შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი ურეკი გურიის მზიან მხარეში, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ურეკი ძირითადად იზიდავს მათ, ვისაც დასვენებასა და გართობასთან ერთად გამაჯანსაღებელი და თერაპიული გამოცდილების მიღებაც სურს. აქაური სანაპირო და მაგნიტური ქვიშა ცნობილია მისი სამკურნალო თვისებებით.
თბილისიდან ურეკამდე დაახლოებით 5 საათი დაგჭირდებათ მატარებლით. მოიმარაგეთ ფილმები ლეპტოპში ან საყვარელი საკითხავი მასალა და კომფორტულად მოთავსდით სავარძელში. თბილისიდან გასული მატარებელი ქობულეთის რკინიგზის სადგურზე შეჩერდება. ქობულეთიდან ურეკამდე 30 წუთი დაგჭირდებათ მანქანით ან სამარშრუტო ტაქსით.
თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის.საღამოს – 17:05 საათზე.
ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს. სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე ან მატარებლის სადგურში.
ურეკი ზღვის დონიდან 4 მეტრზე მდებარეობს. მისი სანაპირო ზოლი 5 კილომეტრზეა გადაჭიმული და მოქცეულია მდინარეების – სეფასა და სუფსის შესართავებს შორის. აღმოსავლეთით კურორტს აკრავს ფიჭვნარისა და ევკალიპტის ტყეები. ზღვის ჰავისა და მცენარეთა თავბრუდამხვევი სურნელის ერთობლიობა საოცარ ბუნებრივ არომათერაპიას ქმნის დამსვენებელთათვის.
კურორტი განსაკუთრებით იზიდავს გამაჯანსაღებელი დასვენების მოყვარულებს. დღის მანძილზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ მზისა და ქვიშის აბაზანებით, დაისვენოთ და გაგრილდეთ სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებულ კაფეებსა და ბარებში და დააგემოვნოთ ახალი ზღვის პროდუქტები.
უფრო აქტიური დასვენების მოყვარულებს შეგიძლიათ წყლის ექსტრემალური ატრაქციონებით მიიღოთ ადრენალინის დღიური დოზა. საღამოობით კი ურეკის განახლებულ ბულვარში ველოსიპედებით ისეირნოთ.
შავი ზღვის სუბტროპიკული კლიმატი ურეკში დასვენებას განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის. ურეკის საშუალო წლიური ტემპერატურა 14.5 გრადუსია, სეზონის პიკში, ივლისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 22-23 გრადუსს აღწევს. აგვისტო შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე ცხელი თვეა. დღისით ტემპერატურა საშუალოდ 28 გრადუსს აღწევს, ხოლო საღამოს 21 გრადუსამდე იკლებს.
ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.
ურეკის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ ურეკში?
ურეკის სანაპირო, ნიჟარებით მოფენილი ქვიშა, სანაპირო ზოლის გასწვრივ ჩამწკრივებული ხეები და მათში ჩამალული კოტეჯები დამსვენებლების საყვარელი ადგილებია მზისა და ქვიშის აბაზანების მიღების შემდეგ. განახლებული ბულვარი იდეალურია საღამოს სეირნობისთვის. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედები და ასევე თავი შეიქციოთ სხვადასხვა გასართობებით.
ურეკიდან 10 წუთის სავალზე შეგიძლიათ ესტუმროთ შეკვეთილს სადაც დენდროლოგიური პარკი გიმასპინძლებთ უფასოდ. ასევე საინტერესოა გრიგოლეთის ქვიშიანი სანაპირო სასეირნოდ და განსატვირთად, ფიჭვნარით დაფარულ ზოლში შესაძლოა პიკნიკის მოწყობაც.
სამკურნალო და გასართობი კურორტი ერთ ადგილას
ურეკი დამსვენებლებს მისი უნიკალური სანაპიროებითა და მაგნიტური ქვიშით ხიბლავს, რომლის სამკურნალო თვისებებიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს. ყოველწლიურად კურორტს ათასობით ვიზიტორი სტუმრობს გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მიზნით. მაგნიტოთერაპიას ფართოდ იყენებენ გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების სამკურნალოდ. აქაური ჰავა, სუბტროპიკული კლიმატი და უნიკალური მაგნიტური ქვიშა დამსვნებელთა გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. მთისა და ზღვის ჰავის შერევა დადებითად მოქმედებს რესპირატორული სისტემების მოქმედებაზე.
ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ელემენტების მიღება ქვიშის აბაზანებით შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა სხეული სრულად დაიფაროთ ქვიშით და მზეს მიეფიცხოთ. გათბობისას მაგნიტურ ქვიშაში შემავალი მინერალების სამკურნალო ეფექტი საუკეთესო შედეგს იძლევა.
ურეკის სანაპირო
ურეკის სანაპირო ზოლი შავი მაგნიტური ქვიშითაა დაფარული. სამკურნალო ქვიშა სანაპიროზე სეირნობისას ზღვის მსუბუქი ბრიზითა და ფეხქვეშ თბილი ქვიშის შეგრძნებით დატკბებით. შუა დღის მზეს კი თავს სანაპირო ზოლის გასწვრივ გაშენებული ხეების ჩრდილში შეაფარებთ.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი
დამსვენებელთა და ტურისტთა უმრავლესობა გულგრილად ვერ ჩაუვლის შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს, რომელიც 60 ჰექტარზეა გაშენებული. პარკი გამორჩეულია მისი ბიომრავალფეროვნებითა და ეგზოტიკური ფლორით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. თვალუწვდენელი ხეები, ხასხასა ბალახი, ბამბუკის ტყე და ბაღის ბინადართა მრავალფეროვნება შთაბეჭდილებებით აგავსებთ.
შეკვეთილის სანაპირო
შეკვეთილის სანაპირო 3 კილომეტრზეა გადაჭიმული და ქობულეთსა და ურეკს შორისაა მოქცეული. შეკვეთილში დამსვენებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ შავი მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე სეირნობით და დატკბნენ მზის ჩასვლის ხედებით სანაპიროდან. აქვე ფუნქციონირებს არაერთი კეთილმოწყობილი სასტუმრო. იდეალურია მშვიდი, ოჯახური დასვენების მოსაწყობად.
გრიგოლეთის სანაპირო
გრიგოლეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სანაპიროც სამკურნალო ქვიშითაა დაფარული. სანაპიროს გასწვრივ მრავალწლოვანი ფიჭვები გასაოცარ მიკროკლიმატს ქმნის დამსვენებელთათვის. გრიგოლეთის ტურისტული პოტენციალი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. გრიგოლეთში მრავლად ნახავთ კომფორტულ საოჯახო ტიპის სასტუმროებს.