გელათის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია, რომელიც საქართველოს დიდებულ წარსულში და დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე ეპოქაში გამოგზაურებთ. დახვეწილი არქიტექტურისა და ისტორიულად, უდიდესი მნიშვნელობის წყალობით, გელათის ტაძარი არ კარგავს ტურისტებში აქტუალურობას. მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
გელათის მონასტერი ქუთაისიდან დაახლოებით 10 კილომეტრითაა დაშორებული და მანქანით მგზავრობისას, 15 წუთი დაგჭირდებათ.
გელათის მონასტერი იმერეთის ისტორიულ მხარეში, ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი აგებულია მდინარე წყალწითელის ხეობაში და წარმოადგენს შუა საუკუნეებში აშენებულ ისტორიულ ძეგლს.
ანსამბლში დღემდე შემორჩენილია, როგორც თავდაპირველი ასევე სხვადასხვა დროინდელი შენობები. შემაღლებულ ადგილას მდებარე გელათი, ნაწილობრივ გარშემორტყმულია ულამაზესი ფოთლოვანი ტყით დაფარული მთებით, რომელიც ზაფხულობით ამ ისტორიულ ძეგლს კიდევ უფრო მეტ სილამაზეს სძენს.
გელათის ტაძრის მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. თუმცა იმისათვის, რომ დატკბეთ გელათის ირგვლივ არსებული ულამაზესი ბუნებითა და ასევე მოინახულოთ გელათთან ახლოს მდებარე ღირსშესანიშნაობები, უმჯობესია გელათს მაისი-ოქტომბრის პერიოდში ესტუმროთ.
გელათის შესახებ
გელათის მონასტერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც იმერეთში, დიდებული ისტორიის მქონე ქალაქ ქუთაისთან ახლოს მდებარეობს. ხუროთმოძღვულ ანსამბლად აღარებული სამონასტრო კომპლექსი, რამდენიმე შენობას და სამეფო საძვალეს მოიცავს, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის საკუთრება იყო. ანსამბლი კონკრეტულად მოიცავს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს, მის გვერდით მდებარე წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებს, სამრეკლოს, აკადემიასა და გალავანს. გელათი დაარსდა 1106 წელს, დავით აღმაშენებლის თაოსნობით. თუმცა მონასტრისა და აკადემიის მშენებლობა XII-XIII საუკუნეებში მიმდინარეობდა.
ისტორია
ისტორიულად, გელათის მონასტერი არა მარტო რელიგური დანიშნულების მქონე კომპლექსი, არამედ ქართულ კულტურასა და მეურნეობაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის მქონე ძეგლი იყო. ფეოდალურ სენიორიად წოდებული გელათი და მასში მცხოვრები სასულიერო პირები, აქტიურად მისდევდნენ მიწადმოქმედებას, განსაკუთრებით მევენახეობას, სანთლისა და თაფლის წარმოებას. ისტორიული ცნობების მიხედვით, მე-12 საუკუნიდან, მე-15 საუკუნემდე, გელათის მონასტერს სრული ავტონომიაც კი ჰქონდა მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებში, თემურ ლენგის შემოსევამ მნიშვნელოვნად შეაფერხა გელათის აქტიური ცხოვრება, გიორგი ბრწყინვალის მეფობისას, მონასტერი თითქმის ძველებურ რიტმს დაუბრუნდა.
