თბილისის სავიზიტო ბარათი ნარიყალას ციხე, დედაქალაქსა და მასზე გამავალ მდინარე მტკვარს, საუკუნეებია გადაჰყურებს. ისტორიული მნიშვნელობის გარდა, ნარიყალა ულამაზესი არქიტექტურით გამოირჩევა და მუდმივად წარმოადგენს თბილისელებისა თუ მოგზაურების საყვარელ ღირსშესანიშნაობას, თბილისის უნიკალური ხედებითა და კიდევ უფრო გასაოცარი ისტორიით.
ციხე ძველი თბილისის უბანში, ციცაბო ამაღლებაზეა აშენებული. იგი მოქცეულია თბილისის ცნობილ გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის და გადაჰყურებს დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილს. გამორჩეული მდებარეობის გამო, ნარიყალას ვიზიტორები, ხშირად სტუმრობენ გასაოცარი ხედების გამო.
ციხის მონახულება ნებისმიერ სეზონსა და ამინდში განუმეორებელი თავგადასავლის შექმნას ნიშნავს. ღირსშესანიშნაობა განსკაუთრებით ლამაზი შემოდგომასა და ზაფხულშია. ამ დროს განუმეორებელი ხედი იშლება ძველ თბილისზე, ოქროსფერ და მწვანე ხეებთან ერთად. ასევე გამორჩეული სანახაობაა ციხეზე ღამით ასვლა და ღამის თბილისის ხედების დათვალიერება.
ნარიყალას ციხეს შესახებ
რთულია წარმოიდგინო თბილისი, ნარიყალას ციხის გარეშე. უძველესი და დიდებული ისტორიის მქონე ციხესიმაგრე, ქალაქს საუკუნეებია დაჰყურებს და ძველი თბილისის პეიზაჟის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. ისტორიული ცნობები ღირსშესანიშნაობის შესახებ, არც ისე დეტალურია, რაც ციხეს მნახველებისთვის კიდევ უფრო საინტერესოსა და მისტიურს ხდის. ნარიყალას იგივე ნარინ კალას, ასევე თბილისის ციხესა და კალას უწოდებდნენ. ის ხშირად ხვდებოდა ცნობილი მოგზაურების ჩანაწერებში და დღესაც პოპულარობას ინარჩუნებს, ქართველ თუ უცხოელ მოგზაურებში.
დახვეწილი არქიტექტურის გარდა, ციხე მიმზიდველი მდებარეობითაც გამოირჩევა. ის ძველი თბილისის თითქმის ყველა ნაწილიდან მოჩანს. ციხესთან მისასვლელი ყველაზე პოპულარული გზა, კი საბაგიროა, სადაც მნახველებს საოცარი ხედებითაც შეუძლიათ ისიამოვნონ. მათ ასევე შეუძლიათ გაყვნენ მინიშნებებს და მოინახულონ ახლოს მდებარე თბილისის მორიგი სიმბოლო – ქართლის დედა.
ისტორია
ნარიყალას აშენებისა და მისი ისტორიული დანიშნულების შესახებ მოსაზრებები მრავალფეროვანია, თუმცა დადასტურებული ფაქტები მცირე. ლეგენდის თანახმად, ციხე ვახტანგ გორგასალს აუშენებია, როდესაც თბილისი დაარსა, თუმცა ისტორიკოსების აზრით, ციხე ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, მეფე ვარაზ–ბაკურს აუშენებია, რომელიც მოგვიანებით, სასანიდურმა ირანმა დაიპყრო. ამ დროს ციხესიმაგრე იხსენიება, როგორც შურის ციხე. მეხუთე საუკუნეში, კი ქართლის მეფეების მიერ ხდება ციხის დაბრუნება.
ისტორიული ღირსშესანიშნაობისთვის, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი, დავით აღმაშენებლის მეფობის დრო იყო. ამ დროს ციხე არსებითად გაფართოვდა. მოგვიანებით, მონღოლთა შემოსევის შემდეგ, მათ ციხეს მცირე ციხესიმაგრე, იგივე “ნარინ ქალა” უწოდეს. სწორედ აქედან დაერქვა ადრე წოდებულ კალას ციხეს, ნარიყალა. ღირსშესანიშნაობისთვის რთული იყო მე–16 და მე–18 საუკუნეებში მომხდარი მიწისძვრები, რომელთა დროს, ციხის გალავნის ნაწილი დაინგრა და შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. სანამ საქართველო, მე–19 საუკუნეში რუსეთს შეუერთდებოდა, ნარიყალაში მეფის სასახლეც იყო განლაგებული. რუსეთის დაპყრობის შემდეგ, კი ციხეში რუსებმა ტყვია–წამლის საწყობი მოაწყვეს. ტყვია–წამალს ასევე ინახავდნენ იქვე მდებარე, წმ. ნიკოლოზის მცირე ტაძარში, რომელიც 1847 წელს, მეხის დაცემის შედეგად აფეთქდა. დღეს კი ნარიყალა საქართველოს ერთ–ერთი უძველესი ციხესიმაგრეა და კულტურული მნიშვნელობის ძეგლადაა მიჩნეული.
