე პატარებისთვის ვიზიტი უფასოა

მინიატურების პარკი - Miniature park.

მუსიკოსთა პარკი

სიმწვანეში ჩაფლული მუსიკოსთა პარკი 40-მდე მუსიკოსის ქანდაკებას აერთიანებს. მათთან მიახლოებისას თითოეული მათგანის შემოწმედებას მოისმენთ. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ფანტანები, ხეში ნაკვეთი სკულპტურები და დასასვენებელი სკამები.

მუსიკოსთა პარკი შეკვეთილში - Musicians park in Shekvetili.

Black Sea Arena

Black Sea Arena - ბლექ სი არენა, ამიერკავკასიის უდიდესი საკონცერტო დარბაზია. აქ ხშირად იმართება მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებელთა კონცერტები - კრისტინა აგილერა, ვანესა მეი, ელტონ ჯონი და სხვები.

Black Sea Arena ზემოდან ღამით - Black Sea Arena at night.