კონტენტზე გადასვლა

თბილისი ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია მსოფლიოში. ქალაქის სავიზიტო ბარათი ძველი თბილისის პეიზაჟები, გოგირდის აბანოები და ისტორიული ნარიყალაა. თბილისური ესთეტიკა მის ისტორიულ მემკვიდრეობასა და ქალაქის თანამედროვე იდენტობას ერთნაირად ირეკლავს.

ეთნიკური და კულტურული სიჭრელით გამორჩეულ ქალაქში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს აღმოსავლური და დასავლური გავლენები, წარსული და აწმყო, ძველი და თანამედროვე არქიტექტურა.

თბილისი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული. ზღვის დონიდან 380-600 მეტრზე. ქალაქი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია.

თანამედროვე თბილისი დაყოფილია 10 რაიონად, მოსახლეობის რაოდენობა 1.5 მილიონს აღწევს.

ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობები, ისტორიული შენობები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი ნაწილი დედაქალაქის შუაგულში, მის ცენტრალურ უბნებშია თავმოყრილი.

თბილისი ოდითგანვე ამიერკავკასიის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო და აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობდა. სწორედ ამან განაპირობა ქალაქის მულტიკულტურულობა. თბილისმა კი ეს მრავალფეროვნება საკუთარ ხასიათში, ურთიერთობებში, არქიტექტურაში, ხელოვნებასა და სტუმარ-მასპინძლობაში ასახა.

მზიანი თბილისის ისტორიული ქუჩები, ქვაფენილები, ავთენტური არქიტექტურა და მათ ფონზე ქალაქის თანამედროვე ენერგეტიკა და ატმოსფერო საუცხოო კონტრასტს ქმნის. სწორედ ამაშია თბილისის მომხიბვლელობის საიდუმლო.

თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული, რასაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები ადასტურებს.

მისი, როგორც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა V საუკუნიდან იწყება და ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება.

თბილისის დაარსებაზე არაერთი ლეგენდა არსებობს. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ის ადგილი, სადაც ახლა თბილისია, მანამდე ტყეს ეჭირა. მეფე ვახტანგი ერთხელ ამ ადგილებში ნადირობდა; მან თავისი მიმინო აფრენილ ხოხობს დაადევნა და ორივე ღრმა ხევში ჩაიკარგნენ. გორგასალი თავისი ამალით ჩავიდა ხევში და იქ ცხელი ნაკადული ნახა, რომელშიც მეფის მიმინო და ხოხობი მოხარშულიყვნენ.

მეფე მიხვდა ამ ცხელი წყლის მარგებლობას, ადგილის მდებარეობა მოხერხებულად მიიჩნია და ბრძანა, გაეკაფათ ტყე ციხე-ქალაქის ასაგებად.

ასე დააფუძნა ვახტანგმა ახალი ქალაქი, რომელსაც დაარქვა თბილისი იმის გამო, რომ

თბილი წყლის პირას იდგა.

დედაქალაქი თბილისის ქვაბულში მდებარეობს და მთაგორიანი რელიეფით გამოირჩევა. მდინარე მტკვარი მას ორ ნაწილად, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ჰყოფს. ჩრდილო-აღმოსავლეთით დედაქალაქს მცხეთა-მთიანეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი ქვემო ქართლის რეგიონები ესაზღვრება.

თბილისში ზომიერად თბილი, სტეპურიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა 12,7 °C-ია. უხვნალექიანია მაისი (90 მმ), მცირენალექიანი – იანვარი (20 მმ).

თბილისის ძველი ქალაქი

ვიწრო ქუჩები, მოკირწყლული ქვაფენილები, ფერადი სახლები ხის ჩუქურთმიანი აივნებით, ტაძრები, ღირსშესანიშნაობები – ძველი თბილისი ქალაქის ისტორიული უბანია. დღესდღეობით ტურისტებით გადაჭედილ ამ ადგილებს ძველად სავაჭრო დანიშნულება ჰქონდა.

მეიდანი ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დღეს მთავარი მოედანი და ტურისტული ცენტრია ქალაქში. წარსულში მეიდანი კავკასიაში ერთ-ერთი უძველეს სავაჭრო მოედანი იყო.

ხელოსნებისა და ვაჭრების საქმიანობიდან გამომდინარე ქუჩებიც სხვადასხვა სახელწოდებებს იღებდნენ, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი: ვერცხლის ქუჩა, ოქრომჭედლების ქუჩა, მღებავების ქუჩა, პურის მოედანი, ბამბის რიგი, რკინის რიგი და ა.შ.