არქიტექტურა
ციხე არც ისე კომპლექსური არქიტექტურის მქონეა. იგი მოიცავდა ციტადელს, შიდა ციხესა და მასიურ გალავანს. თავდაცვითი ნაგებობა გამაგრებული იყო კოშკებითა და პატნეზებით. მისი მიუვალი ადგილმდებარეობა იდეალური იყო იმისთვის, რომ დროულად დაენახა ქალაქში შემომავალი მტერი და დაეცვა ქალაქი მათი შემოსევისგან. ციხე საუკუნეების მანძილზე ბევრჯერ გადაკეთდა და გაფართოვდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი თავდაპირველი ნაშენი კედლები, რომლებშიც გამოყენებულია თლილი ქვა. შუა საუკუნეების პერიოდამდე, ციხე ასევე მოიცავდა მეფის სასახლეს, რომელიც მოგვიანებით დაინგრა.
ტურები ნარიყალაზე
ნარიყალაზე ტურები საკმაოდ მოთხოვნადია, უცხოელ მოგზაურებში. მსგავსი ტურები მოკლევადიანია და მაქსიმუმ ერთდღიან მონაკვეთს მოიცავს. ტურის არჩევის შემთხვევაში, ნარიყალასთან ერთად, თბილისის ბევრ საინტერესო ღირსშესანიშნაობას მოინახულებთ, როგორიცაა ძველი თბილისი და აბანოს უბანი, სამების ტაძარი და მთაწმინდა.
საინტერესო ფაქტები
ნარიყალას შუა საუკუნეებამდე თბილისის ციხე, იგივე კალა ეწოდებოდა.
ციხის სახელწოდება მონღოლებთანაა დაკავშირებული, რომლებიც მას ნარინ ქალას უწოდებდნენ.
ნარიყალას ისტორიულ წყაროებში ასევე მოიხსენიებდნენ, როგორც შურის ციხე.
ციხესთან მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, მე–19 საუკუნეში მეხის დაცემის შედეგად აფეთქდა.
ნარიყალას ნგრევა მე–16 და მე–18 საუკუნეების მიწისძვრამ გამოიწვია.
საინტერესო ადგილები ნარიყალას ციხესთან
გამომდინარე იქედან, რომ ისტორიული ციხესიმაგრე ძველი თბილისის უბანში მდებარეობს, შეგიძლიათ მოაწყოთ ტური და ისეირნოთ ძველი თბილისის ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში და ისიამოვნოთ, დედაქალაქის გამორჩეული, ისტორიული არქიტექტურით, შუა საუკუნეების ულამაზესი ეკლესიებითა და ხედებით.
ციხის შესასვლელთან შეგიძლიათ გამოიყენოთ მინიშნებები და ასევე დაათვალიეროთ იქვე მდებარე ცნობილი ქანდაკება – ქართლის დედა, რომელიც ქართველი ქალის სიძლიერის სიმბოლოა. ღვინით სავსე თასითა და ხმლით, ქართლის დედა იდეალურად გამოხატავს ქართველების მებრძოლ და შემართებულ სულს, როგორც ერის მთავარ მახასიათებელს. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ უამრავი უნიკალური მცენარე და დატკბეთ ულამაზესი ბუნებით.
ჩვენი რჩევები
ნარიყალას ციხის მონახულებისას, არ დაიზაროთ და მოინახულეთ იქვე მდებარე თბილისის ბოტანიკური ბაღი და ქართლის დედა, სადაც არანაკლებ გასაოცარ მოგონებებს შეიქმნით. ციხესთან მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გამორჩეული არქიტექტურის მქონეა. ეკლესიის გარე ფასადი სავსეა უმნიშვნელოვანესი მომენტების ამსახველი ფრესკებით, ბიბლიიდან და საქართველოს ისტორიიდან.
თუ უფრო უნიკალურ შეგრძნებებს ეძებთ, აუცილებლად ეწვიეთ ციხესთან ახლოს მდებარე გოგირდის აბანოებს, რომელშიც ჯერ კიდევ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ძველი თბილისური კულტურითა და ტრადიციებით. ასევე ჩვენივე გამოცდილებით გირჩევთ, ციხეს საბაგირო გზით ეწვიოთ და ისიამოვნოთ განუმეორებელი ხედებით დედაქალაქზე.
ხშირად დასმული კითხვები
რას ნიშნავს ნარიყალა?
ნარიყალა იგივე ნარინ ქალა, მცირე ციხესიმაგრეს ნიშნავს და გამომდინარეობს ძველი მონღოლური ენიდან.
როდის აშენდა ნარიყალას ციხესიმაგრე?
ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ის მეოთხე საუკუნეშია აგებული.