strings.skip_to_content

საირმე ბუნებასთან ჰარმონიის, დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალური ადგილია. ამწვანებული მთები, მათში გაჭრილი მდინარის მჩქეფარე ხმა და ამავდროულად საოცარად მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო თქვენს სხეულსა და გონებას ენერგიით აავსებს.

საირმე თბილისიდან 243 კილომეტრითაა დაშორებული. მანქანით კურორტზე ჩასასვლელად 4.5 – 5 საათი დაგჭირდებათ.

თუკი გამგზავრებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გეგმავთ, თბილისიდან საირმისკენ დიდუბის ავტოსადგურიდან ყოველდღე გადის სამარშრუტო ტაქსი.

დრო: 10:00 საათი

ბილეთის ფასი: 20 ₾

საირმე მესხეთის ქედზე, მთებით გარშემორტყმულ ადგილზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 950 მეტრზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. კურორტი ცნობილია არა მხოლოდ სამკურნალო მინერალური და თერმული წყლებით, არამედ წიწვოვანი, ფოთლოვანი ტყეებითა და მთის კლიმატით. საირმის ტყეებში ხარობს ნაძვი, ფიჭვი, წიფელი, ცაცხვი და წაბლი.

კურორტის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო და საბოლოოდ 2018 წელს დასრულდა. მოეწყო სასტუმრო საირმე, მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად. ამჟამად საირმის ტერიტორიაზე რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს, რომლებიც დამსვენებლებს სხვადასხვა გამაჯანსაღებელ, სამკურნალო და გასართობ სერვისებს სთავაზობენ.

გადმოცემის თანახმად, ეს მიდამოები თავდაპირველად დაჭრილ ირემს ადევნებულმა მონადირეებმა შენიშნეს. სწორედ მათ აღმოაჩინეს აღმოაჩინეს წყარო, რომელსაც ქვები ჟანგისფრად შეეღება, გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.

მოგვიანებით, წყაროდან 3 კილომეტრში გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინინეს.

საირმეს კურორტის სტატუსი 1930 წელს მიენიჭა და აშენდა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი სანატორიუმები.

საირმე თავისი სასტუმროებით, სპა ცენტრებითა და გასართობი აქტივობებით წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს დამსვენებლებს. გაზაფხულსა და ზაფხულში მწვანეში ჩაფლულ კურორტს იხილავთ, შემოდგომით საირმის ფოთლოვანი ტყე აჭრელებულია. ზამთარში დათოვლილი ნაძვების ფონზე შეძლებთ თბილ აუზში ნებივრობას.

საირმის ღირსშესანიშნაობები

რა ვნახოთ საირმეში?

საირმეში სტუმრობისას პირველ რიგში მოინახულეთ კურორტზე წარმოდგენილი თერმული სპა და ველნესი, სადაც პროცედურები თერმული წყაროებით კეთდება.

ეკო-ტურიზმით დაინტერესებულთათვის მოწყობილია მარკირებული ბილიკები.

თუკი ექტრემალური სპორტის სახეობები გიტაცებთ, საირმის ბუნების დათვალიერება ჯიპ-ტურის ფარგლებში უნდა გამოსცადოთ.

კურორტის ტერიტორიაზე არაერთ გასართობ აქტივობას აღმოაჩენთ, მათ შორის თოკების ქალაქს, სასროლეთს, ქვიშის ფრენბურთის მოედანს, ველოსიპედებსა და ზიპ ლაინს.

სამკურნალო კურორტი

საირმე მთებში ჩაფლული, უნიკალური ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო მოედინება. თითოეულ მათგანს განსხვავებული შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები გააჩნია. კურორტი მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს ვიზიტორებს თავისი ბუნებრივად თბილი წყლებითა და სპა ცენტრებით. საირმეში მოწყობილია მინერალური წყაროების ბიუვეტები, ღია და დახურული აუზები, კომფორტული სასტუმროები და ზიპ ლაინი. მოქმედებს სპა და ველნეს ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის კრაფტის, უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. დიდი მოცულობის კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას შემოგთავაზებთ.სასტუმროდან სპა ცენტრამდე ყოველ 20 წუთში მოძრაობს სპეციალური ავტობუსი, რომელსაც ვიზიტორები გადაჰყავს. დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ საკურორტო პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.