მეიდნის გარშემო განლაგებულია რესტორნები, კაფეები, ტრადიციული სამოსის, სუვენირებისა და ტკბილეულობის მაღაზიები. მეიდნიდან ყველა მხარეს იშლება მშვენიერი ხედები – მტკვარი, მეტეხის ხიდი, მეტეხის ტაძარი – ამ ყველაფერს ზემოდან ნარიყალას ციხე-სიმაგრე გადაჰყურებს.

ნარიყალა ღამით - Narikala at night.

1 დღიანი ტური თბილისში

თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა მის ისტორიულ უბნებშია თავმოყრილი. თუკი ქალაქის დასათვალიერებლად მცირე დრო გაქვთ, ერთ დღიანი ტურის ფარგლებში ძველ თბილისს, აბანოთუბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ესტუმრეთ.

ტური მეიდნიდან შეგიძლიათ დაიწყოთ, მოინახულოთ შარდენის ქუჩა, სიონი და რეზო გაბრიაძის საათის კოშკი. აქედან მშვიდობის ხიდით გადაინაცვლებთ რიყის პარკში, რიყის პარკიდან კი საბაგირო გზით მოხვდებით ნარიყალას ციხეზე, დატკბებით ქალაქის პანორამული ხედებით. სანამ ნარიყალას ციხიდან აბანოთუბნისკენ დაეშვებით, გამოიყენეთ შანსი და საუკეთესო ქართული კერძების დასაგემოვნებლად ესტუმრეთ რესტორანს “144 საფეხური” და “View and More”. აქედან თბილისის ძველი უბნების უმშვენიერესი ხედი იშლება. სადილის შემდეგ აბანოთუბნისკენ გაემართებით და ცნობილ ჭრელ აბანოებს მოინახულებთ. აქედან გზა ლეღვთახევის ჩანჩქერისკენ მიდის.

დღის დასასრულს აუცილებლად დააგემოვნეთ ქართული ღვინო და უგემრიელესი კოქტეილები “შუშაბანდში” და “Coctail Factory”-ში, რომლითაც ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, პეტრიაშვილზე გაგიმასპინძლდებიან.

ქუჩა, ორბელიანის მოედანი - Street, Orbeliani square.

3 დღიანი ტური თბილისში

თბილისის სამ დღიანი ტურის ფარგლებში აღმოაჩენთ ქალაქის ისტორიულ უბნებს, თანამედროვე თბილისსა და ახლოს მდებარე ქალაქ მცხეთას, თავისი ღირსშესანიშნაობებით.

დედაქალაქის დათვალიერება ძველი თბილისით დაიწყეთ. ფერადი სახლები, ხის მოჩუქურთმებული აივნებით ისეთივე ჭრელია, როგორც თვითონ ქალაქის კულტურა და ისტორია. ვიწრო ქუჩები, ქვაფენილიანი გზები და მათზე გადმოკიდებული თბილისური აივნები დედაქალაქის სავიზიტო ბარათია. მოგზაურობა რიყის პარკიდან ნარიყალას მიმართულებით საბაგირო გზით შეგიძლიათ გააგრძელოთ, საიდანაც ქალაქის ხედები თქვენს ხელის გულზე გადაიშლება. ნარიყალადან აბანოთუბანი და ლეღვთახევის ჩანჩქერი მოინახულეთ. დღის დასასრულს უგემრიელესი ღვინის, ლუდისა და კერძების დასაგემოვნებლად რესტორან “შავ ლომს” ეწვიეთ, სადაც არაჩვეულებრივი გარემო, შიდა და გარე სივრცეები და გამორჩეული ინტერიერი დაგხვდებათ.

ძალების აღდგენის შემდეგ, მეორე დღესვე თავისუფლების მოედნისკენ გაემართეთ. მოედნის მიმდებარედ გემრიელი ყავით, დესერტებითა და სენდვიჩებით “Gloria Jeans Coffees Liberty Square” გაგიმასპინძლდებათ და დღის დასაწყებად საჭირო ენერგიით აგავსებთ. აქედან განახლებულ ორბელიანის მოედანს ესტუმრეთ, იქიდან კი რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებთ, სადაც აუცილებლად ინახულეთ თბილისის სახელმწიფო მუზეუმი თავისი უნიკალური ექსპონატებით. რუსთაველის ღირსშესანიშნაობების ამოწურვის შემდეგ თბილისის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლეთ და ხელოვნების სასახლეს ეწვიეთ კარგარეთელის ქუჩაზე. აქვე ცნობილი სელფის მუზეუმი, სადაც ორიგინალური ფოტოების გადაღებას შეძლებთ თქვენი სოციალური ქსელებისთვის. სელფის მუზეუმიდან ფეხით 15 წუთში აღმოჩნდებით რესტორანში “ბარბარესთან”, სადაც ქართული ტრადიციული კერძების თანამედროვე ვარიაციებს დააგემოვნებთ.

