აბასთუმნის ხსენებაზე თვალწინ წარმოგვიდგება მარადმწვანე ფიჭვები, კრისტალურად სუფთა ჰაერი, ღამით მოჭედილი ცა და თვალისმომჭრელად მოელვარე ვარსკვლავები. კურორტზე სიმშვიდესა და ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში აღმოჩნდებით. ისერნებთ ტყეში, აღიდგენთ ძალებს და ისიამოვნებთ კურორტის ყველა ღირსშესანიშნაობით.
აბასთუმანი მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1340 მეტრზე მდებარეობს. კურორტი ცნობილია მისი სამკურნალო პოტენციალით – გოგირდოვანი და მინერალური წყაროებით, მარადმწვანე წიწვოვანი ტყეებით, სამკურნალო მტვრითა და სუფთა ჰაერით.
აბასთუმანი ასევე ცნობილია მისი ობსერვატორიით, რომელიც 1932 წელს დაარსდა და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში.
როშას პარკი აბასთუმანში მაისიდან აგვისტოს ბოლომდე ფუნქციონირებს. მოწყობილია ბავშვთა გასართობი მოედნები, რეზინის და სახტუნაო ბატუტები, კვადროციკლები, ველოსიპედები. აქვე ფუნქციონირებს ღია კაფე სადაც შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.
პარკის ტერიტორიიდან, ობსერვატორიის მიმართულებით, მოძრაობს საბაგირო.
პარკის მიმდებარედ ასვე შეგიძლიათ იქირაოთ ცხენები და დაგეგმოთ საცხენოსნო ტურები.
აბასთუმანი ჩვენი ქვეყნის უძველესი კურორტია. ცნობები მის ჰიპერთერმულ წყლებზე არა მარტო ქართულ, არამედ ირანულ ლეგენდებსა და ახლო აღმოსავლეთის ფოლკლორშიც გვხვდება.
XVII ს-ის დასაწყისიდან, როდესაც აქ თურქები გაბატონდნენ, იქაურობას ცხელი მინერალური წყლების გამო ჩემიკ-ბო-ღაზს ეძახდნენ (ჩემიკ – თბილი, ბოღაზ – ხეობა). დღევანდელი სახელწოდება კი, სავარაუდოდ, ადგილობრივი თავადების აბაზასძეების გვარს უკავშირდება. ახლანდელი აბასთუმნის ადგილას, ჯერ კიდევ, XIV საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე და არსებობდა სახელგანთქმული სამკურნალო წყლები. ოძრხემ XV საუკუნემდე იარსება, მას შემდეგ კი დაბად შემორჩა და მეზობლად მდებარე სოფლის – აბასთუმნის სახელი დაერქვა. ძველ ციხეთა ნანგრევების გარდა დღემდე აქ აღარაფერს მოუღწევია. XVII საუკუნეში, ოსმალების ბატონობისას, აქ თურქული სტილის აბანო მიუწყვიათ. XIX საუკუნის 30-იან წლებში შესაძლებელი გახდა თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა.
აბასთუმნის ღირსშესანიშნაობები
ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი
აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით. აქტიური დასვენების სეზონი მაისში, ე.წ. დამტვერვის, და შემდეგ უკვე ივლისის თვიდან იწყება. ხეობა დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს. გაზაფხულზე ფიჭვის ყვავილობა იწყება. ფიჭვის ყვავილის მტვერი მიმოიფანტება ჰაერში და სუნთქვის დროს ხვდება ფილტვებში, რაც ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ფილტვებისთვის. ჰაერი შეუდარებელია როგორც სამკურნალოდ, ისე რეაბილიტაციისთვის.
აქ არსებული ჰიპერთერმული, სუსტად მინერალიზებული წყაროების გამო იგი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა. მინერალური წყლები არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
რა ვნახოთ აბასთუმანში ?
ამბობენ, რომ აბასთუმანში ყველაზე ახლოს ხართ ცასთან. ეს იმიტომ, რომ აქ ციურ სხეულებზე დაკვირვება აბასთუმნის ობსერვატორიიდან შეგიძლიათ.
კურორტზე შემორჩენილია რომანოვთა ერთ-ერთი რეზიდენციაც, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა გიორგი რომანოვმა.
აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის დალაშქვრა და კოლხეთის სუბტროპიკული ტყეების მონახულება შეგიძლიათ.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მთა ყანობალზე მდებარეობს. აქედან ყოველ უღრუბლო ღამეს მზის სისტემის პლანეტებსა და მათ თანამგზავრებს აკვირდებიან.
ექსკურსიის მოსაწყობად, აუცილებლად წინასწარ დაუკავშირდით ობსერვატორიის ადმინისტრაციას. ციურ სხეულებზე დაკვირვება საღამოს 8 საათიდანაა შესაძლებელი.
ზეკარის უღელტეხილი
ზეკარის უღელტეხილის სალაშქრო გზა აბასთუმნიდან იწყება. უღელტეხილიდან აბასთუმნის ულამაზესი ხედები იშლება. მარშრუტი საფეხმავლოა და 24 კმ სიგრძისაა. სრული გზის გასავლელად 2 დღე დაგჭირდებათ. უღელტეხილზე მოწყობილია ტურისტთა თავშესაფარიც.