კონტენტზე გადასვლა

სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კედელია ევროპაში. ქალაქზე გარშემორტყმული გალავნიდან კახეთის უმშვენიერესი მინდვრების, ალაზნის ველის, გომბორისა და დათოვლილი კავკასიონის ხედი იშლება.

Სიღნაღსა და თბილისს შორის მანძილი 113 კილომეტრია. Ავტომობილით დაახლოებით საათ-ნახევარი დაგჭირდებათ.

Ნავთლუღის ბაზრობის ავტოსადგურიდან სიღნაღის მიმართულებით გადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. Დეტალები იხილეთ ქვემოთ.

გაჩერების ადგილი გასვლის დრო ღირებულება
თბილისი – სამგორი, ნავთლუღის ბაზრობის ავტოსადგური ყოველდღე – 9:00 სთ.; 11:00 სთ; 13:00 სთ; 15:00 სთ; 17:00 სთ; 18:00 სთ 8 ლარი
სიღნაღი – ავტოსადგური, საფეხბურთო მოედნის გვერდით ყოველდღე – 7:00 სთ; 9:00 სთ; 11:00 სთ; 13:00 სთ; 16:00 სთ; 18:00 სთ 8 ლარი

სიღნაღის გალავნის შეახებ

სიღნაღის გალავნის არქიტექტურასა და სტილში ჰარმონიულადაა შერწყმული ფუნქციური დატვირთვა და იმ დროისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა. ნაშენია რიყის ქვით და მცირე რაოდენობით გამოყენებულია აგურის მასალა. დღესდღეობით გალავანს კულტურული და ტურისტული მნიშვნელობა აქვს. მის მოსანახულებლად ჩამოსულ ვიზიტორებს მონოლითური ციხე-გალავნის ხილვის გარდა, მის წინ გადაშლილი ულამაზესი პანორამული ხედები ხიბლავს. გალავანი ქალაქის უსწორმასწორო, ბორცვებიან რელიეფს მიუყვება, რის გამოც მნახველები მას ჩინეთის დიდ კედელს ადარებენ. კედლების გასწვრივ სეირნობისას ქალაქის შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი დატკბებით. სიღნაღის დიდი კედელი, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, საუცხოო ადგილია მზის ჩასვლის საყურებლად. თქვენ წინ გადაშლილი ალაზნის ველის პეიზაჟები ჩამავალი მზის სხივებთან ერთად უამრავ სხვადასხვა ფერად იღებება და გარდაისახება.

სიღნაღის ციხე - Sighnaghi fortress.

ისტორია

სიღნაღის ციხე-გალავნის აგება მეფე ერელე II-ის სახელს უკავშრდება და XVIII საუკუნით თარიღდება. მას თითქმის 40 ჰექტარი უკავია და 4 კილომეტრზეა გადაჭიმული. გალავანს თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა მტრის შემოსევებისას. სწორედ აქ აფარებდნენ თავს მოსახლეობა მიმდებარე სოფლებიდან ომიანობის დროს. ამისთვის გალავნის კედლებში 6 შესასვლელი იყო. შესასვლელები სოფლების სახელებს ატარებდა. მათ შორის იყო „ტიფლისის“ კარიბჭე, რომლიდანაც თბილისთან დამაკავშირებელ გზაზე შეიძლებოდა მოხვედრა. მთელ პერიმეტრზე განლაგებული ყოფილა 23 კოშკი და იმდენივე კონტრფორსი. ყველა კოშკი ატარებდა სახელს იმის მიხედვით, თუ რომელი სოფელი მონაწილეობდა მის მშენებლობაში. გალავნის კედლები ორ იარუსიანია. ამ კედლების სიგრძეთა განსხვავება ქმნის საბრძოლო ბილიკს. კედლებში გამოჭრილია სათოფურები, საიდანაც მტრისთვის ცეცხლის გახსნა შეიძლებოდა. სიღნაღის გალავნის ყველაზე დიდ კოშკში წმ. სტეფანეს ეკლესიაა ჩაშენებული. ამჟამად წმ. სტეფანეს ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლია სიღნაღში. აქედან იშლება წარმტაცი ხედი ქალაქ სიღნაღსა და ალაზნის ველზე.

ღირსშესანიშნაობები

სიღნაღი პატარა ქალაქია, 1500-მდე მაცხოვრებით. ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ერთ დღეში შეგიძლიათ. აქაურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ქვაფენილიანი ქუჩები, ხის ფერად-ფერადი აივნები და აგურისფერი სახურავით დახურული შენობები. ადგილობრივი კულტურისა და ცხოვრების თავისებურებების გაცნობას თუ მოისურვებთ, სიღნაღის მუზეუმს ესტუმრეთ ქალაქის ცენტრში. მუზეუმში დაცულია ოქრომჭედლობისა და ქსოვილთა უნიკალური ნიმუშები, ასევე ნიკო ფიროსმანის რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი. სიღნაღთან ახლოს, სულ რაღაც 2 კილომეტრში მდებარეობს ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი, მის გარშემო გაშენებული უმშვენიერესი ბაღით და ხედებით.

სიღნაღის ციხის კედლები - Sighnaghi fortress walls.

ტურები

თბილისიდან სიღნაღის მიმართულებით ეწყობა ერთ დღიანი ტურები, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ მოინახულოთ სიღნაღის გალავანი, ბოდბის მონასტერი და წყარო, სიღნაღის მუზეუმი. ტურების ღირებულებაში შედის ტრანსფერი კომფორტული ტრანსპორტით და გიდის მომსახურება. სურვილის შემთხვევაში ადგილზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი ღვინო, ტრადიციული კერძები, მიიღოთ მონაწილეობა პურის ცხობის მასტერკლასში და ა.შ.

საინტერესო ფაქტები

სიღნაღის ციხე-გალავანი სიდიდით პირველია ევროპაში, მსოფლიოში კი სიდიდით მეორე – ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ.

გადმოცემის თანახმად, სიღნაღის გალავანში ცოცხლად დაუტანებიათ ადამიანი. ლეგენდა გვამცნობს, ოსტატებმა სწრაფად მიატოვეს ცოდვიანი ადგილი, ხოლო, იმ კედლის ძირში, სადაც კაცი დაატანეს წყარო გადმოდისო.

სახელწოდება სიღნაღი წარმოდგება თურქული სიტყვიდან და თავშესაფარს ნიშნავს.

ქუჩა სიღნაღში - Street in Sighnaghi.