მესამე დღე მცხეთას დაუთმეთ. აუცილებალად მოინახულეთ ჯვრის მონასტერი, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შეერთების ხედი იშლება. ჯვრის მონასტრის შემდეგ სვეტიცხოვლისა და სამთავროს მონასტრებს ეწვიეთ. თბილისში დაბრუნებამდე აუცილებლად ესტუმრეთ რესტორან “ღვინის პალატას”, დააგემოვნეთ ცნობილი მცხეთური ღვეზელები და საუკეთესო ქართული ღვინო.

მცხეთის ხედი - View of Mtskheta.

შოპინგი თბილისში

თუ შოპინგის მოყვარული ხართ, თბილისში მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრებს, მოლებსა და გასართობ ადგილებს აღმოაჩენთ.

დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანთან, გალერია თბილისში წარმოდგენილია უცხოური და ადგილობრივი ტანსაცმლის ბრენდები, კინო-თეატრი, საკვები ობიექტები და საბავშვო გასართობი სივრცე. მოლის ტერასიდან რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის ხედები იშლება.

სითი მოლი შოპინგის მოყვარულთა საყვარელი დანიშნულების ადგილია. სავაჭრო ცენტრი საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მეტროსთან ახლოს მდებარეობს. აქ წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიცაა “Massimo Dutti”, “Mango” “Zara”, “Bershka”, “Pull&Bear” და სხვა. დღის დასასრულს შეგიძლიათ ესტუმროთ მოლის ფუდ კორტს, სადაც წარმოდგენილია აზიური, ამერიკული, ქართული და იტალიური რესტორნები. აქვეა კავეას კინო-თეატრი და ბავშვთა გასართობი პარკი.

თუ მაღალი ხარისხის ქართული (და არამხოლოდ) პროდუქტების დაგემოვნება გსურთ, ვაკის აგროჰაბს ესტუმრეთ აქსის თაუერსში, ჭავჭავაძის გამზირზე. აქ მოიმარაგებთ ყველა საჭირო ინგრედიენტს თქვენი კულინარიული საღამოსთვის.

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ადგილი დეზერტირების ბაზარია, სადაც მიმდებარე სოფლებიდან ჩამოტანილ ნატურალურ ხილს, ბოსტნეულსა და სურსათ-სანოვაგეს შეიძენთ.

აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, თვალჭრელიძის ქუჩაზე შემოგხვდებათ ისთ ფოინთი, სადაც მაღაზიები ინდივიდუალურ შენობებშია განლაგებული და ერთგვარი სავაჭრო ქალაქის შთაბეჭდილებას ქმნის. თბილ ამინდში ისთ ფოინთი შოპინგისთვის საუკეთესო ადგილია.

თბილისი მოლი ქალაქის შემოსასვლელში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე მდებარეობს. თუკი თბილისიდან გასვლას დაგეგმავთ, თბილისი მოლში შეგიძლიათ მოიმარაგოთ ყველაფერი, რაც მოგზაურობისთვის დაგჭირდებათ.

თბილისი მოლი - Tbilisi Mall.

ბარები და ღამის კლუბები

თბილისში გართობისა და ღამის ცხოვრების დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებთ. ქალაქი ღამით ღვინისა და კოქტეილების ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში იწყებს ცხოვრებას.

ძველი ქარხნებისა და ფაბრიკების შენობები თანამედროვე თავშეყრის სივრცეებადაა ქცეული, სადაც სასიამოვნო ატმოსფერო, მუსიკა, საკვები და სასმელი დაგხვდებათ.

ფაბრიკა და ღვინის ქარხანა სწორედ ასეთი ლოკაციებია, სადაც საღამოობით თბილისელი და უცხოელი ტურისტები იკრიბებიან და საღამოს სასიამოვნოდ ატარებენ. თუკი გართობის გაგრძელება გსურთ, თბილისში საუკეთესო ღამის კლუბები დაგხვდებათ, მათ შორის “ბასიანი”, “ხიდი”, “მტკვარზე” და ა.შ.

შედარებით მშვიდი და მყუდრო დასვენების მოყვარულთათვის ქალაქში უამრავი კაფეა ღია ტერასებითა და დახურული სივრცეებით. თუკი ადგილობრივი ღვინოებისა და უგემრიელესი დაფების დაგემოვნება გსურთ, “8000 მოსავალსა” და “Wine and Dine” -ს ესტუმრეთ.