გელათის მორიგი რესტავრაცია მე-16 საუკუნეში, ბაგრატ III-ის მიერ განხორციელდა, ოსმალთა ჯარის მიერ ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო. რესტავრაციის მორიგი პერიოდი კი მე-18 საუკუნეს უკავშირდება, სადაც ჩართულნი იყვნენ მეფეები გიორგი VI, ალექსანდრეV, სოლომონ I და სოლომონ II. ამ დროს გელათი 40-ზე მეტ სოფელს ფლობდა. საბჭოთა პერიოდში, გელათი შტატის მონასტრად იქცა, ხოლო 1923 წელს, ის ოფიციალურად დაიხურა, თუმცა დღეს სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად, აღდგენილია როგორც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალი
გელათის არქიტექტურა
გელათის კომპლექსი რამდენიმე შენობას მოიცავს. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ცენტრალური ტაძარი, რომელიც მასიური გუმბათით და დატვირთული არქიტექტურული ელემენტებით გამოირჩევა. ეკლარის თლილი ქვით მოპირკეთებულ გარე ფასადს დეკორატიული თაღები, კამარები და სხვადასხვა შინაარსის მხატვრობა ამშვენებს. მსგავსი არქიტექტურის მქონეა გვერდით მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია და წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია, სწორკუთხა თაღებით. ეკლესია ჯვრის მოხაზულობას იმეორებს.
რაც შეეხება გელათის აკადემიას, რომლის დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, წარმოადგენდა ოთხკუთხა დარბაზოვან შენობას, რომელსაც სამი შესასვლელი და მდიდრულად მორთული კარიბჭე ამშვენებდა. მოხატული კედლები და დიდი სარკმლები, კი შენობაში გასაოცარ სივრცეს ქმნიდა.
ლეგენდა გელათზე
გელათზე ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ცნობილია თქმულება იმაზე რომ თამარ მეფის საფლავი სწორედ გელათშია. ბოლო თეორიის მიხედვით, არსებული დავით აღმაშენებლის საფლავი არ არის რეალურად დიდებული მეფის საფლავი და ის მხოლოდ მდიდარ ვეზირს ეკუთვნის. გამომდინარე იქედან, რომ გელათი მტრისთვის მარტივად მისადგომ ადგილზე მდებარეობდა, ამ ორი დიდებული მეფის საფლავი გადამალული ან გადატანილია.
მორიგი ლეგენდა და თეორია გელათის აშენებას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, დავით აღმაშენებელი თვითონვე იღებდა მონაწილეობას გელათის მშენებლობაში და ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე, თვითონ ამოუტანია.
საინტერესო ფაქტები
გელათის სამეფო სასაფლაოზე საქართველოს მეფეების რეკორდული რაოდენობაა დაკრძალული. მათ შორის გიორგი III, ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი და სხვა.
ნავარაუდებია, რომ თამარ მეფის საფლავი გელათშია.
გელათის მონასტერსა და აკადემიაში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ქართველები როგორებიც იყვნენ: არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა.
აშშ-მ გელათის რესტავრაციისთვის ხუთი უმნიშვნელოვანესი პროექტი დააფინანსა 2003-2016 წლებში.
გელათის მონასტრის ერთ-ერთ კედელზე, შუა საუკუნეების მზის საათია გამოსახული.
გელათის მონასტერს ერთდროულად აქვს მინიჭებული იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და საქართველოს კულტურის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, გელათის ძეგლი საფრთხის ქვეშ მყოფი ძელგების სიაში შედიოდა, 2010-2017 წლებში.
ჩვენი რჩევები
გირჩევთ არ დაიზაროთ და მცირე ტური მოაწყოთ გელათთან ახლოს მდებარე ისეთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებში, როგორიცაა ბაგრატისა და მოწამეთას ტაძრები. გელათის მსგავსად, ამ ტაძრების უნიკალური არქიტექტურა და ისტორია ნამდვილად გაგაოცებთ. ბოლოს, კი ჩვენივე გამოცდილებით გირჩევთ არ დატოვოთ იმერეთი, მათი უნიკალური სამზარეულოს დაგემოვნების გარეშე. გასტრონომიული ტური ქუთაისში თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ მოგონებებს შემატებს.
ხშირად დასმული კითხვები
როდის აშენდა გელათის ტაძარი?
გელათის სამონასტრო კომპლექსი მე-11 საუკუნის დასაწყისში დაარსდა, თუმცა მისი სრული მშნებელობა მე-12 საუკუნემდე მიმდინარეობდა.