რა ვნახოთ თბილისში?

თბილისი ყოველთვის განსხვავებული კულტურებისა და რელიგიების თავშეყრის ადგილი იყო. ქალაქის მრავალფეროვნება და ეკლექტურობა რომ შეიგრძნოთ, დედაქალაქის ქუჩები ფეხით უნდა მოიაროთ. ძველი თბილისი და სოლოლაკი ქალაქის ავთენტურ სულსა და ატმოსფეროს ასხივებს. თუ გაგიმართლებთ, კვირა დილას ქუჩებში ქაშუეთის, სიონისა და ანჩისხატის ტაძრებიდან გამომავალ ქართულ მრავალხმიან გალობასაც მოისმენთ.

თბილისის არქიტექტურა აღმოსავლური და დასავლური გავლენების საუკეთესო ნაზავია. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის ქუჩაზე რენესანსისა და ბაროკოს სტილში აგებულ მარიოტის შენობისა და რუსთაველის თეატრის შენობებს იხილავთ. მავრიტანული სტილისთვის დამახასიათებელ არკადებს, გუმბათებსა და მდიდარი გეომეტრიული ორნამენტებით მორთულ ოპერის თეატრის ფასადებს გულგრილად ვერ ჩაუვლით.

თავი რომ ნამდვილ თბილისელად იგრძნოთ ქალაქის პარკებსა და კაფე-ბარებს უნდა ესტუმროთ. დედაენის პარკი, მზიური და ვაკის პარკი შაბათ-კვირას თბილისელების საყვარელი დასასვენებელი სივრცეებია.

ქალაქის რიტმი საღამოს აუცილებლად შეძლებს თქვენს აყოლიებას. თბილისი ქართული სამზარეულოსა და ღვინის გასტრონომიულ თავაგადასავალში ჩაგითრევთ. ყველაზე ცნობილი ქართული კერძების, ხინკლისა და ხაჭაპურის გარდა, აღმოსაჩენი კიდევ უამრავი კერძი გაქვთ. მიენდეთ ბედს, თბილისი თქვენთვის მხოლოდ საუკეთესოს ამზადებს.

ხშირად დასმული კითხვები

ტრანსპორტი თბილისში

თბილისის ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი ერთმანეთთან ახლოს, ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს.

თუ ქალაქში დიდი ხნით დარჩენას და მისი მიმდებარე ტერიტორიების (კახეთი, მცხეთა) დათვალიერებას ფიქრობთ, შეგიძლიათ იქირაოთ ავტომობილი.

ქალაქში გადასაადგილებლად, განსაკუთრებით გარეუბნებში, ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი ტრანსპორტი მეტროა. თბილისში მეტროს ორი ხაზი მოქმედებს.

ტაქსით გადაადგილების შემთხვევაში ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული “Bolt”-ის აპლიკაციაა.

ქალაქს განახლებული ავტოპარკი აქვს. ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების გადაადგილების განრიგის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე – http://transfer.ttc.com.ge/?setLng=ka

როგორ მივიდეთ თბილისის აეროპორტიდან ქალაქში?

თბილისის აეროპორტიდან ქალაქამდე #337 ავტობუსი მოძრაობს. მგზავრობის ღირებულების გადახდას ნებისმიერი ქართული ბანკის პლასტიკური ბარათით შეძლებთ. ასევე შეგიძლიათ ტაქსით გადაადგილება. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსის აყვანის ნაცვლად, გირჩევთ ისარგებლოთ ტაქსის გამოძახების სერვისით.

ტაქსით ქალაქში ტრანსფერი შეგიძლიათ დაჯავშნოთ წინასწარ და ისარგებლოთ ფიქსირებული ტარიფებით. კომპანია “აეროპორტის ტაქსი” კომფორტული მანქანებით მოგემსახურებათ. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია კომპანიის საიტიდან – shorturl.at/nxyO6 ან ტელეფონის მეშვეობით.

მგზავრობის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ როგორც ბარათით, ისე ნაღდი ფულით.

როდის დაარსდა თბილისი?

თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული, რასაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები ადასტურებს.

მისი, როგორც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა V საუკუნიდან იწყება და ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება.

თბილისის უბნების ჩამონათვალი

ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია ათ რაიონად:

  • გლდანის რაიონი

  • დიდუბის რაიონი

  • ვაკის რაიონი

  • ისნის რაიონი

  • კრწანისის რაიონი

  • მთაწმინდის რაიონი

  • ნაძალადევის რაიონი

  • საბურთალოს რაიონი

  • სამგორის რაიონი

  • ჩუღურეთის რაიონი